მდიდარი, ძლევამოსილი და მიმავალი

მდიდარი, ძლევამოსილი და მიმავალი

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მესიანისტური კომპლექსისგან განკურნებას ცდილობს

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი, წყალგამყოფი გახდება ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით: საქართველო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნება, სადაც პრემიერმინისტრის ოფისი ახალი ვალდებულებებით აღიჭურვება. ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავს.

წინასაარჩევნო შეფასებები საზღვარგარეთ ფოკუსირებულია მოქმედი პრემიერმინისტრის წინააღმდგობრივი ფიგურის (და საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის), ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. ის პოლიტიკურ სცენაზე მოულოდნელად შემოიჭრა 2011 წელს და ჩამოაყალიბა კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელმაც დაამარცხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შარშან, ოქტომბერში გამართულ საპარალამენტო არჩევნებში.

ივანიშვილის სიმდიდრე, რომელიც ჟურნალ Forbes-ის მიერ $5.3 მილიარდად არის შეფასებული, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობას (დაახლოებით $4 მილარდი) აჭარბებს. არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ქვეყანა, თავისი სუსტი ინსტიტუტებით, შეიძლება ასეთი მაგნატის პერსონალურ ქონებად გადაიქცეს.

თუმცა ივანიშვილი არ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში და პირობას დებს, რომ ამ წლის ბოლომდე პრემიერმინისტრის თანამდებობიდანაც გადადგება. ასეთი გადაწყვეტილების ახსნა იმით შეიძლება, რომ ეს ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ნაბიჯია, რომელსაც შეუძლია საქართველო „მესიის კომპლექსისგან“ იხსნას, როდესაც ერთ ძლიერ ლიდერში ხდება უზარმაზარი მოლოდინის კონცენტრაცია.

საქართველოს ისტორია, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა სსრკ-ისგან 1991 წელს, ხასიათდებოდა გაზვიადებული იმედების მოზღვავებით, რომელიც ერთ პოლიტიკურ მხსნელში იყრიდა თავს, რასაც შემდეგ იმედგაცრუება მოსდევდა. ივანიშვილს, იმის თქმით, რომ გადავდგებიო, შეიძლება იმედი აქვს, რომ საქართველოს 4.5 მილიონი მოსახლე ბოლოს და ბოლოს აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ბედზე და არ იქნება ლიდერების პოლიტიკის მხოლოდ პასიური და უკმაყოფილო მომხმარებელი.

ამან შეიძლება შექმნას სახელისუფლებო ვაკუუმი, რომელიც წინა მთავრობების ცალკეული კორუმპირებული ინდივიდებით შეივსება. იმავდროულად, ივანიშვილის ფინანსური წონის გათვალისწინებით, რჩება კითხვა, შეძლებს კი ის პოლიტიკისგან რეალურ გამიჯვნას თუ დარჩება, როგორც რუხი კარდინალი. ამით, საქართველო ნაკლებად მიმზიდველი პარტნიორი გახდება დასავლეთისათვის, ეს გააფუჭებს საინვესტიციო კლიმატს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნატოს ალიანსსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცის ამბიციებს.

ყველა მდიდარ კაცს, რომელიც პოლიტიკაში მოდის, უწევს ისტორიის მოფიქრება იმის შესახებ, თუ რამ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა. ივანიშვილს ეს არ გაუჭირდებოდა. სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები გამოირჩეოდა ძალაუფლების მონოპოლიზებით, მედიაზე წნეხის გაძლიერებით და კარგად ორგანიზებული ბიზნესინტერესებით, რომელმაც ხელში ჩაიგდო სახელმწიფო.

მხოლოდ ფართო პოლიტიკურ კოალიციას, სერიოზული ფინანსური ზურგით, შეეძლო ამ ავტორიტარულ წყობასთან დაპირისპირება. სწორედ ასე იქცა კოალიცია „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების კასრად, სადაც თავი მოიყარეს როგორც პროდასავლელმა სეკულარებმა, ასევე პოპულისტებმა და საეჭვო ქსენოფობებმა. თუკი ეს მრავალფეროვნება შარშანდელი არჩევნების წინ აქტივი იყო, დღეს ის – პასუხისმგებლობაა.

კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება ივანიშვილის საერთაშორისო იმიჯს, რომლის შელახვასაც ცდილობს სააკაშვილის გუნდი. პრემიერმინისტრმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი 1990-იანი წლების რუსეთში, „ველური კაპიტალიზმის“ პირობებში დააგროვა, რაც მას იოლად აქცევს ისეთი ბრალდებების სამიზნედ, როგორიცაა რუსეთის მარიონეტობა. თუმცა, პროდასავლელი მინისტრების სიჭარბე მის მთავრობაში ამ ბრალდებებს აქარწყლებს.

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ფილოსოფოსი და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, ამის მაგალითია. ის ცალსახად პროდასავლელია. მართალია, მისი ინტელექტუალიზმი ზღუდავს მის მიმზიდველობას ფართო მასებისათვის, თუმცა ისიც „ქართული ოცნების“ პოპულარობის ტალღაზეა.

მისი ერთადერთი რეალური კონკურენტი, დავით ბაქრაძე, მიმავალი პრეზიდენტის პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე არტიკულირებული და გამჭრიახი პოლიტიკოსია. მაგრამ, როგორც სააკაშვილის თანაშემწე და პარლამენტის თავმჯდომარე, ის მოქმედებდა, როგორც პრეზიდენტის აპოლოგეტი იმ დროს, როდესაც მან ხელისუფლება მიითვისა, რაც მის პოლიტიკურ რეპუტაციას აზიანებს.

დანარჩენი კანდიდატების დიდ უმრავლესობას (ამ მომენტისთვის 54 კანდიდატი) ცოტა თუ იცნობს მათი ოჯახების და მეგობრების გარდა.

ასე რომ, ოქტომბერში, საქართველომ შეიძლება დაასრულოს შარშან დაწყებული ხელისუფლების გადაცემა სააკაშვილისგან. ჩანასახში არსებული დემოკრატიული ტრადიციებითა და რუსეთისადმი უნდობლობის ფონზე, ეს ახალგაზრდა რესპუბლიკა ჯერ კიდევ სწორი გზის მოსინჯვაშია, რათა თავი დააღწიოს საბჭოთა მემკვიდრეობას. ასეთ გადამწყვეტ დროს, გონივრული მხარდაჭერა დასავლეთისგან, რაც გამოხატული იქნება მტკიცე, ერთიან მიდგომაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განამტკიცებდა.

გიორგი მჭედლიშვილი – Robert Bosch-ის სტიპენდიანტი, Chatham House-ის რუსეთის და ევრაზიის პროგრამა

foreignpress.ge