ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ კვლავ რთულ მდგომარეობაშია და ფინანსური ლაბირინთიდან გამოსვლას ცდილობს. სასამართლომ „გუდვილისა“ და „მარშეს“ მიმართ გაკოტრების საქმეების განხილვა დაიწყო. გადახდისუუნარობის საქმის გახსნაზე სასამართლოს თავად კომპანიებმა მიმართეს.
„მარშეს“ წარმომადგენლის ლაშა ნოდიას განცხადებით, 2013 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „მარშეს“ დაახლოებით 32 341 087 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს, საიდანაც 19 მილიონის გადახდის ვალდებულება უკვე დამდგარია.
ამავე დროს შპს „მარშეს“ აქტივების ღირებულება არ აღემატება 22 მლნ ლარს. ამ აქტივების ძირითადი ნაწილი დებიტორული მოთხოვნებია და მისი ოდენობა 20 მლნ ლარია. ამ თანხიდან 18 მილიონი შეადგენს შპს „გუდვილისადმი“ არსებულ მოთხოვნას.
შპს „გუდვილმა“ სასამართლოს უკვე მიმართა მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამოდის, რომ ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანია თავისსავე დაფუძნებულ კომპანიასთან აწარმოებს სასამარლო გარჩევას. ამ ყველაფრის განსამარტად „გუდვილში“ აცხადებენ, რომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „მარშე“ რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას გეგმავს. მანამდე კი ის, ალბათ, გადახდისუუნაროდ გამოცხადდება.
„გუდვილის“ დირექტორი ირინა ქოსაშვილი ადასუტრებს, რომ გადახდისუუნარობაზე საქმის წარმოების შესახებ განაცხადი თვითონ შეიტანეს, თუმცა ინფორმაციას გაკოტრებისა და წარმოების გაჩერების შესახებ კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მცირე ეკონომიკური რყევების დროს ნებისმიერი გამოცდილი კომპანია რეაბილიტაციის პროცესს მიმართავს, რაც ძველი ვალების გაყინვას ნიშნავს.
ქოსაშვილის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესის დაწყება მიზანმიმართულად მოხდა, რათა კომპანიამ ამ დროის განმავლობაში ფონდის საშუალებით ახალი ინვესტორი მოიძიოს, თუმცა ამ დროის განმავლობაში ნახევარფაბრიკატების წარმოება არ შეჩერდება და კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ბოლო პერიოდში „გუდვილს“ უამრავი პრობლემა დაუგროვდა. კომპანიამ 2 ჰიპერმარკეტი დახურა, თანამშრომლები შეამცირა, ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი ფირმა გაკოტრების პირას აღმოჩნდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, ამ ყველაფრის მიზეზი წინა ხელისუფლების ზეწოლა იყო.
„ისევე როგორც ბევრ სხვა კომპანიას, ჩვენც ვერ აგვცდა ძველი მთავრობის წნეხი. ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯის გაწევა გვიწევდა. როგორც დამფუძნებლისგან ვიცოდი, მოხდა ჩვენი დამფუძნებლის ეკონომიკის სამინისტროში დაბარება. იქ იყო დავალება, რომ კომპანიას 50 „ტოიოტა ჰაილუქსი“ შეეძინა.
იმ პერიოდში სხვა გამოსავალი არ იყო. ან უნდა გაჩერებულიყო კომპანია, ან უნდა გაგეგრძელებინა მუშაობა. ამიტომ, კომპანიის გაჩერებაზე უკეთესი იქნებოდა ამ ხარჯის გაწევა. კომპანიას ჰყავს 2 000 დასაქმებული. ამიტომ დასაქმებულ ადამიანებზეც ვიფიქრეთ“, - განახადა „კომერსანტთან“ საუბრისას ირინა ქოსაშვილმა.
ამას მოჰყვა „გუდვილის“ ძალდატანებით მონაწილეობა „რაბათის ციხის“ რეაბილიტაციის პროცესში. „დამფუძნებელთან ჰქონდათ საუბარი და მას შემდეგ „რაბათის ციხის“ რეაბილიტაციის ფონდში 3 მილიონი ლარი გადაირიცხა. კომპანიისთვის, რომელიც ბანკიდან აღებული სესხზე მუშაობს, ეს, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. ამ ფინანსური მდგომარეობის კუთხით ძალიან რთული წელი გვქონდა“, - ამბობს ქოსაშვილი.
„გუდვილში“ ამბობენ, რომ ახლა უკეთესი პერსპექტივები ჩანს, მაგრამ რეალურად ამ არამიზნობრივად გაწეულმა ხარჯებმა კომპანიას ძალიან დიდი ზარალი მიაყენა.