სრული ფარსია ელჩის საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების დასტაბილურების სურვილზე, რადგან საქმით, ისინი თავად ახალისებენ რადიკალიზაციას, - ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილში.
წერილის თანახმად, ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით, დაინტერესებული ძალები, ერთი მხრივ, საკუთარი აგენტების დაცვას, მეორე მხრივ კი, ქართული მართლმსაჯულებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობენ.
„ძალადობის მიმართ გამოვლენილი სოლიდარობით ეს ძალები საქართველოში შემდგომი ძალადობის პროვოცირებას ახდენენ. ამით, ერთი მხრივ საკუთარი აგენტების დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ქართულ მართლმსაჯულებას და სუვერენიტეტს ებრძვიან.
როგორ შეიძლება აქ არ ვახსენოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კატასტროფული რეზოლუცია და ევროპარლამენტის შენობაში გამართული სამარცხვინო სპექტაკლი, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ მზია ამაღლობელის „ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოდ“ მონათვლის მცდელობა და საზოგადოების მოტყუება, თითქოსდა მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაკავებული, მაშინ, როდესაც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მზია ამაღლობელმა სამართალდამცავს,“ - აღნიშნულია წერილში.
„ხალხის ძალის“ განცხადებით, ევროპელი „მეგობრები“ ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, მელია, მზია ამაღლობელი და სხვები, პოლიტპატიმრებად შერაცხონ, რაც ადასტურებს იმას, რომ ოფიციალური ბრიუსელი ღიად უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.
„თავად განსაჯეთ რამდენის უფლებას აძლევენ ევროპელი „მეგობრები“ თავს, როდესაც ქართველ ხალხს უბედავენ, რომ სააკაშვილი, ნიკა მელია, მზია ამაღლობელი და სხვები პოლიტპატიმრებად შერაცხონ!
ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ საკადრისი პასუხი გავცეთ მათ!
ფაქტია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ, ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ! ოფიციალური ბრიუსელი ღიად ებრძვის და უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას.“ - ნათქვამია „ხალხის ძალის“ წერილში.