ქართული საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს. მთავრობა პოზიციის გადახედვას არ ჩქარობს, ბოიკოტირების საკითხზე კი, ონლაინ ხელმოწერები გროვდება და ამ დროისთვის, პეტიციას შვიდი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
მოქალაქეთა შეფასებით, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, „როდესაც, რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას არღვევს და საოკუპაციო ზოლის გადმოწევას ახდენს“.
პეტიციის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით, სხვადასხვა სახის ღონისძიება - მათ შორის მშვიდობიანი აქციებიც დაიგეგმოს.
თუ რას ფიქრობენ ხელისუფლებაში სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების საკითხზე, for.ge პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, შოთა ხაბარელს ესაუბრა:
ხელისუფლება აპირებს თუ არა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხს გადახედოს?
ეს საკითხი, დღის წესრიგში არ დგას. თუ თამაშების პოლიტიზირება მოხდება, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა გააკეთა, ქართული მხარე საკითხს გადახედავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება ბოიკოტს, ეს თემა ძალიან მტკივნეულია. ვიცი, თუ რას გრძნობენ სპორტსმენები და მწვრთნელები. 80-იანი წლები მახსენდება, როდესაც თამაშებისთვის ვემზადებოდით. 1984 წელი ურთულესი იყო, როცა საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში წასვლაზე უარი განვაცხადეთ. თამაშებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, როცა გვითხრეს, ვერ წავიდოდით. მაშინ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სანქციები არ გამოუყენებია, რადგან ეს პირდაპირ ასოცირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან. აქედან გამომდინარე, თამაშებში ბევრმა ქვეყანამ მონაწილეობა არ მიიღო. მაშინ, ეს პროცესები ბოიკოტის რეჟიმით დამთავრდა, მაგრამ მერე შეთანხმდნენ, რომ პროტესტის ეს ფორმა ყოვლად მიუღებელია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ეს არის მშვიდობისა და მეგობრობის დამყარების ორგანიზაცია და ბოიკოტის გამოცხადება სწორი არ იქნება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, თუმცა, რაღაც დოზით, სპორტი ასოცირებულია პოლიტიკასთან.
ანუ, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ?
თამაშებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მივიღოთ, თუ გავათცნობიერეთ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ბოიკოტს.
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
ძალიან ცუდი შედეგები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა, შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოიტანოს, რომ საკუთარი რიგებიდან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი გარიცხოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთ ოლიმპიადას გამოვტოვებთ. ანუ, თამაშებში მონაწილეობას რვა წელი ვერ მივიღებთ. ეს კი ქართული სპორტის განვითარებისთვის მტკივნეული იქნება.
თუმცა, საქართველო პროტესტს უცხადებს არა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, არამედ რუსეთს. ქართული საზოგადოება აპროტესტებს ოკუპაციას, ჩვენს ტერიტორიებზე ახალი მავთულხლართების გაბმას და ა.შ. ანუ, ეს პოლიტიკურ საკითხად არ აღიქმება?
ამ შემთხვევაში, პროტესტს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ვუცხადებთ და ისევ პოლიტიკურ ჭრილში გადავდივართ. ამ საკითხს, სხვა მხრიდან უნდა შევხედოთ და უნდა ვეცადოთ, რომ უარესი სიტუაცია არ მივიღოთ. ის ფაქტი უნდა გავითლისწინოთ, რომ სპორტს თავისი დანიშნულება აქვს და ეს პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ. მავთულხლართებისა და მეჩირაღდნე „გმირის“ ფაქტორი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ცალსახად გამოაცხადა, რომ ამ თამაშების პოლიტიზება თუ მოხდება, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ბოიკოტი იყოს?
საზოგადოების განწყობა გასაგებია, მაგრამ ჩვენც საზოგადოების ნაწილი ვართ. ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, მაგრამ ცივი გონებით უნდა ვიფიქროთ. აღელვებულ ნიადაგზე წარმოებულმა რიტორიკამ რა მოგვიტანა, ვიცით. პატარა ქვეყანა ვართ და საკუთარ თავს თავად უნდა მოვუფრთხილდეთ. თუ იმ ხიდსაც ჩავტეხთ, რომელიც ნელა-ნელა აღდგენის პროცესშია, რთულ პროცესებში შევალთ. რუსეთთან ურთიერთობა რამენაიარდ უნდა დავიწყოთ და გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ.
თქვენ საუბრობთ იმაზე, ბოიკოტის შემთხვევაში, ქვეყანას თუ რას სანქციებს დაუწესებენ, მაგრამ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, რას მივიღებთ?
პოლიტიკურად ვერანაირ დივიდენდებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ბოიკოტით, ქართულ სპორტის განვითარებას დავაზიანებთ. თუ იმას გავითვალისწინებთ, ამ ცხრა წლის განმავლობაში, ქართულმა სპორტმა თუ როგორი უკუსვლა განიცადა, მივხვდებით, რომ ზომიერები უნდა ვიყოთ. ამ პროცესებით, ბევრი დაზარალდა და უნდა ვეცადოთ, რომ ქართული სპორტი საერთოდ არ მოვსპოთ.
როგორც მწვრთნელი მიიჩნევთ, რომ ბოიკოტი არ უნდა გამოვაცხადოთ, მაგრამ როგორც დეპუტატი და მოქალაქე არ ფიქრობთ, რომ საკითხის პოლიტიზირებას თავად მოსკოვი ახდენს. არ ფიქრობთ, რომ მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის „გმირის“ დაყენება, უკვე პროვოკაციაა?
დასაფიქრებელი ისაა, თუ ვის აწყობს ეს პროვოკაცია. ეს სპეციალიურად წამოწეული თემაა და ამას ანალიზის გაკეთება სჭირდება. ეტყობა, ეს სადღაც დაიგეგმა და ამ პროცესს ზუსტი განსჯა სჭირდება.