ორი ვახშამი, ორგან მიწვეული საპატიო თბილისელები და, ორივე შემთხვევაში, ბიუჯეტიდან გაღებული თანხები - საკრებულომ და მერიამ ცალ-ცალკე აღნიშნეს თბილისობის დღესასწაული. პირველ შემთხვევაში, გაღებული ხარჯების შესახებ ცნობილია და ეს სიამოვნება 7000 ლარამდე დაჯდა, მეორე შემთხვევაში, ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.
მერიის პრესსამსახურში For.ge-ს განუმარტეს, რომ ფუნიკულიორზე მოწყობილი ვახშამი ოფიციალური იყო და ის მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა, ხოლო თანხების შესახებ ოფიციალურად წერილობითი მიმართვა მოგვთხოვეს.
რესტორან „წისქვილში“ გამართული ვახშმის შესახებ ვიდეო-კადრები “ზონა News”-მა მოიპოვა. როგორც ამბობენ, ეს კადრები მათ სუფრის წევრებთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა. ვიდეო-კადრებში ჩანან თბილისის საკრებულოს წევრები და თავმჯდომარე და მათ შესახებ მითითებულია, რომ ამ ადამიანებმა ბიუჯეტის ხარჯზე მოილხინეს.
სუფრაზე მყოფთაგან ქვემოთ ჩამოთვლილთა სია არასრულია: გიორგი ტყემალაძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; ნინო თევდორაძე – ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; გიორგი ქველაძე – საკრებულოს წევრი; დავით ჯინჭარაძე – იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე; ზაზა გაბუნია – ფრაქციის თავმჯდომარე; მაკა გვარამია – ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; ბესარიონ ბენდელიანი – საკრებულოს წევრი; თამარ ახვლედიანი – პროტოკოლის უფროსი; გიორგი მუსხელიშვილი – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ჯაბა სამუშია – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; კოკი იონათამიშვილი – ფრაქციის თავმჯდომარე; ნიკო ხაჩირიშვილი – ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე; ირაკლი შიხიაშვილი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როგორც წესი, ოფიციალური მოწვევით თბილისობაზე ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და გამართლებულია, როცა მერია ოფიციალურ ვახშამს მართავს. მეტიც, ეს ფორმა ყველა ქვეყანაში მიღებულია. უბრალოდ, მთავარია, ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს ამ აუცილებელი ეტიკეტის დაცვით და არ მოხდეს კორუფციული გარიგება.
რაც შეეხება საკრებულოს მიერ ალტერნატული ვახშმის მოწყობას, გულიკო ზუმბაძე თვლის, რომ ეს არასწორი იყო და იგი არ ამართლებს ბიუჯეტის ხარჯზე თუნდაც მცირე ვახშმობას. მეტიც, ეს უნდა ყოფილიყო მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ღონისძიება. სწორედ ამიტომ დაესწრო თავად გულიკო ზუმბაძე მერიის ორგანიზებით მოწყობილ ვახშამს. თუმცა იგი არ ფლობს ინფორმაციას, რა დაჯდა ფუნიკულიორზე გაშლილი სუფრა.
„თათბირზე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ორ დაპირისპირებულ მხარეს - საკრებულოსა და მერიას შორის სუფრაზე გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს და ეს უხერხული სიტუაცია აღმოჩნდეს დიპლომატების თვალში, რაც ცოტა უცნაურად მომეჩვენა და აღვნიშნე კიდეც, რომ ასეთ კულტურულ ღონისძიებაზე ერთად ყოფნა საჭიროა და, მით უმეტეს, როდესაც ამდენი სტუმარია ჩამოსული - დიპკორპუსის წარმომადგენლები, საპატიო თბილისელები. ისიც ვთქვი, რომ ეს სხვა მხარეა და პოლიტიკა კიდევ სხვა რამეა. ამის შემდეგ მალე დავტოვე თათბირი. მოგვიანებით შეტყობინება მივიღე, რომ რესტორან „წისქვილში“იკრიბებოდნენ, თუმცა არ ვიცოდი, რომ ეს იყო ბიუჯეტის ხარჯზე. მეგონა, აპირებდნენ ცალკე აღნიშვნას, როგორც ხდება ხოლმე, როცა მეგობრები, საკრებულოს წევრები იკრიბებიან ღონისძიებების აღსანიშნავად. მხოლოდ გუშინ შევიტყვე, რომ ეს ვახშამი ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. არ იყო საჭირო, ირაკლი შიხიაშვილს ცალკე გაეკეთებინა სუფრა,“ -აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე თქმით, ერთი საპატიო თბილისელი ესწრებოდა ირაკლი შიხიაშვილის მიერ გამართულ ვახშამს. თუმცა ცოტა ხანში სუფრა მალე დატოვა და გადაინაცვლა მთაწმინდაზე, სადაც ძირითადად ყველა მოწვეული სტუმარი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, საპატიო თბილისელები იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება მერიას, გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ ესეც გასარკვევია, რა თანხები დაიხარჯა სუფრისთვის და ხომ არ მოხდა არამიზნობრივი ხარჯვა.
ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მერია მასპინძლობდა სხვადასხვა ქალაქის დელეგაციას და ფუნიკულიორზე გამართული ვახშამიც ოფიციალური იყო. ამდენად, საკრებულოს ახალი უმრავლესობის მიერ სუფრის გაშლა რესტორან „წისქვილში“ გაუმართლებლად და გასაკვირად მიაჩნია.
„ალტერნატიული ვახშმების გამართვა და თავშეყრის ადგილების ორგანიზება არასწორია, რადგან ქალაქი ყველასია. როგორც საკრებულო, ისე თბილისის მერია დედაქალაქს წარმოადგენს. შესაბამისად იქ, სადაც ოფიციალური მიღებაა, მართებული იქნებოდა, საკრებულოს წარმომადგენლებიც დასწრებოდნენ. საპატიო თბილისელები მერიის მიერ გამართულ ვახშამს ესწრებოდნენ და, ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოს ვახშამზე არც მისულან, რადგან სტუმრები არ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ საკრებულო მსგავს ვახშამს მართავდა,“ - აღნიშნა თორნიკე ხუციშვილმა და დასძინა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა განმარტოს, რატომ მოინდომა ალტერნატიული ვახშმის გამართვა, მაშინ, როცა მერიის მიერ გამართულ ვახშამზე, ასევე, ყველა ოფიციალურ ღონისძიებაზე ირაკლი შიხიაშვილი მიწვეული იყო.
თუ რა თანხა დაჯდა მერიის ვახშამი, ამის შესახებ თორნიკე ხუციშვილი ინფორმაციას არ ფლობს.
რესტორან "წისქვილში" თბილისის საკრებულოს ოფიციალური ვახშმისთვის 7 000 ლარამდე თანხა ბიუჯეტის სპეციალური (წარმომადგენლობითი ხარჯების) მუხლიდან გამოიყო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს.
მისივე განმარტებით, ამ მოკრძალებულ ვახშამს ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, საპატიო თბილისელები, აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სულ ეს ვახშამი მოწყობილი იყო 70-მდე პირისთვის. მეტიც, აბსოლუტურად ყველა ფრაქციის დეპუტატი იყო ამასთან დაკავშირებით გაფრთხილებული, მაგრამ უმცირესობის წევრები ამ ვახშამზე არ მისულან.
ამასთან, დავით ჯინჭარაძე ურჩევს ჟურნალისტებს, მოიკითხონ, რა დაჯდა მერიის მიერ ფუნიკულიორზე გამართული ვახშამი, რომელიც, მისი თქმით, გაცილებით მეტი იყო, დაახლოებით სამჯერ მეტი მაინც.
„მთავარი ის არის, ახალგაზრდული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს უზნეო კობა ხაბაზი, რომელიც არის დაკავებული არცთუ ისე კარგი საქმიანობით, ქალაქ თბილისის მერს გაფორმებული ჰყავს სამეთვალყურეო საბჭოში, საიდანაც იგი იღებს 2500 ლარს. თუ მას ძალიან აინტერესებს ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილი, მოიკითხოს წლების განმავლობაში როგორც ხდებოდა "ნაცმოძრაობის" პარტიული შეხვედრების ვახშმების დაფინანსება, რისთვისაც შეგვიძლია დოკუმენტი წარმოვადგინოთ. ასი ათასობით ლარი დახარჯულია თბილისის ბიუჯეტიდან“, - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, გულიკო ზუმბაძე ორივე ვახშამზე იმყოფებოდა და, თუ იგი არ ეთანხმებოდა საკრებულოს ან მერიის მიერ მოწყობილ ვახშამს, მაშინ არ უნდა წასულიყო არცერთ ვახშამზე. მეტიც, დავით ჯინჭარაძის თქმით, ნაციონალების მიერ დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდეა დახარჯული ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა პარტიული შეხვედრებისა და ვახშმებისთვის და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სარევიზიო კომისია მერიის ადმინისტრაციაში დაასრულებს მუშაობას.