[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
ახალი საწარმოს შექმნას, მის ეროვნული მასშტაბის კომპანიად ქცევას, შემდეგ გაყიდვას და კიდევ ერთი, სხვა სფეროს ფირმის შექმნას განსაკუთრებული ტალანტი სჭირდება. ფერუჩიო ლამბორჯინი ჯერ ტრაქტორებს უშვებდა, შემდეგ გამათბობელ ხელსაწყოებს, მოგვიანგებით კი პრესტიჟულ ავტომობილებზე, კატერებსა და ღვინოზე გადაერთო. იგი მის მიერ შექმნილ კომპანიას დაუნანებლად ემშვიდობებოდა და ხელს იმ საქმეს კიდებდა, რომელსაც იმ მომენტისათვის განსაკუთრებით საინტერესოდ თვლიდა. ასე ჩამოყალიბდა მსოფლიოში განთქმული Lamborghini.
ხარები და ტრაქტორები
ფერუჩიო ლამბორგინი დაიბადა 1916 წლის 28 აპრილს პატარა იტალიურ სოფელ რენაცო დი ჩენტოში. თითქოს მას ბედი ფერმერის ცხოვრებას უმზადებდა, მისი მშობლები ხომ სწორედ ამ საქმიანობას ეწეოდნენ, ყურძნის დიდ მოსავალს იღებდნენ და ღვინოს ამზადებდნენ. მაგრამ ფერუჩიო ტექნიკით დაინტერესდა და 30-იანი წლების შუაში ბოლონიის უნივერსიტეტის სამრეწველო დიზაინის
ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანები შეისწავლა.
მაგრამ მან სპეციალობით მუშაობა ვერ მოასწრო. მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და რიგითი ლამბორჯინი კუნძულ როდოსზე იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებში აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა სუპერავტომობილების მომავალი შემქმნელის ტექნიკური გენია. იგი მინიმალურ დროში და სათადარიგო ნაწილების დეფიციტის პირობებში ყოვლად უიმედო მდგომარეობაში მყოფი ძრავების შეკეთებას ყოჩაღად ახერხებდა.
ომში დამარცხებულ იტალიაში სიდუხჭირე გამეფდა. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობას უჭირდა, რომელსაც არანაირი ტექნიკა აღარ გააჩნდა. მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა კაპრალმა ლამბორჯინიმ მოქმედების გეგმა შეიმუშავა და თავისი ნიჭის წყალობით ჯართისაგან ტრაქტორი ააწყო. პირველს კიდევ მეორე და მესამე ტრაქტორი მოჰყვა, რომლებიც გაყიდა და პირველადი კაპიტალი გამოიმუშავა. ამ ფულით ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკის შეძენას შეუდგა.
ლამბორჯინის ტრაქტორების ბიზნესი მშვენივრად აეწყო, მისი ნახელავი ამერიკულ ნაწარმს კონკურენციას უწევდა და 1949 წელს მან შექმნა კომპანია Lamborghini Trattori, რომელიც სწრაფად განვითარდა. თავისი ფირმის ემბლემად ფერუჩიომ ხარი, როგორც ძლიერების სიმბოლო, აირჩია. ერთი წლის შემდეგ მისი კონვეიერიდან დღეში უკვე 400 ტრაქტორი ჩამოდიოდა. ლამბორჯინი თავად მონაწილეობდა ახალი ტექნიკის პროექტირებასა და გამოცდაში. 1952 წლიდან მსუბუქ ტრაქტორებთან ერთად მან საშუალო და მძიმე ტექნიკის წარმოებაც დაიწყო.
ლამბორჯინიმ გადაწყვიტა, რომ თავისი ტექნიკა საკუთარი წარმოების დიზელის ძრავებით უნდა აღეჭურვა. ამან მისი ნაწარმის ღირებულება შეამცირა და კიდევ უფრო პოპულარული გახადა. 50-იანი წლების ბოლოს Lamborghini Trattore იტალიაში სასოფლო სამეურნე ტექნიკის სფეროს მონოპოლისტი და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გახდა.
გამათბობელები და ავტომობილები
ტრაქტორებისადმი 15 წლის მიძღვნის შემდეგ ლამბორჯინიმ ერთგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტი იგრძნო. უკვე აყვავებული კომპანია მას დიდად აღარ აინტერესებდა და მალე ახალი ფირმა Lamborghini Bruciatori შექმნა და საწარმოო გამათბობელებისა და გამაგრილებლების წარმოება დაიწყო. ამგვარი არჩევანის მიზეზი ის გახლდათ, რომ მსგავს პროდუქციას იტალიაში იქამდე არავინ უშვებდა.
სულ რაღაც სამ წელში ახალი საწარმო მომგებიანი გახდა. ხარის ემბლემიანმა გამათბობელებმა და გამაგრილებლებმა იტალია დაიპყრო. ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვილისათვის კი იტალიის მთავრობამ ლამბორჯინის კომენდატორეს ტიტული მიანიჭა.
