საქართველოს მომავალი: არანაირი ცვლილება უკეთესობისაკენ

საქართველოს მომავალი: არანაირი ცვლილება უკეთესობისაკენ

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველო უკან მიდის

საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება კრიტიკას ბევრი რამის გამო იმსახურებდა, მაგრამ ხედვის დეფიციტში მას ვერ დაადანაშაულებდი. ათი წლის წინ, იმ დროს 36 წლის მიხეილ სააკაშვილი სათავეში ჩაუდგა ვარდების რევოლუციას და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ნაციონალური ლიდერი გახდა. მისი ქვეყანა, ტრავმირებული, არშემდგარი სახელმწიფო იყო. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში, სააკაშვილმა ის მენტალური რევოლუციის გზით ატარა, განაახლა, გაათავისუფლა საბჭოთა მემკვიდრეობისგან და რუკაზე დააბრუნა. ის ასევე შეებრძოლა და დამარცხდა რუსეთან ომში, ჩაახშო ოპოზიცია, მედიაზე კონტროლი მოიპოვა, ერეოდა მართლმსაჯულებაში და ძალაუფლების მონოპოლიზება მოახდინა.

„ჩვენს აჩქარებულ მცდელობებში რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, შიდა და გარე საფრთხეების ფონზე, შეცდომებიც დავუშვით და ხანდახან გზაც მოვჭერით“, თქვა მიხეილ სააკაშვილმა თავის დასამშვიდობებელ გამოსვლაში გაეროში. ამ შეცდომების ფასი იყო შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხება, კოალიციასთან, რომელსაც 55 წლის მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში და რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. ბევრ ქართველს გაუხარდა, რომ სააკაშვილის მონოპოლია ხელისუფლებაზე დაინგრა.

27 ოქტომბერს, საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რომლის ძალაუფლებაც შეიზღუდება ახალი კონსტიტუციით და ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნება. მაგრამ აღფრთოვანება და იმედი, თბილისში განგაშით შეიცვალა. წამყვანი პრეტენდენტი გიორგი მარგველაშვილია, განათლების ყოფილი მინისტრი, რომლის ყველაზე მთავარი მახასიათებელი – პოლიტიკური გამოცდილების და ამბიციის არქონაა. ბ-ნმა ივანიშვილმა ის აირჩია ირაკლი ალასანიას, პროდასავლელი თავდაცვის მინისტრის ნაცვლად, რომლის საპრეზიდენტო ამბიციებიც აღკვეთა. შემდეგი კანდიდატი ბ-ნი სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძეა, პარლამენტის ყოფილი მშვიდი სპიკერი, რომელიც ცდილობს სიმშვიდის განცდის წარმოჩენას და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 18%-ია.

ბაქრაძეს მოსდევს ნინო ბურჯანაძე, პოპულისტი, რომლსაც ბ-ნი ივანიშვილი სიცოცხლისუნარიან ოპოზიციურ ძალად წარმოაჩენს. ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირე ბურჯანაძე, მის მწვავე ოპონენტად იქცა. მოსკოვთან ურთიერთობების მცდელობისა და თბილისში სასტიკი შეტაკებების შემდეგ, ის თითქოს პოლიტიკურად მოკვდა. მაგრამ დღეს ბევრი ქართველი ღელავს იმის თაობაზე, რომ ბურჯანაძემ თავი წამოყო. მისი თვალშისაცემი კამპანია იზიდავს მათ, ვინსაც მიაჩნია, რომ ივანიშვილი ზედმეტად რბილია სააკაშვილის მიმართ. მართალია, მისი რეიტინგი 10%-ს არ აჭარბებს, თუმცა ის ამბობს, რომ ნებისმიერი შედეგი, რომელიც მისი გამარჯვებით არ დასრულდება, გაყალბებაზე მიანიშნებს. შეიძლება იყოს მეორე ტურიც და მოწოდებები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისაკენ.

