პარლამენტში “მიწის მოცდენის” გადასახადზე ფიქრობენ

პარლამენტში “მიწის მოცდენის” გადასახადზე ფიქრობენ

ვინც მიწას არ დაამუშავებს, კეთილი ინებოს და ქონების გადასახადი გადაიხადოს. თუკი სახელმწიფო მიწაზე მოყვანილი პროდუქციით ვერ ხეირობს, მაშინ ბიუჯეტმა მიწის მოცდენის გადასახდით მაინც იხეიროს, - ასეთი აზრი პალამენტში უკვე გაჩნდა და შეიძლება მალე კანონადაც იქცეს.

5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მფლობელებს, შესაძლოა,ქონების გადასახადის გადახდა მოუწიოთ. პარლამენტის აგრარულსაკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მიწის რამდენიმე წლით დაუმუშავებლობის შემთხვევაში, მიწის მფლობელებს გადასახადი დეკისრებათ.

ამჟამად, 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებიგადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან, 5-ზე ზევით კი, იხდიან გადასახადს იმ განაკვეთების მიხედვით, რომელიც სხვადასხვა რაიონების მიხედვით განსხვავებულია.

“რეგიონებში ბევრს დავდივარ და ვხედავ საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებს, რომლებიც წლებია არ დაუმუშავებიათ. ეს ბუნებრივია, ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებში არ შედის. ამიტომ ვამბობ, თუ პირველ წელიწადს მიწა არ დამუშავდება, ანუ ანეულად რჩება, მოდით, არ გადავახდევინოთ გადასახადი, ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე წელსაც თუ არ დაამუშავა, მაშინ სტანდარტული გადასახადი გადავახდევინოთ”, - განაცხადა აგულაშვილმა.

რამდენად არის გამოსავალი მცირემიწიანი ფერმერების ასამოქმედებლად ქონების გადასახადის შემოღება, რთული სათქმელია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობა სულ უკან-უკან წავიდა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა იყო მიწათმოქმედების კუთხით. ქვეყანაში, სადაც 800 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, ბოლო დროს 200 ათასზე ოდნავ მეტი თუ მუშავდებოდა. გამოდის, რომ მიწების 75% უქმად იყო მიგდებული და მოცდენილი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორია მოიცავს 7 მილიონ 628 ათას 400 ჰექტარს, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს 3 მილიონ 25 ათას 800 ჰექტარი, ანუ 39,7%) მათგან დიდი ნაწილი საძოვრებისთვის არის განკუთვნილი. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 29 321,6 ჰექტარი უცხოელებზეა გაყიდული.

მიწის დამუშავების მხრივ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა მას შემდეგ, რაც მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა 192 ათასი ჰექტარი. სულ კი მიმდინარე სეზონზე მოიხნა და დაითესა 310 ათასი ჰა ფართობი.

გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარა 710 ათასზე მეტ მცირემიწიანი ფერმერს და ჯამურმა თანხამ 195 მლნ ლარს გადააჭარბა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტზეც. 

“2013 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, პირველ კომპონენტში 2 700-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 1.1 მლნ ლარის სასაქონლო განვადება; მე-2 კომპონენტში 2 900-მდე ბენეფიციარზე გაცემულია 57 მლნ ლარზე მეტი კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში 226 ბენეფიციარზე გაიცა 29 მლნ დოლარის კრედიტი”, - განაცხადა აგულაშვილმა.

2013 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა. მაგალითად, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 52%-ით გაიზარდა და 55 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ყურძნის ნატურალური ღვინოების - ექსპორტი 47%-ით გაიზარდა და 47 მლნ დოლარი შეადგინა.