Politrus - რატომ მოვიდა ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილი

Politrus - რატომ მოვიდა ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილი

"მავრმა თავის საქმე გააკეთა", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა Politrus სტატიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესახებ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ წავა.
სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილის წასვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, რადგან ვერავინ ამბობს გადაჭრით, ჩატარდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური.
"ასევე უცნობია, ვინ გახდება ივანიშვილის მემკვიდრე, რაც საქართველოს ერთობ პოლიტიზებული საზოგადოებისთვის ახალი ინტრიგაა. წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის პირველივე განცხადების შემდეგ, ექსპერტებსაც და საზოგადოებასაც ერთი კითხვა გაუჩნდათ – ან კი რატომ მოდიოდა? ერთი წლის განმავლობაში საქართველოს არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა, თუ არა ჩავთვლით სააკაშვილის გარემოცვის წევრთა რეზონანსულ დაკავებებს კორუფციის ბრალდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანა იმავე მიმართულებით მიდის, რომელიც სააკაშვილის მმართველობისას შეიქმნა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველო კვლავინდებურად ისწრაფვის ნატო-სკენ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა, თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ხელმოწერის განზრახვა. ავტორი ასევე წერს, რომ საქართველო კვლავ არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, მათ ისევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საკუთარ ტერიტორიებად მოიხსენიებს და საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიებისთვის ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდებს.

"მაშ, რატომ მოვიდა ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილი? გამოდის, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან გადაყენების მიზნით. 90%-ით მას ეს გამოუვიდა. და რამდენად იყო და არის ივანიშვილი კრემლის პროექტი? - გავბედავ და ვიტყვი, რომ ყველაზე ოპტიმალური გათვლებით არანაკლებ 50%-ისა. ივანიშვილი რომ მთლიანად მოსკოვზე ყოფილიყო დამოკიდებული, გასული წლის ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მას და "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებას არ გადასცემდნენ", - ნათქვამია Politrus სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლო, არ ეღიარებინა "ქართული ოცნების" გამარჯვება არჩევნებში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ივანიშვილი მოსკოვისა და ვაშინგტონის დახმარებით სიტუაციას თავის სასარგებლოდ შემოაბრუნებდა და გამორიცხული არ არის, ძალაც კი გამოეყენებინა.

Politrus სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრადიციული გაგებით ბიძინა ივანიშვილი არც პოლიტიკური მოღვაწეა და არც ჩინოვნიკი.
"ივანიშვილი ის "მწმენდავია", რომელსაც მიზნად დაუსახეს სააკაშვილის გაწმენდა, რომელიც არც მოსკოვს აწყობდა და აღარც ვაშინგტონს. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ თბილისზე კონტროლისთვის გამალებული ბრძოლა ახალი ძალებით გაგრძელდება, თუმცა უკვე ახალ ფორმატში", - ნათქვამია სტატიაში.