თუმცა, 1963 წელს ლამბორჯინიმ კვლავ დისკომფორტი იგრძნო. მისი ორივე კომპანია საათივით მუშაობდა და მას მოწყენილობა დაუეფლა. თანაც ლამყორჯინის ენცო ფერარის შურდა, რომლის ვარსკვლავიც 50-იან წლებში ამობრწყინდა.
ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ ლამბორჯინის ავტომობილები ძალიან უყვარდა. თავის დროზე რამდენჯერმე ავტორბოლაშიც კი მონაწილეობდა. ჰოდა, მან თავისი ბიზნესის დიდი წილი გაყიდა და რიგით მესამე კომპანია Automobili Ferruccio Lamborghini შექმნა. ასე შეიჭრა ლამბორჯინი სპორტული ავტომობილების ბაზარზე, სადაც დიდი კონკურენცია სუფევდა. მოკლედ, დიდ რისკზე წავიდა.
თუმცა, რისკმა გაამართლა და ხარის გამოსახულებიანი ემბლემით დამშვენებულმა ავტომობილებმა 60-იანი წლების შუაში იტალიაში, 60-იანი წლებისავე ბოლოს კი მთელს მსოფლიოში აღიარება მოიპოვა. ლამბორჯინის ბიზნესის წარმატების მთავარი საფუძველი ის გახლდათ, რომ მან გადაწყვიტა თავისი ახალი საქმის ჩარჩოები და თავისი ავტომობილების განსაკუთრებული შტრიხები მჭიდროდ განესაზღვრა.
ლამბორჯინის პროდუქციის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი ექსკლუზიურობა იყო. კონვეიერგავლილი Ferrari-ის ფონზე ხარიანი მანქანები ერთობ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებული წარმატება 1971 წელს გამოშვებულმა Lamborghini-Countach-მა მოიპოვა, რომელიც თავის კლასში უმალ საუკეთესოდ სცნეს და მთელი 19 წლის განმავლობაში იწარმოებოდა, რაც ამ ტიპის მანქანებისათვის გაუგონარი ვადაა.
გარდა ამისა, 70-იანი წლების დასაწყისში ლამბორჯინიმ სწრაფმავალი კატერების, სკუტერების და ძრავების წარმოება დაიწყო. მისი ეს ბიზნეს-სვლაც წარმატებული აღმოჩნდა.
დაობლებული ხარი
1972 წელს დაწყებულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა საავტომობილო ბიზნესი ძლიერ დააზარალა. ლამბორჯინიმ თავისი კომპანიის 51 პროცენტი შვეიცარიელ მილიარდერს როსეტის მიყიდა, ორი წლის შემდეგ კი დარჩენილი წილი სხვა მეწარმეზე, ლიმიერიზე გაასხვისა. 1993 წელს გარდაცვალებამდე ლამბორჯინი მეღვინეობას ეწეოდა.
კომპანია კი არათანაბრად ვითარდებოდა. 1978 წელს იგი კინაღამ გაკოტრდა, რისი მიზეზიც ჯიპების წარმოების დაწყების წარუმატებელი მცდელობა გახლდათ. Lamborghini ალესანდრო არტესისა და ჯულიო ალფიერის ანტიკრიზისულმა პროგრამამ იხსნა. 1980 წელს მათ კომპანია უმსხვილესი იტალიური კვების პროდუქტების მწარმოებელი კონცერნის მეპატრონე ძმებ მიმრანებს მიჰყიდეს.
1987 წელს საავტომობილო ბრენდის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ძმებმა მიმრანებმა, რომლებმაც კომპანიის ფეხზე დაყენება შეძლეს, იგი კონცერნ Chrysler-ს მიჰყიდეს. ამერიკულმა მხარემ Lamborghini-ის ახალ პრეზიდენტად ემილიო ნოვარო დანიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც კომპანია გაიფურჩქნა და 1990-1991 წლებში მისი გაბიდვების მოცულობამ 70-იანი წლების მაჩვენებელს გადააჭარბა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა სუპერპოპულარული მოდელი Diablo, რომელმაც განთქმული, მაგრამ მოძველებული Countach ჩაანაცვლა.
თუმცა, ორიოდე წლის შემდეგ გაყიდვებმა კვლავ იკლო და 1994 წელს Chrysler-მა Lamborghini-ის ინდონეზიური კომპანია MegaTech-isaTvis მიყიდვა გადაწყვიტა. 1998 წელს კი განთქმული ბრენდი ჯგუფმა Audi-იმ შეიძინა. მას Automobili Lamborghini Conducting ეწოდა და საავტომობილო სამყარო ახალი მოდელით Miura-თი გააოცა. ამჟამად Lamborghini ავტომობილების გარდა კატერებსა და საზღვაო ძრავებს აწარმოებს.