კობა თოდუა: „მითხრეს, რომ ოჯახს ვერ ვნახავდი 10 წელი“

კობა თოდუა: „მითხრეს, რომ ოჯახს ვერ ვნახავდი 10 წელი“

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, კობა თოდუა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსია. იგი სამეგრელოში წამების ამსახველი ვიდეოფირების აღმოჩენის შემდეგ დააკავეს. თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული.

გარდა ამისა, ფირზე, რომელიც გამოძიებამ დაცვის მხარეს გადასცა, არც კონდახით ცემის ფაქტი ჩანს, არც თოდუა და არც მისი ხმა, რაც დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ. დაკავებული თოდუა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ბიძაშვილია.

საქმეში დევს სამი ყოფილი პოლიციელის ჩვენება, რომელთაგან ერთ-ერთი თავად მონაწილეობდა დანაშაულში. ამ პიროვნების მიმართ კი, როგორც თავად დაკავებული for.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სისხლის სამართლებლივი დევნა არ დაწყებულა და გამოძიებას საქმეში მოწმის სტატუსით ჰყავს წარმოდგენილი. ის ამბობს, რომ დაკავებულ პირებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და მათ არ იცნობს.

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს, შესაბამისად გამოძიება საქმის დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ცნობილია, საქმეზე სულ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის არიან: შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი თანამშრომელი გოჩა შონია, მარლენ ხვიტია, გურამ ჭითანავა.

დაკავებულებს შორის არიან შსს-ს სამეგრელოს თანამშრომლები: ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კობა თოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები გიორგი ბულია, ირაკლი ახალაია, პაატა ქირია, გიორგი გულია და თემურ უბირია. შსს-ს ცნობით, ვიდეო-მასალაზე აღბეჭდილ პირებზე სექსუალურ ძალადობას უშუალოდ ახორციელებდა თემურ უბირია.
გამოძიების ვერსიით, ზემოთაღნიშნული პირები დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით მოხდა. ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების - მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა, ამჟამად, საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.

რას უკავშირებთ თქვენს დაკავებას?

კობა თოდუა: ჩემი დაკავების კონკრეტული მიზეზი უცნობია. თუმცა, ფაქტია რომ ჩემს მიმართ პროკურატურა მიზანმიმართულად მოქმედებს და ცდილობს არარსებული ქმედების ჩადენაში დამადანაშაულოს. 16 სექტემბრის დადგენილებით დამემატა 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში დახმარება, რაზეც მტკიცებულება არ არსებობს.

არის რამოდენიმე ვერსია და მათ შორის რუსული ვერსია, რომ თითქოსდა მათი დაინტერესება იყო თქვენი დაკავება. თუ ეს ვერსია მიგაჩნიათ სანდოდ, იქნებ განარტოთ, რატომ?

- გამიჭირდება ერთი კონკრეტული ვერსიის დადასტურება. რუსული ვერსია აქტუალურია და ამის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება აფხაზური მედიის ვებგვერდებზეც. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ სპეცსამსახურს ვხელმძღვანელობდი. ჩემი მოქმედება გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა რეგიონში რუსულ და აფხაზურ სპეცსამსახურებს. ამიტომაც აღნიშნული სპეცსამსახურები ცდილობდნენ ჩემს განეიტრალებას.

რა კავშირი გაქვთ სხვა დაკავებულებთან, თუ გქონდათ მათთან სამსახურეობრივი კავშირი, ან თუ იცნობთ მათ.

-დაკავებულ პირებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მე მათ არ ვიცნობდი და არც სამსახურებრივი შეხება მქონია. მათგან მე ვიცნობ მხოლოდ სამეგრელოს რეგიონის კუდ-ის ყოფილ უფროსს. ჩემს გარდა ყველა დაკავებული შსს-ს ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომელია და მათთან რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა არ მქონია. მხოლოდ იშვიათად ხდებოდა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა.

