გულში მჯიღდაცემულნი და კმაყოფილნი

გულში მჯიღდაცემულნი და კმაყოფილნი

სოჭის ოლიმპიადამდე საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ საქართველოში უკვე აქტუალურია თემა - უნდა გამოვუცხადოთ თუ არა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. არასამთავრობო სექტორი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით პეტიციის მომზადებას გეგმავს და როგორც  „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აცხადებს, შესაძლოა, მშვიდობიანი ხასიათის აქციებიც დაიგეგმოს.

„შემდეგი სახის ღონისძიება ალბათ ეს იქნება მშვიდობიანი ხასიათის აქცია. ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ღონისძიება დაგეგმილი არ არის, თუმცა თუ საზოგადოებაში ამის მოთხოვნილება და საჭიროება იქნება ამასაც გავაკეთებთ“, - განცხადა ნინო ლომჯარიამ.

ონლაინ პეტიციაზე, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით მომზადდა,  ამ დროისთვის 200-მდე მოქალაქის ხელმოწერა არსებობს.

როგორც არასამთავრობოები განმარტავენ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა ონლაინ პეტიცია, გამოხატავს არა მხოლოდ არასამთავრობოების პოზიციას, არამედ განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.

როგორც ლომჯარია აცხადებს, პეტიციის ავტორების აზრით რუსეთმა უკვე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საკმარისზე მეტი მიზეზი ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას.

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს წასვლა-არ წასვლის თემასთან დაკავშირებით  პარლამენტარი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოზიციას აფიქსირებს, რომლის თანახმადაც, სოჭის ბოიკოტს შეუძლია მთავარი იარაღი წაგვართვას რუსეთთან ურთიერთობაში და თუ უარს ვიტყვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

„სოჭის ბოიკოტს შეუძლია მთავარი იარაღი წაგვართვას რუსეთთან ურთიერთობაში. პირველად ამ წლების მანძილზე საქართველო დარჩება მარტო საკუთარ პროტესტსა და ბოიკოტში, თუმცა კი გულში მჯიღდაცემული და კმაყოფილი. არჩევანი ჩვენზეა“, - წერს ხიდაშელი.

ექსპერტი კოტე ჟღენტი თვლის, რომ თავიდან, 2007 წელს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე საქართველოს მთავრობას უარი რომ ეთქვა, მაშინ სხვა იქნებოდა, დღეს კი უარი სხვა დატვირთვის მატარებელი იქნება.

„ინფორმაცია მაქვს, რომ იმ ორი ხმიდან, რომელიც აკლდებოდა რუსეთს სოჭის ოლიმპიადის გამართვაზე, ერთი ხმა მონაკოს პრინცისგან მიიღო და მეორე - საქართველოს დელეგაციისგან. მაშინ მე უნგრეთში ვმსახურობდი, დიპლომატიურ სამსახურში, მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩამოვიდა, საკმაოდ მაღალჩინოსანი. როდესაც ვკითხე, რატომ მიეცით-მეთქი ხმა აგრესორს, მიპასუხა, სოჭის ოლიმპიადაზე ყურადღებას გადავიტანთ და ამასობაში აფხაზეთში რაღაცეებს მოვაგვარებთო. ასე რომ, გადაწყვეტილება მაშინ იყო მიღებული და თუ უარი იყო სათქმელი, ეს უარი საქართველოს მაშინდელ მთავრობას უნდა ეთქვა. მაშინ უნდა ელაპარაკათ, რომ რუსი აგრესორი იყო. განა 2008 წლამდე არ ჰქონდათ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული“? - აცხადებს კოტე ჟღენტი.

ექსპერტი ელენე ხოშტარია არა ყოფილი, არამედ დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს ხედავს და თვლის, რომ ყველაფრის თავი და თავი ხელისუფლებაში ერთიანი პოზიციის არარსებობაა. 

„როდესაც ხელისუფლება ასე აყენებს საკითხს, რომ ემოციურია გადაწყვეტილება ბოიკოტირების შესახებ, აქ ემოციებზე არ არის ლაპარაკი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პრაგმატულად ჩვენს ინტერესებს არ პასუხობს.

მეორე რაც პრობლემაა, ეს არის თავად ხელისუფლებაში ჩამოუყალიბებელი პოზიცია. გამოდის ერთი მინისტრი და ამბობს, რომ ეს არის ჩხირკედელობა და არ ღირს ყურადღების მიქცევა, გამოდის მეორე მინისტრი და ამბობს, რომ უნდა შევეგუოთ, შემდეგ ქვეყნდება მთავრობის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიზირების შემთხვევაში ჩვენ გადავხედავთ პოზიციას. როგორც მინიმუმ, მთავრობას უნდა ჰქონდეს ერთიანი პოზიცია ამ საკითხში“,- მიიჩნევს ხოშტარია. 

ელენე ხოშტარია თვლის, რომ არც ბოიკოტია თვითმიზანი და არც ოლიმპიადაში მონაწილეობა, მთავარი არის ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვა.

„ბუნებრივია, ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, რომლის პოლიტიზირებასაც ახდენს რუსეთი და რომლის გამოყენებასაც აპირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების  ლეგიტიმაციისთვის (ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს), ასეთ ოლიმპიადაში უპირობოდ მონაწილეობა ნიშნავს, რომ ამით ხელს ვუწყობთ რუსეთის ინტერესებს. საერთაშორისო რეაგირების მობილიზებასაც კი ვერ ვახერხებთ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ჩვენ თვითონ თვალს ვხუჭავთ იმ ყველაფერზე, რაც ხდება“, -აცხადებს ელენე ხოშტარია.

ხოშტარია თვლის, რომ მიზანია, დღეს, როდესაც ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ოლიმპიადამდე, საერთაშორისო საზოგადოებას ძალზე მწვავედ და ინტენსიურად მივმართოთ, ვუთხრათ, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს. უნდა მოვუწოდოთ, რომ შესაბამისად, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მან ვერ მოახერხოს ამ თემის პოლიტიზირება.

„ამით რუსეთი არღვევს საერთაშორისო ოლიმპიადის სტანდარტებსა და ნორმებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბერკეტი და თუ მაინც ვერ მოხდება რუსეთის პოზიციის შეცვლა ოლიმპიადაში მონაწილეობა იქნება ჩვენი ინტერესების საზიანო“,- მიიჩნევს ელენე ხოშტარია.

კოტე ჟღენტის შეფასებით, როდესაც სახელმწიფო რაღაც გადაწყვეტილებას იღებს, უნდა გაითვალოს, რას მოუტანს ან რას დააკლებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯი.

„ახლა რომ ბოიკოტი გამოვაცხადოთ, უნდა ვიცოდეთ, რას მოუტანს ეს სახელმწიფოს. ვფიქრობ - არაფერს, მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესს დააკმაყოფილებს, რომელიც გაეროდან ჩამოსულ მიშა სააკაშვილს დახვდა აეროპორტში პლაკატებით, რომ აი, რა მაგრად აგინა რუსეთს. შეგვმატა ამან რამე? ტეროტორიები დაგვიბრუნა? ჩვენი პოზიციები გაამყარა?! - ეს ბოიკოტიც არაფერს არ მოგვცემს“- აცხადებს კოტე ჟღენტი.

მისივე შეფასებით, ამ ყველაფერს მეორე მხრიდან თუ შევხედავთ სხვა სურათი გამოიკვეთება, რომელიც საქართველოს სამომავლოდ სასიკეთოდ წაადგება. 

„დავუშვათ, არ გამოვაცხადეთ ბოიკოტი და ყველაფრის მიუხედავად, რასაც რუსეთი აკეთებს, მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენი პოროტესტები რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ისედაც ცნობილია, ამის მიუხედავად ჩვენ რომ მაინც მივიღოთ მონაწილეობა, ეს პლუსი იქნება საერთაშორისო საზოგადოების თვალში, იმ ქვეყნების თვალში, რომლებიც თვითონვე ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. პლუსი იქნება, მათ შორის, ოლიმპიური კომიტეტის თვალში, რომელიც მომავალში წინ დახვდება საქართველოს. შემდგომში უფრო სერიოზული რამ რომ მოხდეს და ჩვენ პროტესტი გავაგზავნოთ, ამ ყველაფერს უფრო მწვავე რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მთლიანობაში პლუსი უფრო მეტი იქნება მონაწილეობის მიღებით, ვიდრე მინუსი. თუ ბოიკოტს გამოვაცხადებთ, ამით ვერც ქვეყანა მიიღებს ვერაფერს და ვერც ხალხი“,-თვლის კოტე ჟღენტი.