ხელისუფლებაში სპორტულად ჩაფიქრდნენ

ხელისუფლებაში სპორტულად ჩაფიქრდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხი ქართული მხარის მიერ უკვე გადაწყვეტილია და მისი გადახედვა გაუმართლებელი იქნება. როგორც ხაბარელმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა ოლიმპიადის ბოიკოტირების შემთხვევაში, საქართველოს სერიოზული სანქციები დაუწესდება და მომდევნო 8 წლის განმავლობაში ოლიპმიურ შეჯიბრში მონაწილეობა აეკრძალება.

„ეს არ არის რუსეთის ოლიპიადა და მისი ბოიკოტირების შემთხვევაში ბოკიკოტს საერთაშორისო ოლიპიურ კომიტეტს გამოვუცხადებთ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არ იქნება ცვლილება შეტანილი" - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე კი აცხადებს, რომ ქართული მხარე შეეცდება ოპერატიულად მიიღოს სრული ინფორმაცია და ამის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის ზედმეტი პოლიტიზირება მოხდება, ქვეყნის ღირსების დასაცავად შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების მოწესრიგების მსურველი სახელმწიფო ასე გამომწვევად არ უნდა იქცეოდეს, როგორც რუსეთი იქცევა. დღეიდან ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და თუ საბოლოოდ დარწმუნდა ჩვენი ხელისუფლება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზირება და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ქვეყნისა და ქვეყნის მოქალაქეების ღირსების დასაცავად", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

„სპორტული თამაშების „ზედმეტი პოლიტიზაციის შემთხვევაში" შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის „გმირის" გამოჩენას.

„სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს კეთილი ნება ჯერ კიდევ ვერ ან არ არის სათანადოდ შეფასებული და შეიმჩნევა საპირისპირო ტენდენციები. მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილია ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და მონაწილეობის მიღება ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში, რადგან ოლიმპიური იდეა სწორედ მშვიდობასა და თანამშრომლობას ემსახურება, მეორე მხარე სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს მის გამოყენებას.
სხვა ვერაფრით აიხსნება, მაგალითად ის, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთმა შეარჩია „2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი“.

 

ცხადია, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს გმირები, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა ასე გამომწვევად არ მოიქცევა. საქართველოს მთავრობის ყურადღების მიღმა არც ის რჩება, რომ სოჭის ოლიმპიადასა და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მწვავდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ოლიმპიადის ჩირაღდნის ანთებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის ე.წ. გმირის ნიჩაევის მონაწილეობას ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, თედო ჯაფარიძე, რომლის განცხადებით, მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, ეს შეეხება ოლიმპიადაში მონაწილეობას, თუ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„კონკრეტულად ღონისძიებას თუ შევეხებით, მასში ქართველი სპორსტმენების მონაწილეობა კარგი იქნება, მაგრამ უნდა განვიხილოთ უფრო ფართო კონტექსტში. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც კი იქნება ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, იქნება ოლიმპიადის ჩირაღდნის ჩამოტანაში რუსი მფრინავის მონაწილეობა თუ სხვა, ჩვენთვის მიუღებელია. თუმცა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა, ოლიმპიური კომიტეტი და საზოგადოება მიიღებს", - აცხადებს თედო ჯაფარიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თუ რუსეთი სოჭის ოლიმპიადით აპირებს დისკრედიტაცია გაუწოს ქვეყანას, მაშინ მთავრობას გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს.

„მე ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი გამიზნულია მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიზირება მოახდინოს სოჭის ოლიმპიადის და თუ აპირებს, რომ დისკრედიტაცია გაუწიოს საქართველოს, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების გადახედვა“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ივან ნიჩაევის თვითმფრინავის დაზიანებასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა ჯურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა. ბესო ალადაშვილის განცხადებით, თვითმფრინავი რომელსაც ივან ნიჩაევი მართავდა რუსმა სერჟანტმა, ალექსეი ტიურინმა ესროლა. ალადაშვილის თქმით, ნიჩაევის მოიერიშე თვითმფრინავს 11 აგვისტოს ესროლეს, როდესაც ცხინვალის თავზე დაფრინავდა და ქალაქს ბომბავდა.

„ივანე ნიჩაევის თვიმფრინავი, "სუ-25" ტიპის მოიერიშე, ცხინვალის თავზე დააზიანეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, როდესაც ქალაქს ბომბავდა. ყველაზე სენსაციური ის არის, რომ მისი თვითმფრინავი დააზიანეს თავად რუსებმა, „იგლა"-ს ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსით. ვინც ესროლა, ეს არის სერჟანტი ალექსეი ტიურინი. რის გამოც მაშინ დააჯილდოვეს, ასევე დააჯილდოვეს ნიჩაევიც.

ნიჩაევი აფრინდა ბუდიონოვკის სამხედრო ნაწილიდან, აეროდრომიდან. ცხინვალის თავზე, როგორც თვითონ ამბობს, კოლონას ვბომბავდიო. მას ეგონა, რომ ქართველების კოლონას ბომბავდა, მაგრამ ბომბავდა რუსების კოლონას. იმათ რომ დაინახეს, ეგონათ ქართველების „სუ"-25 იყო და ესროლეს რაკეტა“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

მისივე განცხადებით, ეს ინფორმაცია მას უკვე 8 აგვისტოს ჰქონდა. როგორც ალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, 5 ქართულმა მოიერიშემ საბრძოლო გაფრენა განახორციელა დილის 6 საათზე და ჯავის გზაზე რუსული კილონაც დაბობმეს. ამის შემდეგ ქართულ თვითმფრინავებს საბრძოლო გაფრება აღარ განუხორციელებიათ. მისი თქმით, ისინი სხვადასავა აეროდრომებზე იყვნენ გადამალული.

„ამის შემდეგ რაც თვითმფრინავები დაფრინავდა ყველა იყო რუსული. რაც მთავარია ცხინვალში რაც კი საავიაცო ბომბი ჩამოვარდა, ყველა ჩამოგდებულია რუსული თვითმფრინავიდან. აგვისტოს ბოლოს უკვე ცნობილი იყო სულ რამდენი თვითმფრინავი ჩამოუვარდათ რუსებს და იქიდან ვინ რა ჩამოაგდო. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ რუსულ კოლონას, ცხინვალშიც ხშირად რუსულ პოზიციებს ბომბავდნენ. ჩვენც დაგვბომბეს, მაგრამ მათი პოზიცებიც დაბომბეს.

თვითონ რუსების და ოსების მიერ  ჩამოგდებული იქნა 2 რუსული თვითმფრინავი, დაზიანებული იქნა 3 თვითმფრინავი და მათ შორის ერთ-ერთი ნიჩაევის იყო. გადაღებული აქვთ სროლის მომენტი, ვიდეოსიუჟეტიც კი არსებობს. არსებობს ფოტოებიც. თვითონ ეს თვითმფრინავი 80-იანი წლების ბოლოს თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებული. რუსები დღემდე არ აღიარებენ, რომ თვითონვე დააზიანეს საკუთარი თვითმფრინავი, რომელმაც მოახერხა და დაჯდა ბუდიონოვსკში", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.