ასოციაცია “კანონი ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც ამავდროულად საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრია, რამდენიმე წყაროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ 24 აგვისტოს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დაგეგმილია ახალი კონსტიტუციის მიღება.
ზაქარია ქუცნაშვილი: ჩემი ინფორმაციით, 2010 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 15 წლისთავზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელშეწყობით, ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ახალი კონსტიტუციის მიღებას აპირებს.
რამდენად სარწმუნოა თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია?
– ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან მაქვს. კერძოდ, ჩემი ინფორმაციით, მიუნხენიდან დაბრუნებული სახელმწიფო კომისია, 19 ივლისს პროექტის მომზადებას დასრულებულად გამოაცხადებს და მას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს, რომელიც მათეულ კონცეფციას 20 ივლისს საქართველოს პარლამენტში შეიტანს. პარლამენტი ჯერ დათხოვნილი არ არის – პარლამენტის ბიურო მუშაობას აგრძელებს; პარლამენტის სხდომას ჩაატარებენ და შესაბამისად, ახალი კონსტიტუციის პროექტი საყოველთაო სახალხო განხილვისთვის გამოქვეყნდება, რათა 24 აგვისტომდე ერთთვიანი პროცედურა გავლილად ჩაითვალოს.
თქვენი აზრით, რატომ შეარჩიეს ასეთი პერიოდი, ახალი კონსტიტუციის მისაღებად?
– ეს ამ ხელისუფლების მმართველობის სტილია – 2004 წლის თებერვალში, როდესაც პირველად, ძირეულად ხელყვეს საქართველოს ძირითადი კანონი, კონსტიტუცია, მაშინაც არ იყო აუცილებელი ცვლილებების შეტანა, მაგრამ უბრალოდ, მომავალ არჩევნებამდე რამდენიმე წლით ადრე, ხელისუფლების შენარჩუნებას საფუძველი ჩაუყარეს და ახლაც, რამდენიმე წლით ადრე უყრიან საფუძველს, არსებული ძალაუფლების შენარჩუნებას, ან არსებული ძალაუფლების ტრანსფორმაციას.
აგვისტო იმის გამოა შერჩეული, რომ ერთის მხრივ სიმბოლურ თარიღებზე გართულებების მქონე პოლიტიკოსებმა დაამთხვიონ თარიღი და 15 წლისთავზე საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღება გამოაცხადონ, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ყველაზე პასიური პერიოდი იმისათვის გამოიყენონ, რომ ახალი კონსტიტუციის უვარგისობასთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტი მასობრივი არ იყოს.
რითია უვარგისი კონსტიტუცია, რომლის მიღებას აპირებენ?
– ცვლილებებს, რასაც ახალ კონსტიტუციას დაარქმევენ, თავისი არსით ძალაუფლების ცენტრი პრეზიდენტის ხელიდან გადააქვს პრემიერ–მინისტრის ხელში და ადგილმონაცვლე ძალაუფლებასთან აქვს საქმე; ანუ ძალაუფლება ადგილს შეიცვლის. სხვა არანაირი თვისობრივი ცვლილებები ამ კონსტიტუციას არ მოაქვს, ხალხის ისეთი ძირითადი პრობლემების გადასაწყვეტად, მაგალითად, როგორიცაა ოპოზიციის როლის გაძლიერება, არა კოსმეტიკური, არამედ, თვისობრივი თვალსაზრისით.
კოსმეტიკური ცვლილებებია: იუსტიციის საბჭოში 1 ოპოზიციონერის შეყვანა; პირველი არხის 15–კაციან სამეურვეო საბჭოში, კრიტიკულად განწყობილი 2 ადამიანის შეყვანა და ასე შემდეგ. ეს ხომ კოსმეტიკური ცვლილებებია, რომლითაც ოპოზიციური წარმომადგენლობა, ხელისუფლების საქმიანობაზე ვერანაირ თვისობრივ ცვლილებებს ვერ მოახდენს?!
