საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების ინტოქსიკაციის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. ამის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. „7 სამხედრო მოსამსახურე შეუძლოდ გახდა, მათ მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნათ. შესაბამისად, სამხედრო პოლიციისა და შპს "ქართული კვების კომპანიის" წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, დაწყებულია მოკვლევა. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, ყველაფერი დაზუსტდება და საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ეს მსუბუქი ინტოქსიკაცია" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების კვებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა. „მთლიანად გამოიცვალა მენეჯმენტი. რაც მთავარია, უახლოეს პერიოდში დასრულდება 10 სასადილოს მშენებლობა. შეძენილი იქნება ახალი სამზარეულოები. მომსახურე პერსონალს ახალ ვითარებაში მოუწევს სამუშაოს გაგრძელება. რაც შეეხება ველზე საკვების გატანას, აქაც იყო დიდი პრობლემები - არ იყო გადასატანი ჭურჭელი, შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო ვერ იცავდნენ ტემპერატურას და არა მარტო ჰიგიენას. შესაბამისი აღჭურვილობა ახლა ყველგან შემოტანილია“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი სახის მცირე ინციდენტებსაც კი აღარ ექნება ადგილი.
მინისტრმა სამხედროების ინტოქსიკაციის ძველი ფაქტებიც გაიხსენა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ივნისში 11 სამხედრო მოსამსახურეს მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდა, სამხედრო პოლიციამ აღნიშნულ შემთხვევაზე მოკვლევა დაასრულა. ირაკლი ალასანიას განმარტებით, ამ საკითხს საიდუმლო გრიფი ადევს. მოხდა შესაბამისი ცვლილებები, როგორც გაერთიანებულ შტაბში, ასევე სამინისტროში, შეიცვალა შპს "ქართული კვების კომპანიის“ მენეჯმენტიც.