ნინო ბურჯანაძის პროგრამა - გზა სოციალური სამართლიანობისაკენ!

ნინო ბურჯანაძის პროგრამა - გზა სოციალური სამართლიანობისაკენ!

7 ოქტომბერს, სასტუმრო „მეტეხი პალასში“ ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია შედგა. როგორც კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, წინა არჩევნების დროს პროგრამების წარდგენა ფორმალობად იყო ქცეული. თითქმის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი წარმოადგენდა ხოლმე თავის პროგრამებს, რომლებსაც შემდეგ ცოტა ვინმე თუ კითხულობდა და არც მისი შესრულებით იწუხებდნენ პოლიტიკოსები თავს.

ბათიაშვილის თქმით, ნინო ბურჯანაძის პროგრამა განსხვავებულია იმით, რომ ფორმალობის დაცვის გამო კი არ დაიწერა, არამედ რეალურად განხორციელებისთვის. თავად ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ბევრი შენიშვნა მიიღეს და ზოგი მათგანი პროგრამაში აისახა.

და მაინც, რეალურია თუ არა ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამის საკვანძო მომენტები? ლამაზ-ლამაზი დაპირებების დაწერა ყველას შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ამისთვის საჭიროა სულ რამდენიმე პიარ-ტექნოლოგის დაქირავება. სხვა საქმეა, რამდენად შესრულებადი იქნება ეს დაპირებები და მოსახლეობა იგრძნობს თუ არა რაიმე სარგებელს მათი შესრულებით.

ნაციონალებიც პირდებოდნენ „მეტ სარგებელს“ მოსახლეობას, თუმცა ბოლო წლებში მათგან ხალხმა ცოცხების მეტი ვერაფერი მიიღო, თუ არ ჩავთვლით ფანტასტიურ და განუხორციელებელ პროექტებს, „ლაზიკას“ და ა.შ.

„ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულების კოეფიციენტი ასევე საკმაოდ დაბალია. რაც მთავარია, „ოცნებამ“ ვერ შეასრულა მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა.

საიდუმლო არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა მიზეზების გამო არ აწყობს ნაციონალების იმ ბობოლების პასუხისგებაში მიცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ მმართველ კოალიციას არ ძალუძს წავიდეს „დასავლელი პარტნიორების“ მოთხოვნის წინააღმდეგ - ნაციონალები ორპარტიული სისტემის ერთ-ერთ ნაწილად უნდა იქცნენ. არის თუ არა ბურჯანაძე ამ დაბრკოლებით შეზღუდული?

ვფიქრობთ, რომ - არა. ბურჯანაძის გამარჯვების შემთხვევაში, საკმაოდ რეალურია „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული და არ შესრულებული პროცესის დაწყება - სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავე ექს-ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემა. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ „დანიშვნაზე“ ორპარტიული სისტემის შემადგენელ საკვანძო ნაწილად. დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს მოუწევთ შეეგუონ ამ ახალ განაწილებას, რადგან ნაციონალები მარგინალურ ძალად აღიქმებიან საზოგადოებაში, რომლებსაც თავისი მცირე, ერთნიშნა პროცენტის მქონე, ძირითადად, რუსოფობური განწყობების ელექტორატი ეყოლება.

დღეს ძალზე აქტუალურია ე.წ. საზღვრების საკითხი კონფლიქტურ რეგიონებში. ბურჯანაძე აცხადებს, რომ არ დაუშვებს მავთულხლართების გავლებას და ღობეების აღმართვას. ეს დაპირება ეფუძნება, ცხადია, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას. ბოლო წლების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასავლეთის ზეწოლა თუ რაიმე თეატრალიზებული აქციები, ხმამაღალი განცხადებები მცირედ გავლენას ახდენს რუსეთის პოლიტიკაზე, რომელიც მეთოდურად აგრძელებს სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას. თუ ბურჯანაძემ შესძლო რუსეთის ხელისუფლებასთან სერიოზული და საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყება, ამ შემთხვევაში, სრულიად რეალურია სიტუაციის განმუხტვა „სასაზღვრო“ რეგიონებში. სავარაუდოდ, გამარჯვების შემთხვევაში, ბურჯანაძე მოახერხებს ამგვარი მოლაპარაკებების დაწყებას.

