„ზედაზენისა“ და „ბარამბოს“ გარშემო შექმნილი მდგომარეობა კითხვებს აჩენს“

„ზედაზენისა“ და „ბარამბოს“ გარშემო შექმნილი მდგომარეობა კითხვებს აჩენს“

ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესების და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტების მონიტორინგს იწყებს „აფბა“.  ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბიზნეს-სექტორმა შვება იგრძო და გაცილeბით მშვიდ გარემოში დაიწყო ფუნქციონირება და განვითარებაზე ფიქრი, ვიდრე ეს სააკაშვილის მთავრობის პირობებში იყო შესაძლებელი. როგორც for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე „აფბას“ წევრებმა აღნიშნეს, ბიზნესს გაუჩნდა პოზიტიური მოლოდინები და რაც მთავარია, ბიზნესმა დაიწყო საშუალო და გრძლევადიანი საქმიანობის პროგნოზირება.  მთავრობისა და პრემიერის განცხადებები, რომ სახელმწიფო ბიზნესისი საქმინაობაში არ ჩაერევა და რომ ადგილი არ ექნება შერჩევითი სამართლის პრაქტიკას, ბიზნესს უკეთესი მომავლის მოლოდინს უჩენს.

თუმცა, მათივე განმარტებით, გარკვეული სკეპსისის საფუძველს აჩენს ბიზნესთან, ბიზნესმენებთან და მესაკუთრეებთან მიმართებაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება და ჩიხში შესვლა. როგორც „აფბას“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ცალკეული ფაქტები, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესების შევიწროების შთაბეჭდილებას და შერჩევითი სამართლის განცდას ტოვებს.

„ასეთ ფაქტებს არ მიუღია ფართო მასშტაბი, მაგრამ ცალკეული შემთხვევებიც, ვფიქრო საგანგაშოა, რადგან ყველაფერი პირევლი ფაქტებით იწყება და თუ საზოგადოებამ და მთავრობამ შესაბამისი რეაქცია დროულად არ გამოამჟღავნა, შესაძლოა ყველაფერი ისევ ძველ წრეზე დაბრუნდეს. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ამ მიმართულებით დაფიქსირებული ფაქტების მონიტორინგს და მოუწოდებთ კოლეგებს პროფესიული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ძალისხმევის გაერთიანებისკენ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მონიტორინგისა და შესაბამისი სამუშაოს ჩატარების შემდეგ გავცემთ პასუხს პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ საკითხს, არის თუ არა საქართველოში ბიზნესისა და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტები“, -  აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

ამის მაგალითად „აფბას“ წევრები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ კითხვები ჩნდება შპალების ქარხანასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სამართლებრივი დევნის გამო. როგორც გამგეობის წევრმა, მერაბ ჯანიაშვილმა აღნიშნა, ასევე, კითხვებს აჩენს ლუდსახარშ „ზედაზენისა“ და კომპანია „ბარამბოს“ გარშემო შექმნილი მდგომარეობა.

„გაუგებარია რატომ მივიდა საქმე სასამართლომდე და რატომ ვერ მოხერხდა დიალოგის რეჟიმში იმ სადავო საკითხების გადაჭრა, რომელიც მცირე და საშუალო გადამზიდველებსა და სახელმწიფოს შორის წარმოიშვა. ასევე, გაუგებარია, რატომ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი, რომელიც მთავრობის წინაშე საჯაროდ სვამს კონკრეტულ საკითხებს და დღემდე უშედეგოდ ცდილობს მიაღწიოს პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას.

პრობლემური გახდა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის და დავით ბეგიაშვილის სახელმწიფოს მიმართ არსებულ პრეტენზიებზე არგუმენტირებული პასუხების მიღება.  დღემდე გაურკვეველია, თუ საბოლოოდ რა მიდგომას ჩამოაყალიბებს მთავრობა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მიმართ, რომელთაც  პრეტენზიები აქვთ უსაფუძვლოდ თავსმოხვეული მარკირების საკითხის დღემდე გადაუჭრელობის გამო. ზემოთჩამოთვლილი საკითხები, ვფიქრობთ, საკმარისია საიმისოდ, რომ არასამთავრობო სექტორი მათი საფუძვლიანობით აქტიურად დაინტერესდეს“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

ის, რაც ჩოჩელის ბიზნესის გარშემო ხდება, შეიძლება თუ არა, რომ შეფასდეს, როგორც ზეწოლა ბიზნესზე?

