"სიმართლე გითხრათ, ყრილობაზე მეც რებრენდინგს ველოდი და რაც მოხდა, ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოოდ "დაბრედვა" იყო. მნიშვნელობა არ აქვს, რა ილაპარაკეს ყრილობაზე - ამ პარტიის მავნებლურ და დანაშაულებრივ პოლიტიკას ვერავინ დაივიწყებს. სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკობდა, რაც სასაცილოა. მინიმუმ ასი წელი "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ალბათ ბევრი ელოდა, რომ ვანო მერაბიშვილი აღარ იქნებოდა პარტიის გენმდივანი. თუმცა, როგორც ჩანს, "ნაციონალებს" სჭირდებათ მერაბიშვილი, რათა "ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერა არ დაკარგონ. რომელ დემოკრატიაზე, რა ფასეულობებზე ლაპარაკობს ის ხალხი, რომელთაც ცხრა წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული ჩაიდინეს?!" - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ორი ძალოვანი მინისტრი ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრება" / "როგორც კი ორხელისუფლებიანობა დასრულდება, ეს აისახება ეკონომიკაზეც".
"სხვათა შორის, შარშან ამ დროს "ნაციონალები" შერცხვნენ "დინამოს" სტადიონზე, როდესაც ნათლად გამოჩნდა, რომ მომხრეები შემოეცალათ. წლეულს კი უკვე სპორტის სასახლეს დასჯერდნენ. ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს კვლავაც "ნაციონალთა" მომხრეები არიან, წარსულ ხიბლში მყოფებად მიმაჩნია. თუმცა ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა - წლები დასჭირდა ხალხს, რომ კომპარტიის ნოსტალგია განელებოდა და ასე მოხდება ნეობოლშევიკთა შემთხვევაშიც. რა ამის პასუხია და ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალებმა" ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალეს - არიქა, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეოს უღებდნენო. მაშინ მოდი, ჩავაყენოთ ახალაია იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის აყენებდა ათასობით პატიმარს და მერე ვილაპარაკოთ მისი უფლებების დაცვაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ვინ ან რომელი ქვეყანა იდგა "ჯიჰადის ვიდეოს" უკან, ალბათ, უახლოეს მომავალში გავიგებთ. ერთი რამ აღსანიშნავია - ძალიან კარგია, რომ ქართულმა სამართალდამცავმა უწყებამ ასეთი ტიპის საქმე გახსნა. იმას ვერ გამოვრიცხავ, იყო თუ არა ირაკლი ალასანიას განცხადება სტიმულატორი, რომ საქმის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაჩქარებულიყო. ჩემთვის მთელ ამ ისტორიაში ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ორი ძალოვანი მინისტრი, ღარიბაშვილი და ალასანია, ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრება და არც მკვახე შეპასუხებებს ერიდებიან. რაც უნდა გაურკვევლობა იყოს კოალიციის შიგნით, ამის სააშკარაოდ გამოტანა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და უხერხულობას უპირველესად ბიძინა ივანიშვილს უქმნის, რომელსაც თავსატეხი ისედაც არ აკლია. კოალიციაში როგორც უნდა იყოს გადანაწილებული ივანიშვილის სიმპათია-ანტიპათია, ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო არ უნდა იყოს. ნიჰილიზმის დათესვა ადვილია, მის გაქარწყლებას კი დიდი დრო სჭირდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, რა თქმა უნდა, იქნება კითხვები იმ ქვეყანაში, სადაც კოაბიტაციამ ბეჭებზე დასცა სამართლიანობა. ეს საზოგადოების განწყობაა, ამის უამრავი მაგალითია და ჩამოთვლას არ დავიწყებ. რაც შეეხება მთავრობას - დიახ, მას ვუწუნებ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს. ერთხანს მთავრობა აქტიურობდა, თუმცა შემდეგ გაჩუმდა, როგორც ჩანს, ბევრი სათქმელი არც აქვს. უამრავი საქმის თავიდან გამოძიება დაიწყო და არც ერთი არ მისულა ბოლომდე. იქნებ აგვიხსნან, რას ნიშნავს დაპირება, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება? ორი ვარაუდია: ან საკოაბიტაციო არაფერი იქნება და 27 ოქტომბრის შემდეგ ყველანი ძმები გავხდებით, ან დამნაშავენი დაისჯებიან. ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ ამ კითხვაზე 27 ოქტომბრის შემდეგ. არ მსურს, სამართლიანობა მხოლოდ სიტყვით გამოსვლისას გამოსაყენებელ სავალდებულო ტერმინად იქცეს და სამართლის აღსრულების ვერც ერთი ფაქტი ვერ დადასტურდეს. არ გამოვიდეს ისე, რომ მთავრობის წევრები, როდესაც გაიხსენებენ, რას ამბობდნენ შარშან შემოდგომაზე და რა პირობები ჰქონდათ შესასრულებელი, უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ", - დასძენს სოსო ცისაკრიშვილი.
"ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზი ის მავნებლური პოლიტიკაა, რომელიც ოპოზიციად წოდებულმა მეორე ხელისუფლებამ აირჩია. მათ მთელ მსოფლიოს მოსდეს ნეგატიური ინფორმაცია ახალი ხელისუფლებისა თუ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. არც ერთი ჭკუათამყოფელი ბიზნესმენი ასეთ ვითარებაში რისკს არ გასწევს. საერთოდ, ეკონომიკურად არამყარ ქვეყანაში ფული შეიძლება დააბანდონ მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის ორგანიზაციებმა. სწორედ ასეთი ფული შემოდიოდა მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობა" ინვესტიციების შემოდინებით ამაყობდა. ერთი შემთხვევა მახსენდება - როდესაც "ნაციონალებმა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ტენდერი გამოაცხადეს, პირველი ტენდერი მოიგო თურქულმა კომპანიამ, რომელიც წარმოგვიდგინეს, როგორც "თურქული ავიახაზების" ყველაზე მსხვილი პარტნიორი. ამ კომპანიამ მალე უარი თქვა ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან საჭირო თანხა ვერ მოაგროვა. დავინტერესდი და გავარკვიე - დიახ, ეს იყო "თურქული ავიახაზების" ყველაზე მსხვილი პარტნიორი, ოღონდ... მგზავრების საუზმით უზრუნველყოფაში!" - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებულია რთულად წარმართული კოაბიტაციის პროცესითა და ოპოზიციის ლიდერთა (ყოფილი მაღალჩინოსნების) დაკავების გამო..." - პასუხობს:
"ბევრჯერ გვისაუბრია, რატომ აკეთებენ ასეთ საქმეში ჩაუხედავ განცხადებებს "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები, რომლებიც ასამბლეაში უმრავლესობას წარმოადგენენ. თუმცა მათ ნამუსი ოდნავ ჩამოიწმინდეს - რეზოლუციაში მკაცრად არის შეფასებული რუსეთის ვერაგული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და "ევროპის სახალხო პარტიის" წევრებმა დაადასტურეს, რომ მტრად არ არიან მოკიდებული ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება მერაბიშვილს, ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ, მოინახულეს ყოფილი პრემიერი და ნახეს, რომ ადამიანურ პირობებშია. საინტერესოა, სხვა რას ელოდნენ ან რა უნდოდათ? ისინი შეშფოთებული არიან თავად მერაბიშვილის პატიმრობით. ასეთ ვითარებაში ერთადერთი გზაა - ყველა საქმე უნდა გამოიძიონ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. სამწუხაროდ, ვისაც უნდა ეწყინოს, ფაქტია - ინსტიტუციებს შორის დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე შავ ლაქად პროკურატურა რჩება".