თუმცა, გაურკვევლობის მთავარი წყარო, მაინც ივანიშვილია. გასულ თვეში, მან შოკში ჩააგდო ქვეყანა, როდესაც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება და ძალისხმევას მიმართავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ. ივანიშვილის კოალიციის წევრები, მათ შორის პარლამენტის გონიერი სპიკერი დავით უსუფაშვილი, თითქოს მშვიდად არიან. თუმცა, ნერვიულობენ სააკაშვილის მხარდამჭერები. „ივანიშვილს პროცესში დარჩენა, მაგრამ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება უნდა. საფრთხე ის არის, რომ მისი გადადგომა სახელისუფლებო ვაკუუმს შექმნის, რასაც შეიძლება ქაოსი მოჰყვეს“, ამბობს გიგა ბოკერია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ქართველი ამომრჩევლები, რომლებსაც ივანიშვილის სიმდიდრის იმედი ჰქონდათ, თავს მოტყუებულებად მიიჩნევენ: დაახლოებით 70% ამბობს, რომ არ ეთანხმება მის ვადამდელ გადადგომას. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ისეთი დაპირებებით, როგორიცაა კანონის პატივისცემა, სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ მისი მთავარი მოტივი სააკაშვილის და მისი პარტიის მანქანის დანგრევა იყო, ხშირად შერჩევითი სამართლის გამოყენებით. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაპატიმრებულია და ციხეშია დღემდე, რადგან მისი სასამართლო პროცესი მუდმივად იდება. „ერთიანი ნაციონალური მოძღაობის“ რამდენიმე ადგილობრივი გამგებელი ასევე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან ან დააპატიმრეს შეთითხნილი ბრალდებებით.

სააკაშვილის მემკვიდრეობის განადგურების მცდელობისას, ივანიშვილი ანგრევს მმართვის მექანიზმს, ამბობენ მისი ოპონენტები. წინსვლა არ არის არც იმ მიმართულებით, რაც ქართველებს აწუხებთ, მათ შორის სამუშაო ადგილების და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. ეკონომიკის განვითარება შეფერხებულია, უცხოური ინვესტიციები კი იწურება და რუსი ჯარისკაცები ახალ საზღვრებს ავლებენ მავთულხლართებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე გაიზარდა. ორი პოლიტიკური ტოკ-შოუ ეთერიდან მოხსნეს. ბოლოდროინდელ შეხვედრაზე ქართველ ჟურნალისტებთან, ივანიშვილი თავს დაესხა მათ და უსაყვედურა მოვლენების კრიტიკული გაშუქებისათვის. (ივანიშვილმა და მისი მინისტრების უმრავლესობამ Economist-ს ინტერვიუზე უარი უთხრეს).

ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ივანიშვილმა გააღვიძა ქართული საზოგადოების ზოგიერთი ბნელი ძალები, მათ შორის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტები და ნახევრად კრიმინალური ჯგუფები, რომლებმაც ახლახანს მოაწყვეს მახინჯი ანტი-გეი შეტაკებები „ტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებების“ დაცვის სახელით გარყვნილი დასავლური გავლენების წინააღმდეგ. ანტისომხური და ანტიმუსლიმანური რიტორიკა იზრდება. ციხეებიდან გასამართლებული კრიმინალები გამოუშვეს, რომლებიც ქვეყანაში დაძრწიან.

„ყველაფერი რის წინააღმდეგაც ვიბრძოდით, დაბრუნდა. ჩვენ დავიღალეთ წინა მთავრობისგან, მაგრამ ის რაც მივიღეთ, ნამდვილად არ არის უკეთესი“, ამბობს შორენა შავერდაშვილი, პოლიტიკური ჟურნალის „ლიბერალის“ რედაქტორი. ბევრ ახალგაზრდა, დასავლეთში განსწავლულ ქართველს აქვს იმის განცდა, რომ მათი ქვეყანა უკან მიდის. ივანიშვილის მხრიდან გასული ათი წლის მიღწევების წარუმატებლად წარმოჩენა, მათი მძიმე შრომის შეურაცხყოფაა. ათი წლის წინ, ბევრი ნიჭიერი ქართველი ექსპატრიატი ოპტიმიზმით სავსე დაბრუნდა ქვეყანაში. ახლა, იგივე ხალხი ქვეყნის დატოვებაზე ლაპარაკობს.

foreignpress.ge