ვინ აფინანსებს ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას

ვინ აფინანსებს ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას

წინასაარჩევნო პერიოდში ნაცმოძრაობას არასდროს აკლდა თანხები. მაშინ, როცა სხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ქართველი ბიზნესმენები ერიდებოდნენ, მაშინდელი მმართველი პარტიის მიმართ ასეთი ხელმომჭირნეობა არავის გამოუხატავს. ნაციონალები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ მათ იდეოლოგიური მომხრეები ჰყავდათ, რომლებიც თანხებს უპრობლემოდ, საკუთარი ნებით სწირავდნენ მმართველ გუნდს და ამას საერთო არ ჰქონია ბიზნესის მოთვინიერებასთან. დღეს კი ვითარება შეცვლილია,  მართალია, ნათია მოგელაძის აჩრდილი პოტენციურ შემომწირველებს აღარ დასტრიალებთ, მაგრამ დღევანდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საიტზე თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის შემომწირველთა სიას შეხვდებით, მაგრამ არა - ნაცმოძრაობის.

რა შეიცვალა და რატომ აღარ სურს არავის, ოფიციალურად თანხები ჩაურიცხოს ნაციონალურ მოძრაობას? რატომ არ გამოჩნდა ამ პარტიის თუნდაც ერთი იდეოლოგიური მომხრე, რომელიც არ დამალავდა ამ გუნდის ოფიციალურ თანადგომას? რატომ არ აისახა ბიზნესმენთა გულგრილობა და თანხების სიმწირე ნაციონალების წინასაარჩევნო კამპანიაზე და საიდან აქვთ მათ შესაბამისი თანხები? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაგებად ნაციონალებსა და ექსპერტებს ვესაუბრეთ.

ასევე, დავუკავშირდით აუდიტის სამსახურს, სადაც განგვიმარტეს, რომ ნაცმოძრაობის მიმართ შემოწირულობა მართლაც არავის განუხორციელებია.     

„ამ დროისთვის ყველა შემოწირულობა, თუკი ასეთი შემოწირულობა ვინმეს განუხორციელებია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ასახულია ჩვენს საიტზე. ხოლო, თუ ასეთი ინფორმაცია კონკრეტული პარტიის მიმართ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიას შემოწირულობა არ აქვს“, - გვითხრეს აუდიტის სამსახურში.

შესაბამისად, ირკვევა, რომ ნაცმოძრაობა მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით უნდა სარგებლობდეს. თუმცა ნაცმოძრაობის საარჩევნო კამპანიას, პომპეზურ თავყრილობას სპორტის სასახლეში, რეგიონებში გასვლას და მათ სარეკლამო კამპანიას თანხების სიმწირე ნამდვილად არ ემჩნევა.    

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიას, უნდა მოეთხოვოს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა და იგი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური პარტიისთვის კანონით დადგენილ შემოსავლის წყაროებს. თუმცა ექსპერტს არ აკვირვებს ნაცმოძრაობის ასეთი ხელგაშლილობა, რადგან ცხრა წლის განმავლობაში ისინი არანორმალურად დიდ თანხებს აკონტროლებდნენ და ეს პოლიტიკური ძალა დღეს საქართველოში ყველაზე ძლიერი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელსაც ძირითადად, არალეგალური ფინანსები გააჩნია.

„აკონტროლებენ თუ არა დღეს ნაციონალები ბიზნესს?! ვფიქრობ, ვისაც აკონტროლებდნენ ცხრა წლის განმავლობაში, მათზე კონტროლი ახლაც აქვთ შემორჩენილი; ფინანსურ ნაკადებზე მათი გავლენა ძალიან დიდია და ამ მხრივ ახალ მთავრობას ჯერ არაფერი შეუცვლია. ნაციონალურმა მოძრაობამ ფეხზე დააყენა არაერთი დიდი ბიზნესმენი, ფაქტობრივად, მონოპოლიზირებულ ეკონომიკას სწორედ ნაციონალებმა განუსაზღვრეს სეგმენტები და სფეროები, რა სფეროებშიც ეს ე.წ. ბიზნესმენები იკავებდნენ ადგილს. ნაცმოძრაობა კვლავაც ინარჩუნებს მათთან კავშირს და ადამიანურადაც, ისინი ვალდებულნი არიან, მიეხმარონ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც მათ მილიონების გამომუშავებისა და ჩვენი ხალხის განუკითხავად ძარცვის საშუალება მისცა“,- აცხადებს დემურ გიორხელიძე და ასკვნის, რომ ასეთი ბიზნესმენების მხრიდან ნაცმოძრაობის დახმარება ანბანური ჭეშმარიტებაა.  