ამავე თემას უკავშირდება ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამაში შესული კიდევ ერთი პუნქტი: ქართული პროდუქციისთვის გასაღების სტაბილური ბაზრების მოძიება. პროგრამაში სრულიად მართებულად აღნიშნულია, რომ ვერანაირი გადამამუშავებელი საწარმოების აშენება ვერ უშველის ქართულ სოფლის მეურნეობას და გლეხობას, თუ არ იქნა პროდუქციის გასაღების ბაზარი. ერთ-ერთი ძირითად და ტრადიციულ ბაზარს კი სწორედ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს.

დღეისათვის ამ ბაზრის მხოლოდ ნაწილობრივი გახსნა მოხდა, რამაც უკვე დადებითად იმოქმედა, მაგალითად, ყურძნის შესასყიდ ფასზე კახეთის რეგიონში. თუმცა, სიტუაცია არასტაბილურია. ამ დღეებში რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, სკანდალურად ცნობილმა გ. ონიშჩენკომ უკვე განაცხადა, რომ ქართული ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და არ იქნება დაშვებული რუსეთის ტერიტორიაზე. ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალია ჩვენი გლეხური მეურნეობებისთვის, რომლებიც ყურძენს აწარმოებენ. ამ შემთხვევაშიც, ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების გარეშე (რასაც დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახერხებს) შეუძლებელი იქნება სიტუაციის დასტაბილურება.

ნინო ბურჯანაძის პროგრამაში არის კიდევ რამდენიმე მომენტი, რომლებიც ძალზე საინტერესოდ განოიყურება. მაგალითად, ცოტა ვინმე თუ ლაპარაკობს იმაზე, რომ დაუშვებელია ისეთი მდგომარეობის არსებობა, როცა რიგითი პენსიონერი საარსებო მინიმუმზე ნაკლებ პენსიას იღებს, ხოლო პარლამენტარების, მინისტრების და სხვა ჩინოვნიკების ხელფასები (პრემიებთან ერთად) 50-60-ჯერ აღემატება პენსიის ოდენობას. ბურჯანაძე აცხადებს, რომ შეცვლის ამ სიტუაციას. რეალურია თუ არა ეს დაპირება? პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი აზრით, პროგრამის ამ პუნქტის განხორციელება რეალურია და ეს არ უკავშირდება ბიუჯეტისთვის „აუღებელ“ ხარჯებს.

კიდევ ერთი პუნქტი ეხება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბრუნვის იმ მინიმუმის გაზრდას, რომელიც დღგ-ს გადასახადით იბეგრება. ეს ზღვარი 100 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაიზრდება. იმ პირობებში, როცა მცირე ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და პრაქტიკულად, არა თუ ვერ აფართოვებს ბრუნვას, არამედ გაყიდვები უკვე რამდენიმე თვეა უმცირდება, ამგვარი ნაბიჯი აუცილებლობად აღიქმება.

არის კიდევ რამდენიმე მომენტი, რომელიც ყურადღებას იქცევს. მთლიანობაში, პროგრამა სიმპათიურად გამოიყურება. მართლაც იგრძნობა, რომ ის ფორმალურად და ვალის მოხდის მიზნით არ არის შედგენილი. თუმცა, ის იმდენად ფართო მიზნებს მოიცავს, რომ ზოგიერთი პუნქტი მხოლოდ შორეულ მომავალში თუ განხორციელდება. თუმცა, რამდენიმე მთავარი დაპირების განხორციელება უახლოეს წლებში ტენიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად სავსებით შესაძლებელია.