ხვანჭკარას პოლიცია დაიცავს

ხვანჭკარას პოლიცია დაიცავს

“ეს ღვინო სახელმწიფოს საკუთრებაა, მისი რეგლამენტიც მკაცრად არის განსაზღვრული და დადგენილი. სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, სწორად გააკეთოს ამის ადმინისტრირება და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ევალება კიდევაც, რომ ადგილწარმოშობის წარმოების ღვინოების ხარისხი კარგად გააკონტროლოს”, - ეს განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა უშუალოდ რაჭიდან გააკეთა, სადანაც რთველის დასრულებამდე ფეხსაც არ მოიცვლის. გარდა ამისა, რაჭვულ რთველში აქტიურად ჩაერთვება პოლიციაც, რომელიც წესრიგთან ერთად მიასაც მიადევნებს თვალყურს, რომ ხვანჭკარის დამამზადებელი ნედლეულის ფალსიფიკაცია არ მოხდეს.

რაჭაში რთველის მიმდინარეობაზე უმკაცრესი მონიტორინგი განხორციელდება და ჯიშების აღრევის თავიდან ასაცილებლად, პროცესში სამართალდამცავებიც ჩაერთვებიან. დავითაშვილის შეფასებით, რაჭის რთველი ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ რაჭა ხვანჭკარას სამშობლოა.

“ხვანჭკარა არის ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი რუსეთში, უკრაინაში, დსთ-ს ქვეყნებში. იგი შეზღუდული რაოდენობით მოდის და ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რამდენად არის ნამდვილი საქართველოში წარმოებული ხვანჭკარა. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მევენახეებს, გლეხებს, რომელთა სურვილია, დაცული იყოს ის ღირსება და სახელი, რასაც ხვანჭკარა ჰქვია.

ამიტომ, ვეცდებით, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განვახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი რთველის მიმდინარეობის პროცესში. ჩვენი სააგენტო აღრიცხავს ჩაბარებულ თითოეულ კილოგრამ ყურძენს, რათა არ დავუშვათ სხვა წითელი ყურძნის შემოდინება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მონიტორინგი რთველის მიმდინარეობის პროცესში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება. “ეს კეთდება, რათა არ მოხდეს ჯიშების აღრევა, ჯიშური სიწმინდის დარღვევა და მკაცრი ადმინისტრირებით მივიღოთ ნამდვილი “ხვანჭკარა”, რომელიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ღვინოა. იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარიმართოს, იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და სწორი ადმინისტრირება მაღალ დონეზე შესრულდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ჩართული”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა “ინტრეპრესნიუსთან” საუბრისას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჭაში იმყოფება და რომ რთველის მიმდინარეობის პროცესს მთელი კვირის განმავლობაში უშუალოდ უხელმძღვანელებს.

ხვანჭკარა, ღვინის კანონმდებლობის მიხედვით, ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოა და კანონით, ხვანჭკარა მაღალი ხარისხის ღვინოებშია შესული, შესაბამისად, წინა წლებისგან განსხვავებით, მის წარმოებაზე კონტროლი დაწესდება.

“განისაზღვრება ზუსტი რაოდენობრივი სანედლეულო ბაზა ხვანჭკარის დასამზადებლად და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება საუბარი იმაზე, რამდენად ნამდვილია ხვანჭკარა და მზადდება თუ არა რაჭაში მოწეული ყურძნისგან”, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, პროცესზე პოლიციის მეთვალყურეობა ახალი არ არის, რადგან მსგავსი ტიპის მონიტორინგი სამართალდამცავებმა კახეთში რთველის მიმდინარეობის დროსაც განახორციელეს. “რაჭასთან მიმართებაში ახალი არაფერი ხორციელდება. პროცესს თითოეულ საწარმოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი ზრუნავენ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე, რადგან ყურძნის ჩაბარებას თან სდევს რიგები და მრავალი ადამიანის ჩართულობა”, - განმარტა დავითაშვილმა. 

წლეულს რაჭაში 900 ტონა ხვანჭკარას დამამზადებელ ყურძენს ელოდებიან, სადანაც დაახლოებით 600 ათასი ბოთლი ღვინო დამზადდება. ხვანჭკარა 2 ჯიშის - ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით მზადდება.