ამ საქმეში ფიგურირებს მეგის ქარდავა, გქონდათ ქარდავასთან სამსხურეობრივი შეხება და ზოგადად რა ურთიერთობა გქონდათ მასთან?

- ქარდავასთან სამსახურებრივ საკითხებზე მქონია შეხვედრა. ეს ხდებოდა იშვიათად, რადგანაც ქარდავა შსს-ს სისტემაში მუშაობდა, ხოლო მე - თავდაცვაში. მასთან პირადი ან მეგობრული ურთიერთობა არ მქონდა და არც მქონია.

რაც შეეხება დაზარალებულ პირებს, თუ იცნობთ მათ? ერთი მთავარი მოწმე, ვინც თქვენს წინააღმდეგ გამოდის, ეს არის ბალოიანი. ის ამბობს, რომ თითქოსდა, თქვენ მიით დანაშაულის ადგილას და მონაწილეობას იღებდით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და წამაბაში, კერძოდ, მისი განცხადებით იარაღის კონდახით სცემდით დაზარალებულ პირებს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- დაზარალებულ პირებს არ ვიცნობ, მათი ვინაობა ჩემთვის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი. ისინი არასოდეს მინახია. ბალოიანი ჩემს საქმეში მთავარი მოწმეა. მე ბალოიანს არ ვიცნობ და არც რაიმე კავშირი მქონია მასთან. ბალოიანი უშუალო მონაწილეა ამ საქმეში და პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა ცრუ ჩვენების მისაცემად, რაც დასტურდება იმით, რომ ის დღმდე პასუხისგებაში არ არის მიცემული. რაც შეეხება იარაღის კონდახით ცემის ფაქტს, ასეთი რამ ვიდეოფირებში არ არის ასახული და არც დაზარალებულები უთითებენ თავიანთ ჩვენებაში ამ ფორმით ცემის შესახებ.

ფაქტია, რომ დაზარალებულები ხელს არ გადებენ, თუმცა ხელს გადებენ დაკავებული პოლიციელები, რომლებმაც ბოლო ჩვენებაში დაგადანაშაულათ ამ ქმედებაში, როგორ ფიქრობთ, რამ აიძულა ეს პოლიციელები თქვენთვის დაედოთ ბრალი, იქნებ დეტალურად გვითხრათ რა ხდება?

- დაზარალებულები ხელს არ მადებენ იმის გამო, რომ არ ვიყავი იმ პერიოდში სამეგრელოს რეგიონში და არ მიმიღია მონაწილეობა მათ მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენაში. პოლიციელთა ბოლო ჩვენება გამომდინარეობს იქიდან, რომ პროკურატურამ ნახა რა, რომ არ არსებობდა ჩემი დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება, რჩებოდა ერთადერთი გზა - მოწმეთა ჩვენებით გაემყარებინათ საქმე.

ამის სანაცვლოდ, პროკურატურამ პოლიციელებს წამების ბრალდება მოუხსნა (მათ შორის იმათაც, ვინც დაზარალებულმა ამოიცნო და ექსპერტიზამაც დაადასტურა მათი მონაწილეობა) და საბოლოოდ, თუ ჩვენებას მყარად დაადასტურებენ სასამართლოზე, დროზე ადრე გათავისუფლდებიან საპროცესო შეთანხმებით. პოლიციელთა ბოლო დაკითხვები მაშინ მოხდა, როცა ექსპერტიზიდან ჩემი მონაწილეობის შესახებ უარყოფითი პასუხი მიიღეს. სასწრაფოდ მესამედ და მეოთხედ დაკითხეს პოლიციელები მაშინ, როცა გამოძიებას მე ერთხელაც არ დავუკითხივარ.