გარდა ამისა, კონსტიტუციას იმიტომ ჰქვია ძირითადი კანონი, რომ მან ქვეყნის ძირითად პრობლემებს უნდა უპასუხოს და ძირითადი პრობლემები მხოლოდ ხელისუფლების განშტოებათა ფორმირებაში არ მდგომარეობს; ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია: განათლებასთან, შრომით უფლებებთან, მედიასთან, სასამართლოსთან, გამოძიებასთან, საკუთრებასთან, არჩევნებთან. ქვეყნის ძირითადი კანონი, არც ერთ ამ საკითხს არ პასუხობს და მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილებას ეხება, ხოლო ყველა სხვა ცვლილება კოსმეტიკური ხასიათისაა.
შეძლებს თუ არა სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში ყოფნის გახანგრძლივებას, ახალი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში?
– ადგილმონაცვლე ძალაუფლების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სააკაშვილს სრული საშუალება ექნება, პრემიერ–მინისტრი გახდეს და თქვას – მე კონსტიტუციას არ ვარღვევ; ლეგიტიმური პრემიერ–მინისტრი ვარ, იმის გამო, რომ ჩემი პარტია ხალხში პოპულარულია და მას ხალხი მხარს უჭერსო.
თუ ეს ცვლილებები “ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერის მორიგი 10 წლით ხელისუფლებაში დატოვებას არ ემსახურება, მაშინ კეთილი ინებონ და ჩადონ ის შეზღუდვა, რომელიც კონსტიტუციურიც არის და სამართლიანიც – ცვლილებებში ჩაწერონ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მინიმუმ 5 წლის ვადით ეზღუდება პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება. თუ ყოფილ პრეზიდენტს პარლამენტარობა, ან მინისტრობა მოუნდება, კი ბატონო, იყოს რიგითი დეპუტატი, ან რიგითი მინისტრი.
რამდენი პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება ახალი კონსტიტუციის მიღებას?
– ცნობილია, რომ 150 პარლამენტარიდან ხელისუფლებას 130–ის მობილიზების რესურსი გააჩნია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, 101–ს შეგროვება იქნება საჭირო, იმისთვის რომ 24 აგვისტოს საზოგადოებაზე მორიგი ძალადობა განხორციელდეს, კერძოდ, იმით, რომ მათ ზურგს უკან ვითონ საჯარო განხილვის გზით, ვითომ ფართო მსჯელობის შედეგად, მიიღონ ის ძირითადი კანონი, რომელიც ძირითად პრობლემებს საერთოდ არ პასუხობს.
დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს; ისეთ ჯგუფებს არ ვგულისხმობ, რომლებიც უკვე ხელისუფლებასთან არიან შერწყმულები; ძირითად საპარლამენტო ოპოზიციაში “ქრისტიან–დემოკრატებს“ ვგულისხმობ.
რა ეტაპზეა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ, ახალ, ალტერნატიულ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესი?
– საკონსტიტუციო კომისიამ კონცეფციაზე მუშაობა დაასრულა; განვრცობილი კონცეფცია დაბეჭდილია და საზოგადოებრივ ექსპერტიზას გადის, რაც გამოიხატება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებთან შეხვედრებში. ჩვენ შევხვდით: “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს“, გაერთიანებულ პროფკავშირებს, “ახალ მემარჯვენებს“, “ეროვნულ ფორუმს“.
ამ თვეში უამრავი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი; გვინდა რომ საზოგადოებრივი კომისიის მიერ მომზადებული კონცეფცია, განხილული და შეჯერებული იყოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომ ჩვენ მართლაც ფართო შეთანხმების საფუძველზე შევძლოთ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, საერთო ნიადაგის საფუძველზე შევქმნათ ძირითადი კანონი, რომელიც არა მარტო ხელისუფლების ყოფით პრობლემას უპასუხებს, არამედ ყველა ძირითად საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ.