ბიზნეს-ასოციაციას პარლამენტში საკუთარი ლობისტი ეყოლება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიზნეს-სასოციაციის ლობისტისთვის ღია იქნება ნებისმიერი კაბინეტის, ნებისმიერი კომიტეტის, ყველა შეხვედრის კარი და პარლამენტში არც ერთი კანონპროექტი არ იქნება განხილული ბიზნესწრეების დასკვნების გარეშე. ასევე, შემუშავდება მექანიზმები და თუკი რომელიმე უწყებასთან ურთიერთობაში ბიზნესს რაიმე ტიპის პრობელმა შეექმნება ან ადგილი ექნება არაკანონიერ ქმედებას, მათ პარლამენტთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემათ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაში საქართველოში არსებული თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. უსუფაშვილმა ბიზნესთან მიმართებაში საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.
„დაიქცევა სახელმწიფო, თუ ხელისუფლება ბიზნესისგან ჯერ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვას ითხოვს და შემდეგ კომპანიის ინტერესებზე ზრუნვას. თუკი კერძო ბიზნესმენს ხელისუფლება ასეთ ამოცანებს უყენებს, ე. ი. სრულიად გაუგებარ ვითარებაში ვამყოფებთ ერთმანეთს. კერძო ინტერესებმა და კერძო ინტერესების წინსვლისა და წარმატების ჯამმა უნდა მოიტანოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინსვლა და წარმატება. არ მესმის, როცა ამბობენ, თითქოს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებისადმი ზრუნვა ერთმანეთს უპირისპირდება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფომ, ასევე ბიზნესმა კონსტიტუციით და კანონის ჩარჩოებში იმოქმედოს. ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი თვლის, რომ ამ შეხვედრამ გაუჩინა განწყობა, როდესაც სახელმწიფო ერთი ხელით ბიზნესის დახმარებას ცდილობს, მეორე ხელით კი მას უფსკრულისკენ უბიძგებს.
ცეზარ ჩოჩელი: ყველაზე მეტად გულზე მომხვდა უსუფაშვილის ის განცხადება სადაც ამბობს, რომ სახელმწიფო დაიქცევა, თუ ჯერ მის ინტერესებზე ვიზრუნებთ და მერე მეწარმის. ეს შეიძლება იმ რიტორიკის გაგრძელებაა, როდესაც ვამბობთ, რომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბიზნესს, თუმცა, საგამოძიებო უწყებები ისევ ძველებურ რეჟიმში აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც იცვლება ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან მიმართებაში, მაგრამ ვფიქრობ ესეც მალე გამოჩნდება.
რაც შეეხება თქვენს ბიზნესს, ცნობილია, რომ თქვენსა და საგადასახადო სამსახურს შორის დავა გრძელდება და ყველა თქვენი კომპანიის წილი დაყადღებულია. არის თუ არა რაიმე სიახლე ამ პროცესში?
- ახალი ის არის, რომ ბრალდება საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს გავაცანით. ძალიან დაინტერესდნენ იმ ეპიზოდით, როდესაც ბანკიდან აღებული კრედიტი ფულის გათეთრებაში ჩაგვითვალეს. მათი აზრით, ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ცდილობს სახელმწიფო უწყება ბიზნესისთვის ხელის შეშლას. როგორც მათ განაცხადეს, მომავალი წლიდან ალბათ ამ შემთხვევას უმაღლესი აუდიტორული სკოლების სახელმძღვანელოშიც შეიტანენ.
რა მიზნით გააცანით საქმის მასალები ამ კომპანიებს?
- ჩვენ გვემსახურება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Price Waterhouse Coopers რომელიც მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების ოთხეულში შედის. მის მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, კომპანიაში ფინანსურად ყველაფერი მოწესრიგებული იყო, თუმცა ამის მიუხედავად საგადასახადომ ჩათვალა, რომ ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი და ჩვენი კომპანიების ქონება დააყადაღა. იმისათვის, რომ გაგვერკვია, რაში იყო საქმე და რამდენად კეთილსინდისიერად გვიწევდა Price Waterhouse Coopers აუდიტორულ მომსახურებას, საჭიროდ ჩავთვალეთ, მისთვის ის ბრალი გაგვეცნო, რომელიც სამართალდამცავებმა წაგვიყენეს. მათი შეფასებით ეს არის, უბრალოდ, ნონსენსი.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, იგივე - ბიზნესის ლობისტის პოსტის შემოღებას, ამ ყველაფრით თქვენ ვერ მიიღეთ ის მესიჯები, რაც გაფიქრებინებთ, რომ სამომავლოდ ყველაფერი მოწესრიგდება?
- რაც მოვისმინე, მართლაც ძალიან კარგი მესიჯები იყო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის კუთხით, მაგრამ მეორეა - რაც რეალურად ხდება. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულებაა. აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლების დამოკიდებულება ისეთია, როგორც ეს უსუფაშვილმა გააჟღერა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ყველაფერი იმ ფორმით გაგრძელდა, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იქცევა, ამ შემთხვევაში ქვეყანაც დაიქცევა და ბიზნესიც. ასე რომ, ეს გზავნილები ამ ეტაპზე დამაიმედებელია, მაგრამ შემდეგ რა იქნება, გამოჩნდება.
ჩვენ პრემიერის პირველივე განცხადების შემდეგ დავიწყეთ ინვესტიციების შემოტანაზე ზრუნვა, სამი ინვესტიცია შემოვიტანეთ, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, იცით - ბიზნესზე ფართომასშტაბიანი შეტევა მივიღეთ. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ძნელია ხვალინდელი დღის პროგნოზირება.
თქვენი კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, ეს რა არის - სახელმწიფო პოლიტიკა თუ კონკრეტული ჩინოვნიკის გადაცდომა? იმიტომ გეკითხებით, რომ პრემიერიც და მთელი ხელისუფლებაც მუდმივად ბიზნესის ხელშეწყობაზე საუბრობს...
- ამ ეტაპზე მინდა მჯეროდეს, რომ ეს არის საფინანსო უწყების ხელმძღვანელის თვითშემოქმედება, მაგრამ თუ ამას რეაგირება არ მოყვა, უკვე ცხადი გახდება, რომ ეს არის ზოგადად, სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ.
როდესაც ერთი კონკრეტული უწყება მუშაობს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ეს გამოიხატება უმუშევრობის ზრდაში, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაში, წარმატებული კომპანიების განადგურებაში, სხვა რა არის, თუ არა ბიზნესისა და სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული მუშაობა. თუმცა იმედი არ დამიკარგავს, რომ ყველაფერი გაირკვევა.
რამდენადაც ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან თქვენს პრობლემაზე პირისპირ საუბარი ვერ მოახერხეთ, მას შემდეგ, რაც თქვენი ყველა კომპანიის წილი დააყადაღეს, თუ მოგეცათ შესაძლებლობა ვინმესთან ამ თემაზე გესაუბრათ?
- ვცადე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რადგან ვიცი, რომ დავით უსუფაშვილი საკმაოდ მაღალი დონის იურისტია და დოკუმენტების მიხედვით, არაპროფესიონალისთვისაც კი კარგად გასაგებია, რომ საგამოძიებო სამსახურის უგუნურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. ჯერჯერობით მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე.
რაც შეეხება მთავრობას, ჩემთვის დამაიმედებელი აღმოჩნდა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა. ახლა ის საქართველოში არ იმყოფება და იმედი მაქვს, როდესაც დაბრუნდება ეს შეხვედრა შედეგს გამოიღებს.
რა გაძლევთ ამის საუძველს?
- ფინანსთა სამინისტროშიც და საგადასახადო სამსახურშიც დევს საერთაშორისო აუდიტორთა მიერ მომზადებული დასკვნა, სადაც ცალსახად არის ხაზგასმული, რომ ყველა ფინანსური ოპერაცია განხორციელებული იყო გამჭვირვალედ. თუმცა საგამოძიებო უწყებამ განხორციელებული ინვესტიცია ფულის გათეთრებად ჩათვალა. ეს ფულის გათეთრება კი იმაში გამოიხატება, რომ დაფუძნდა ახალი კომპანია „ზედაზენი“ სადაც მთლიანად დასაქმებულია 1100 ადამიანი, ბიუჯეტში შეტანილი გვაქვს 35 მილიონი ლარი, თუ ამ ფორმით ათეთრებენ ფულს, რომ ქმნიან კომპანიებს, რომელიც ბიუჯეტის შევსების წყარო ხდება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან უკვირთ უცხოელ აუდიტორებს. ასეთი პრეცედენტს მათ პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ მაქვს იმედი, რომ ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ მთავრობა სწორ პოზიციას დაიკავებს.
ზუსტი ანალოგი არ არის, მაგრამ დაახლოებით მსგავსი სქემით ცდილობდა წინა ხელისუფლება „ქართუ ბანკის“ გაკოტრებას. მაშინ ივანიშვილმა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. როგორ ფიქრობთ, თქვენც მოგიწევთ საერთაშორისო არბიტრაჟამდე მისვლა?
-ჯერჯერობით ქართული მართლმსაჯულების იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, საქართველოშივე ვიპოვით სამართალს. ვფიქრობ, ხელისუფლებაში მოიძებნებიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც სათანადოდ შეაფასებენ საფინანსო-საგამოძიებო სამსახურის და უშუალოდ მისი უფროსის ქმედებებს. თუ ქართულ მართლმსაჯულებაში ვერ მივაღწიეთ სამართალს, უკვე საერთაშორისო სამართლის იმედად დარჩებით.