პარლამენტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს სავარაუდოდ, ნოემბერში დაუბრუნდება. პროექტზე მსჯელობა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ აღარ გაგრძელებულა, რაც, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის, გია ვოლსკის განცხადებით, მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით არის გამოწვეული და მმართველ გუნდს ინიციატივის დამტკიცებაზე უარი არ უთქვამს.
საუბარია პაატა ზაქარეიშვილის უწყების მიერ პარლამენტში წარდგენილ პროექტზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მაისის თვეში - უმცირესობასთან საკმაოდ ხანგრძლივი დებატების და რამდენიმე დღიანი განხილვების შემდეგ დაამტკიცა. ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა.
„კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რაც აბსოლუტურად ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა. პარლამენტის დღის წესრიგში იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს ითხოვდა და კანონპროექტების მიღება პრიორიტეტულობის ნიშნით მოხდა. აღნიშნული პროექტის განხილვა საკმაოდ დიდ დროს წაიღებდა და, აქედან გამომდინარე, მისი განხილვა გადაიდო.
იმედია, მას ნოემბერში დავუბრუნდებით. წარმოდგენილ ინიციტივასთან მავთულხლართები არაფერ შუაშია. მასში წარმოდგენილია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ორი გადაწყვეტილება - საჭიროა, ქვეყანა იყოს სამართლიანი მაშინ, როდესაც საქმე ეხება საზღვრების დარღვევას და მეორე, თუკი საქართველოს ინტერესებს შეესაბამება, საქართველოს მთავარობამ შეიძლება, განიხილოს საქართველოში იმ ადამიანის ჩამოსვლის საკითხი, რომელიც იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კანონპროექტი აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს", - განუცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე განმარტებით, პროექტში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანი, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრებთან მიმართებაში დაწესებული რეჟიმის შესახებ არ იცის, პირველივე შემთხვევისას სისხლის სამართლის დამნაშავედ არ იყოს ცნობილი.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.
შესაბამისად, პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის პირველად დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის გამეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება.
გარდა ამისა, პროექტით განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაიცეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ.
კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.
პარლამენტმა კანონს პირველი მოსმენით უკვე უყარა კენჭი, თუმცა უმცირესობის ინიციატივით, მასზე მუშაობა და კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, სამარცხვინო და შეურაცმყოფელია ამ კანონპროექტზე მუშაობის განახლება, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილია ის პრობლემები, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში არსებობს.
„იმის ფონზე, რაც ხდება დიცსა და დვანში, კანონპროექტზე მუშაობის განახლება უბრალოდ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. როგორც იქცევიან რუსი ოკუპანტები დიცსა და დვანში კარგად იცის ქართველმა ხალხმა. კანონში წერია, რომ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის პიროვნება შეიძლება, დაჯარიმდეს 400 ლარით, რაც უბრალოდ სასაცილოა, ამიტომ ამ კანონზე მუშაობის განახლება უბრალოდ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - აცხადებს სერგო რატიანი.
საპარლამენტო უმრავლესობაში არ ადასტურებენ, რომ კანონპროქტზე მსჯელობა საოკუპაციო ხაზის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გადაიდო. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაატა ზაქარეიშვილის კანონპროექტი შესაძლოა გამოწვეული იქნას. იტყვის თუ არა უარს მმართველი გუნდი ინიციატივის დამტკიცებაზე, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
ექსპერტი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა თავიდანვე გაუგებარი მოქმედება იყო, ვინაიდან, მისი თქმით, არაფერი ოკუპაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არ შეცვლილა.
„იმ დროისთვისაც, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ცვლილება შეეტანათ კანონში არაფერი არ იყო შეცვლილი. დღეს მითუმეტეს, რომ გაუარესებულია მდგომარეობა, არათუ გაუმჯობესებულია. ამიტომ, ასეთ პირობებში ცალმხრივი ქმედება ოკუპაციის კანონის შესუსტება თუნდაც უმნიშვნელო, გაუმართლებელი ჟესტია რუსეთთან მიმართებაში. რომელმაც არც ერთი ჩვენი პოზიტიური ჟესტი არ აღიქვა ადექვატურად და პირიქით, აგრესიით გვიპასუხა“, - აცხადებს ხოშტარია.
მისივე შეფასებით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა იქნება ის გაუმართლებელი დათმობა, რომელიც დააზიანებს ქვენყის ინტერესებს.
„შინაარსობრივად პატარა ცვლილება შედის ამ კანონში, მაგრამ პრინციპულად ნებისმიერი სახის შესუსტება უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი, დღეს არის გაუმართლებელი პოლიტიკური ჟესტი რუსეთის მხრიდან. რეალურად ოკუპაციის პირობები არ შეცვლილა, პირიქით გაუარესდა და ჩვენი ეს ქმედება იქნება სრულიად არაადექვატური“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.