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარე საკმაოდ სუსტია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში ბიზნესი ვერ განვითარდა და ვერ დადგა ფეხზე, ადამიანების კეთილდღეობის დონე არ ამაღლდა, რომ მათთვის მოსაწონ პოლიტიკურ ძალას შესწირონ და ფონდში შეიტანონ გარკვეული თანხები. თუმცა ვაჟა ბერიძის თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიისთვის რაიმე ფინანსური შენატანის განხორციელება ლამის სახელმწიფოსა და ქვეყნის მტრობად ითვლებოდა. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასე რომ, დღესაც ნაციონალების უკან დგას წინა ათ წელიწადში გამდიდრებული საკმაოდ დიდი ფენა.

სწორედ ამით ხსნის ვაჟა ბერიძე, რომ ნაციონალები უფულობას არ უჩივიან და ეს მათ საარჩევნო კამპანიასაც ეტყობა, ვინაიდან ისინი კარგად დაფინანსებულ პოლიტიკურ ძალად გვევლინებიან.

„ამ ათი წლის მანძილზე გამდიდრებული ფენა აფინანსებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. თუ როგორ ხდება ეს, შემოწირულობების ორგანიზებით, ნაღდი ფულის უკანონო მოძრაობით თუ სხვა მხრივ, ეს ფაქტები ჩემთვის მიუწვდომელია, მაგრამ იქ, სადაც საჭიროა კანონიერი ფინანსებისა და შემოსავლების ჩვენება, რეკლამები იქნება თუ „ივენთების“ ორგანიზება, ხალხის ტრანსპორტირება და სხვა, ნაციონალები ლეგალურად მიღებულ შემოსავალს წინა პლანზე წამოსწევენ და აჩვენებენ, რომ თურმე ეს სახელმწიფო დაფინანსებით მიღებული თანხები ყოფილა. აქედან გამომდინარე, ფინანსური შესაძლებლობის თვალსაზრისით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ ჩამოუვარდება „ქართულ ოცნებას“. მე არ ვამბობ, რომ  ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ის არის პოტენციური დამფინანსებელი „ქართული ოცნების“. ამ თვალსაზრისით, ის არის ყველაზე დიდი და ძლიერი რესურსის პარტია, მაგრამ არანაკლები ფინანსური რესურსი დგას ნაცმოძრაობის უკან,“-აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობას შემომწირველები არ ჰყავს, რაც ამ შემომწირველთა სიფრთხილეზე მიუთითებს. თუმცა ნაციონალები საარჩევნო ბატალიებში გამოცდილი ხალხია და საჭირო ფინანსების მობილიზებას, ყველა შემთხვევაში, შეძლებენ.  

ამის მიუხედავად, ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის მართლაც შემაფერხებელია, რომ მათ ბიზნესმენებისგან ფულის ძალით მიღება აღარ შეუძლიათ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ნაცმოძრაობა, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში არსებული თანხებით სარგებლობს.  

რაც შეეხება შემოწირულობებს, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ამ ეტაპზე რაიმე შეიცვალა თუ არა, მაგრამ მისი ბოლო ინფორმაციით, ნაცმოძრაობისთვის შემოწირულებები  ნამდვილად არ გაუღიათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი „თავისუფალია“ ბიზნესი.

ჩვენ დავინტერესდით, თუკი აქამდე ნაცმოძრაობით მოხიბლული ბიზნესმენები დიდ შემოწირულობებს არ იშურებდნენ, დღესდღეობით რატომ აღარ ინტერესდებიან ამ მოძრაობით, რაზეც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ, არცერთ ბიზნმესმენს არ სურს, ხვალ დაკითხვაზე დაიბარონ და მისი საწარმოები გააჩერონ.

„სწორედ ამის გამოა, რომ ამ ეტაპზე ბიზნესი ღიად გამოხატავს პოზიციას და უარს ამბობს ნაცმოძრაობის დაფინანსებაზე. ამდენად, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე ყოფნა ნაცმოძრაობისთვის დანაკლისია. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან გიორგი მარგველაშვილის პლაკატებია. ასეთი მასშტაბით არ შეგვიძლია საარჩევნო კამპანიის წარმოება, მაგრამ რაც გვაქვს, იმას ვიმყოფინებთ,“-აღნიშნა დეპუტატმა.

ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, რა თანხის დახარჯვას აპირებს და უკვე რამდენი დახარჯა ნაცმოძრაობამ საარჩევნო კამპანიისთვის, თუმცა ირმა ნადირაშვილს პარტიის ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.