გენადი ონიშჩენკო კვლავ „პახმელიაზეა“

გენადი ონიშჩენკო კვლავ „პახმელიაზეა“

 

რუსულ ბაზარზე, შესაძლოა, შვიდი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული ალკოჰოლური პროდუქციის 28  სახეობა არ დაიშვას.

ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება, რომელიც რუსეთის მთავარი სანიტარის განცხადებას ეყრდნობა, რომელსაც ქართული ღვინო ისევ არ მოსწონს.

გენადი ონიშჩენკომ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის რამდენიმე სახეობა კვლავ დაიწუნა და განაცხადა, რომ მოსკოვი რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური პროდუქციის 28 სახეობის დაშვებაზე უარს ამბობს.

მისი განმარტებით, ბოლო კვირის განმავლობაში, 28 საექსპორტო დასკვნა გაფორმდა, რომელშიც ნათქვამია, რომ წარმოდგენილი პროდუქციის ნიმუშები მოთხოვნებს არ შეესაბამება.

„ექსპერტიზის შედეგებით,  28 დაწუნებულ კომპანიას შორის არიან - „იმედი 96“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ძმები ასკანელები“, „ახალშენი 2005“ და ა.შ. ქართული ღვინის ნიმუშებზე ასეთი უარყოფითი დასკვნები იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ღვინის ყველა მწარმოებელმა არ გაიაზრა ყველა გაკვეთილი იმ მრავალწლიანი სიტუაციიდან, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ჰქონდა. ყოველივე ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქმიანი ურთიერთობების დამყარების თაობაზე ქართული მხარის მისწრაფებას  გადავხედოთ.   ყოველივე ამან, კიდევ ერთხელ დაგვაეჭვა ქართული მხარის სურვილში, დაამყაროს გრძელვადიანი სტაბილური და ცივილური ურთიერთობები, რომლის მთავარი საყრდენი შეიძლება იყოს რუსულ ბაზარზე წარმოდგენილი სტაბილურად ხარისხიანი ღვინის სახეობები“,  - აღნიშნა ონიშჩენკომ, რომლის განცხადებასაც საქართველოში შეფასებები უკვე მოჰყვა.

როგორც for.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  დავით შერვაშიძეგანუცხადა, ქართულმა მხარემ უნდა ნახოს, თუ რაშია საქმე.

„ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის რეალიზებას პრობლემები არ შეექმნება“, - აღნიშნა შერვაშიძემ.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითaშვილი კი განმარტავს, რომ 28 პროდუქტთან დაკავშირებით, შენიშვნები იყო გამოთქმული, რომელთა ნაწილი განმეორებით შემოწმდა და რუსეთის ბაზარზე დაიშვა.

„თითოეული პროდუქტი, შესაძლოა ისეთი ორიგინალური იყოს, რუსეთის სტანდარტებში საერთოდ არ ჯდებოდეს. თითოეული ქართული კომპანია 30-40 დასახელების პროდუქტს აწარმოებს. სრულიად ბუნებრივი პროცესია, რომ შენიშვნები არსებობდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესი ასეთი გრძელი და ბიუროკრატიულია. ამიტომ, ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში შენიშვნები ახსნადია და ამაში პრობლემურს ვერ ვხედავ“, - აცხადებს დავითაშვილი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი კი, ქართული პროდუქციის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შემოწმებაზე საუბრობს.

„ცალკეული ადამიანებისა და პოლიტიკოსების განწყობებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ობიექტური რეალობების დადგენის შესაძლებლობა უნდა იყოს. მხარეები უნდა შევთანხმდეთ, რომ ნდობით აღჭურვილი ლაბორატორიები არსებობს, რომელთა მიერ შემოწმებული პროდუქტის ხარისხსაც ორივე მხარე აღიარებს. ასეთ შემთხვევაში, ასეთი ტიპის განცხადებებს აღარ უნდა ველოდოთ. ონიშჩენკოს განცხადება თუ რას ეყრდნობა, ეს უცნობია, მაგრამ მას მკაცრი  განცხადებების კეთება სჩვევია“, - განუცხადა for.ge-ს აგულაშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკა მიმართულია მაღალხარისხიანი პროდუქტის წარმოებისკენ.

„ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ რუსეთთან ერთად, თუ მის გარეშე და მოსკოვი იყიდის თუ არა ქართულ ღვინოს, ამის გამოცდილება ერთხელ უკვე გვქონდა, როცა ემბარგო დაგვიწესეს. მაშინ, ქართული ღვინის წარმოება კი არ მოკვდა, როგორც ამას ზოგი ელოდა, არამედ პირიქით, განვითარდა და საერთაშორისო არენაზე ბაზრების დივერსიფიცირება მოახერხა. დივერსიფიცირებული პოლიტიკის გაგრძელება მოხდება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია გაგრძელდება. ჩვენს სტრატეგიაში რუსეთს პირველი ადგილი ნამდვილად არ უკავია“, - განაცხადა აგულაშვილმა.

მოხდება თუ არა 28 სახელობის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე აკრძალვა,  ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება. არსებული ინფორმაციით კი, 630-ზე მეტ ქართულ პროდუქტს რუსეთში სახელმწიფო რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს და ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.