- ის საქმე რაც მის მიმართ არის აღძრული, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან სასაცილოა. დადგენილება ბრალდების შესახებ იწყება ისე, რომ ცეზარ ჩოჩელი იყო გუბერნატორი და მერე არის საქმეზე საუბარი. შედარება რომ გავაკეთოთ, ერთ თვეში მიდის ბიძინა ივანიშვილი და იგი „ყოფილი პრემიერი და ბიზნესმენი“ ხომ არ იქნება? იქნება ბიზნესმენი. რადგან ამ ადამიანს წარსულში პოლიტიკური თანამდებობა ეჭირა, ამიტომ თქმა იმისა, რომ დამნაშავეა და მისგან მტრის ხატის შექმნა, სწორად არ მიმაჩნია.

მთავარი ბრალდება არის ის, რომ ბიზნესმენმა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდა ეს ქარხანა. საინტერესო ის არის, რომ საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს სახელმწიფო, როდესაც რაიმე ყიდის. თუ ისტორიას გადავხედავთ, უამრავი ქარხანა და საწარმო გაიყიდა 1 ლარად. თუ ამ პრინციპით წავალთ, მაშინ ყველა ტენდერი უნდა გადაიხედოს და ყველა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თუ ბიზნესმენს უნდა შეექმნას პრობლემები. ანუ, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ვიღაცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და შემდეგ ბიზნესმენია, ამის გამო ყველას უნდა ჩამოერთვას ბიზნესები და მათ არ უნდა შეექმნათ პრობლემები. თუ ვინმემ დააშავა, მან პასუხი უნდა აგოს, მაგრამ შერჩევითი მიდგომა არ უნდა იყოს.

ისევ ჩოჩელს, რომ დაუბრუდეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ კითხვები ჩნდება შპალების ქარხანასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სამართლებრივი დევნის გამო. კონკრეტულად, რა კითხვებია?

- ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა არის, რომ კომპანია გაიყიდა 12 მილიონ ლარად და აუდიტი ჩაატარეს 2013 წელს და თქვეს, რომ მისი ღირებულება არის 19 მილიონი ლარი. ანუ 12 მილიონ ლარად იყიდა არა ცეზარ ჩოჩელმა, არამედ სხვა კომპანიამ, 2013 წელს 19 მილიონი დაადგინა აუდიტორმა და ეს კომპანია გაიყიდა 2010 წელს და მერწმუნეთ, რომ უფრო ნაკლები იქნებოდა მისი ფასი. თან იძახიან, რომ სახელმწიფოს 19 მილიონი ლარის ზარალი მიადგაო.

საუბარი იმაზე კი არაა, რომ 19 მილიონი ღირდა და 12 მილიონი გადაიხადა და დაუშვათ 7 მილიონი მიაყენა ზარალი, მთლიანად 19 მილიონზეა საუბარი და იმ 12 მილიონს არ თვლიან. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად გაიყიდაო, ანუ მე როდესაც ვარ ბიზნესმენი და რაღაცას ვყიდულობ, სახელმწიფომ შეიძლება 1 ლარად მომცეს მილიონის ღირებულების ქონება და ეს ჩემი ბრალი არ იქნება. მნიშვნელოვანია მეორე დეტალი, რომ თუ ეს იყო დანაშაული, ცალმხრივად არ შეიძლება მომხდარიყო, ანუ ვიღაცამ სახელმწიფოს მხრიდან შეუწყო ხელი. დღეისათვის ეს საქმე მიმდინარეობს უშუალოდ ბიზნესმენის მიმართ. ანუ ბრალდება არის წაყენებული ცეზარ ჩოჩელზე და არა რომელიმე სხვა პირზე. თუ მან სასათბურე პირობებში მოახდინა ამის ყიდვა, ჩნდება მარტივი კითხვა, ვინ შეუწყო ხელი? მეორე მხარე არ ჩანს. ბიზნესმენს კი არ ედავებიან, არამედ ცეზარ ჩოჩელს ედავებიან. ცეზარ ჩოჩელი არ არის ამ ბიზნესის მფლობელი და მაინც მას ედავებიან. ეს ბინზნესები იურიდიულად არაა მასთან კავშირში და ამით ბიზნესები ზარალდება. თუ ჩოჩელს დანაშაული აქვს ჩადენილი, გაუგებარია რატომ აჩერებენ ბიზნესებს.