საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუტქურის განვითარების სამსახურის უფროსი, 1955 წელს დაბადებული თამაზ შალვას ძე მაჩხანელი და ქრთამის აღებაში დამხმარე მოქალაქე, მცხეთის სპორტული სკოლის დირექტორის მოადგილე ვაჟა გ. დააკავეს.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული თამაზ მაჩხანელი თანამდებობრივი უფლებამოსილების და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, შუამავალ ვაჟა გ-ს მეშვეობით და დახმარებით, კორუფციულ გარიგებაში შედიოდა პირებთან, რომლებსაც სურდათ მცხეთაში მშენებლობისათვის საჭირო ნებართვის მიღება და სამშენებლო სამუშაოების წარმართვა; იგი დაინტერესებულ პირებს ჰპირდებოდა, რომ სამსახურებრივ მფარველობას გაუწევდა და საშუალებას მისცემდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტერიტორიაზე მშენებლობა დაეწყოთ კანონით სავალდებულო სამშენებლო ნებართვისა და პროექტის დამტკიცების გარეშე,რისთვისაც მან მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ქრთამის სახით 400 ამერიკული დოლარი აიღო.
გამოძიებას ქართამის აღების ფაქტზე შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.