ექსპერტიზა ჩაუტარდა გამოძიების მიერ ამოღებულ დისკს, სადაც ასახულია უკანონო დაკავებისა და წამების ფაქტები სწორედ იმ ორი დაზარალებული პირის. ამ დისკის ექსპერტიზის შედეგად თქვენ იქ არ აღმოჩნდით. ამის მერე გამოძიებამ გიღოთ ხმის ნიმუშები, მოახდინეს თქვენი ფოტოგრაფირება, არც ხმის ნიმუშის შედეგად არ დადასტურდა თქვენი მონაწილება იმ კადრებში, რაც გამოძიების მიერ იყო წარმოდგენილი. თუმცა, ამის მიუხედავად ბრალი დაგიმძიმეს. დაემატა 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში დახმარება, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- ბრალის დამძიმება პროკურატურის ერთგვარი ხერხია, რითაც ის გარკვეულ ფონს ქმნის სასამართლოსათვის და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდია. ამ ფაქტს ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ უპოვი. რა უნდა უწოდო ამ ფაქტს, როცა იმათ, ვინც დაზარალებულმა ამოიცნო და უჩვენა აწამებდნენ, ექსპერტიზამაც დაადასტურა მათი მონაწილეობა და მიუხედავად ამისა, თვითნებურად წამების ბრალდებას უხსნი, ხოლო მე კი მიმძიმებ?! ამით ყველაფერი ნათქვამია.

როგორც თქვენი ადვიკატი განმარტავს, პროკურატურამ თქვენ შემოგთავაზათ თანამშრომლობა, რას სახის თანამშრომლობაზე იყო საუბარი?

- ეს მოხდა დაკავების დღეს, თუმცა თემები არ დაკონკრეტებულა. მე მოვითხოვე, შეეწყვიტათ ყოველგვარი მსგავსი საუბარი და განემარტათ რის გამო ვიყავი დაკავებული. ამის შემდეგ დამემშვიდობნენ და მითხრეს, რომ ოჯახს ვერ ვნახავდი 10 წელი და გადამიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში.

რა არის მიზეზი იმისა, რომ თქვენ მუდმივად გიმძიმებენ ბრალს, რა ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს კობა თოდუა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოძიებისთვის?

- ჩემთვის უცნობია რის გამო ხდება ეს ყველაფერი. რაიმე მინიშნება ან შეტყობინება მე არ მიმიღია. თუმცა, რაღაც მიზეზი რომ არსებობს, ფაქტია. სხვაგვარად ვერ აიხსნება პროკურატურის ასეთი მიზანმიმართული ქმედებები. რა უნდა აინტერესებდეთ ჩემგან, უცნობია. მე მხოლოდ ჩემს სამსახურებრივ საკითხებზე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რაც ჩემს სამსახურში ისედაც ცნობილია.

სად იყავით იმ დროს, როცა მოხდა ამ პირების უკანონო დაკავება და რითი ადასტურებთ თქვენს უდანაშაულობას, ამის მტკიცებულება არის საქმეში?

- რა თქმა უნდა არის და ეს პროკურატურამაც მშვენივრად იცის. იმ დროს მე ვიყავი თბილისში, კერძოდ - თავდაცვის სამინისტროში, რაც დასტურდება სამსახურში არსებული მონაცემებით. კერძოდ, სამსახურში შესვლა-გასვლა ფიქსირდებოდა თითის ანაბეჭდებით. ეს ინფორმაცია ინახება თავდაცვის სამინისტროში და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოითხოვოს იგი. ეს არ არის ვინმეს ჩვენება ან განმარტება, არამედ ეს არის სპეციალურ აპარატზე დაფიქსირებული მონაცემები, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია. მე მჯერა, რომ ობიექტური სასამართლოს შემთხვევაში დადასტურდება ჩემი უდანაშაულობა. სხვა შემთხვევაში მზად ვარ ჩემი სიმართლე დავამტკიცო სხვა ინსტანციებში და არ გამოვრიცხავ, მომიწიოს ჩემი საქმის წარმართვა სტრასბურგის სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ წამებაში, ან ცემაში ჩემი მონაწილეობა დადასტურდება, მზად ვარ მე და ჩემი ოჯახი სასამართლოს ნაცვლად, ხალხმა გაგვასამართლოს.