ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა ნოდარ ხადურმა ბიზნესასოციაციის წევრებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გააცნო და კერძო სექტორის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დასაქმებულების რაოდენობის ზრდას და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების მოწესრიგების საკითხს.
ყველა მონაცემებით დასტურდება, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას აღემატება. შესაბამისად, საჯარო სექტორის შემოსავალი და ხელფასები კერძო სექტორისაზე მეტია, რაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ სიტუაციის დასაბალანსებლად, ნოდარ ხადურმა აღნიშნა: „ეს არის ინვესტიციები, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მიზნად დასახულია. ვიცით, რომ კერძო სექტორის განვითარებას საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების მოწესრიგება უნდა მოჰყვეს“.
ჯერჯერობით მთავრობა მარტოოდენ საჯარო სექტორის უზრუნველყოფაზე მუშაობს. მაღალჩინოსნებს ხელფასი მოემატათ და სამომავლოდაც არის მსგავსი ჩანაფიქრები. კერძო კომპანიებში კი ანაზღაურების მატების მხრივ სრული სტაგნაციაა.
„ბიპიენის“ გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 24,3% აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი ხელფასი გაიზარდა. გამოკითხვაში მონაწილეთა 48.5% კი ამბობს, რომ მათი ხელფასი არ გაზრდილა. გამოკითხულთა 7.4% მიიჩნევს, რომ მათი ხელფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა, ხოლო 19,8%-ის განცხადებით - პირიქით, შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საშუალო ხელფასის მოცულობა მეორე კვარტალში, იანვარი-მარტის პერიოდთან შედარებით, 75 ლარით გაიზარდა და 793 ლარი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, მაღალი ხელფასებით თანამშრომლებს, ძირითადად, მსხვილი კომპანიები უზრუნველყოფენ, სადაც საშუალო ჯამაგირი 937 ლარს აღწევს. რაც შეეხება საშუალო და მცირე საწარმოებს, იქ ხელფასები შედარებით ნაკლები - 647 და 497 ლარია.
საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 714.3 ლარი, მათ შორის, ქალების - 508.1 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 928.1 ლარი, საშუალო ბიზნესი – 528.1 ლარი, მცირე ბიზნესი – 338.1 ლარი.
სამაგიეროდ, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასის ოდენობა 800 ლარს აღწევს, ძირითადად, იმ დიდმოხელეების ანაზღაურების ხარჯზე, რომლებსაც, წესით და რიგით, საერთო გაჭირვების ფონზე უფრო მოკრძალებული შემოსავლები უნდა ჰქონდეთ. ამის სადემოსტრაციოდ ისიც კმარა, რომ საქართველოში მინისტრის ხელფასი რიგითი მოქალაქის ხელფასს 1000%-ით აღემატება.
„საშუალო ხელფასი სახელმწიფო მართვის სექტორში გაცილებით მაღალია, ვიდრე ისეთ სექტორში, სადაც წესით ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. ყველაზე მაღალი ხელფასი არის ბანკებში და სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში. ასე გამოდის, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ იქ, სადაც რეალურად არაფერი კეთდება. ბანკები მომსახურების სფეროს განეკუთვნებიან, სახელმწიფო სტრუქტურები კი ადმინისტრაციულ სექტორს.
ასეთი უთანაბრობა არა მგონია, კარგი შედეგის მომტანი იყოს. არ ვამბობ, რომ მინისტრს უნდა შეუმცირდეს ხელფასი, ამის მომხრე არ ვარ, უფრო კარგი იქნება, რომ სხვა სექტორებში დასაქმებულებს გაეზარდოთ ანაზღაურება და ეს კატასტროფული სხვაობაც შემცირდეს“, - აცხადებს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე.
სამწუხაროა, რომ ექსპერტებისა და ქვეყნის მოქალაქეების სურვილს წლიდან წლამდე ასრულება არ უწერია.