წლების მანძილზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ფუნქციების შესახებ, დევნილთა უმრავლესობისთვის არაფერია ცნობილი. როგორც აფხაზეთის დეპუტაციის ასევე, მთავრობის წარმომადგენელთა უფუნქციობის გამო, მათი არსებობის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა თუ იციან. ეს გამოწვეული იყო არა მხოლოდ მათი უმოქმედობითა და მორჩილებით ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, არამედ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური მთავრობის მიმართ ზოგადი დამოკიდებულებითაც.
შეიცვლება თუ არა აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების მუშაობის სტილში რაიმე და გადავა თუ არა იგი ბუტაფორიული მდგომარეობიდან მუშაობის ახალ რეჟიმში, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი აფხაზეთის მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტის დანიშვნის შემდეგ, მხოლოდ ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაცია განხორციელდა. ეს სტრუქტურა კოდორის ხეობაში 2006 წლის ივნისში განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიქმნა და მოსახლეობისთვის სწორედ იმ ფუნქციებს ასრულებდა, რასაც აფხაზეთის მთავრობის დანაჩენი სტრუქტურები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნაზე კატეგორიული უარი განაცხადა, იგი დღეისათვის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილებით სარგებლობს. უმაღლეს საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები 20 აგვისტოს განახორციელა, რომლის თანახმადაც, მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილება მიენიჭა. თუმცა ეს ფაქტი საზოგადოების ნაწილის მხრიდან მხოლოდ მას შემდეგ იქნა გაპროტესტებული, რაც მთავრობის კაბინეტის ახალი შემადგენლობა დასახელდა.
ოპონენტების აზრით, საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან გავიდა და იგივე ქმედება განახორციელა ვლადისლავ არძინბამ 20 წლის წინ. მათ ცენტრალურ ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდეს. თუმცა, მმართველ გუნდს, ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არცერთი მნიშვნელოვანი განცხადება არ გაუკეთებია.
როგორც სამთავრობო კულუარებში აცხადებენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების რეორგანიზაცია იგეგმება და აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურები იმ მინიმუმადე შემცირდება, რაც ლეგიტიმური ხელისუფლების იურიდიულად არსებობისათვის აუცილებელი იქნება. სწორედ ამ მიზნებით არის გამოწვეული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური მთავრობის საკითხებში ჩაურევლობა თუ, მათ მიენიჭათ მეტი დამოუკიდებლობა, ამის შესახებ for.ge აფხაზეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.
რით იყო განპირობებული ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის აუცილებლობა?
- სამინისტროს ლიკვიდაცია, უბრალოდ, შესაბამისობაში მოვიდა რეალობასთან. ესა თუ ის უწყება დღეს არის, ხვალ შეიძლება არ იყოს, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. აქედან რაიმე დასკვნის გაკეთება და აჟიოტაჟი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ადამიანებს შემცირება არ შეხებიათ, ეს იქნება წარმომადგენლობა რეგიონალურ სამმართველოში, ან პირდაპირ მთავრობის დაქვემდებარებაში და ვერაფერ ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. რეორგანიზაცია და რაღაც ცვლილებები, ალბათ, იქნება, მაგრამ სხვა სტრუქტურული ცვლილებები, დღეს და ხვალ, აფხაზეთის მთავრობაში არაფერი იგეგმება.
აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ გარკვეული ჯგუფები აცხადებენ, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს კონსტუტუციის სივრციდან გავიდა. მათ ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს...
- საკონსტიტუციო ცვლილებებში რომ დარღვევა არ არის, ამის შესახებ უკვე განვმარტეთ. ყველაფერი არსებული კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა. დარღვევაზე ზურაბ ხარატიშვილმა ისაუბრა და ჯობია მან თავის საარჩევნო კამპანიას მოუაროს. ჩემ წინააღმდეგ აგორებული იყო უსაფუძვლო, ყურით მოთრეული ბრალდებები. უკმაყოფილო ადამიანები აქაც იქნებიან ისინი, ვისაც მოუწია მინისტრის სავარძლის დატოვება. რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან წინააღმდეგები და უკმაყოფილო და ამ პროტესტს, ალბათ, გააგრძელებენ. ჩვეულებრივი ამბავია, რომ მოვიდა ახალი თავჯმდომარე და ახალი მინისტრთა კაბინეტი.
აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში მიმდინარე მოვლენებზე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ფაქტობრივად, არანაირი შეფასებები არ გაკეთებულა. ეს მეტ დამოუკიდებლობაზე მიანიშნებს, თუ მეტ იგნორირებაზე?
- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია თავისი კონსტიტუცია, თავისი დისკრეცია. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების კონსტიტუციაში უხეში ჩარევა იყო, როდესაც სააკაშვილმა შემოგვთავაზა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა თანხმდებოდა პრეზიდენტთან. ეს არის ავტონომიურობის და დამოუკიდებლობის უხეში დარღვევა. ახლა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ რაღაცნაირად შეძლო რეფორმების გატარება თავის კონსტიტუციაში, რომელიც მის დამოუკიდებლობას და ავტონომიურობას უსვამს ხაზს. აქ დარღვევა კი არ არის, არამედ მიდის იმ უფლებების აღდგენა, რომელიც აფხაზეთის მთავრობას და სტრუქტურებს ჰქონდათ. ცვლილებები კი მართლაც არის პირველი ნაბიჯი ავტონომიურობისაკენ.
ლეგიტიმური ხელისუფლება წლების მანძილზე დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. რა შეიცვლება ახალი მინისტრთა კაბინეტის პირობებში?
- არამარტო აფხაზეთის მთავრობის აქტიურობა, ქვეყანაში სხვა სტრუქტურების აქტიურობაც არ შეინიშნებოდა. ვინც აქტიურობდა და რა მიმართულებით, ამის შედეგები ძალიან კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება აფხაზეთის სტრუქტურებს, ძალიან სერიოზულ უკმაყოფილებას დევნილ მოსახლეობაში იწვევდა მათი პასიურობა. მოხდება გააქტიურება, მორგებული რეალურ სიტუაციასთან. აფხაზეთის სტრუქტურებს არ გააჩნიათ ისეთი შესაძლებლობა, რომ მოახდინონ, დავუშვათ, ისეთი გარღვევა, რომ ხვალვე ეშველოთ ჩვენს დევნილებს. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ამ მომენტისთვის განვიხილავთ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით აპლიკაციის შევსების პროცესებს, სახლების მშენებლობის, რეაბილიტაციის საკითხებს. უშუალოდ ხალხთან მიმდინარეობს მუშაობა.
აღნიშნულ საკითხებზე, ჩვენი ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მუშაობს...
- ჩვენ სამინისტროს კომპეტენციაში ვერ შევიჭრებით, მაგრამ გვინდა მას უფრო აქტიურად დავუჭიროთ მხარი, ვითანამშრომლოთ და მათაც დაუჭირონ მხარი ჩვენს გეგმებს.
ანუ, დევნილები რეალურად იგრძნობენ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურები მათთვის მუშაობენ?
- ჩვენი მთავრობის მიზანი და დანიშნულება არის ხალხთან ყოფნა და მათი გაჭირვების მიტანა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. იმ ფარგლებში რა კომპენტენციაც გააჩნია, გაუწიოს ოპერატიული დახმარება, არ დაიხიოს უკან, არ მიიმალოს ბუჩქებში. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ბოლო 4-5 თვე ვიყავი ჩაკეტილი უაზრო დაბრკოლებების წრეში. დაკავებული ვიყავი უაზრო განმარტებებით. არადა უაზრო კამათის და უაზრო ჭიდილის დრო არ არის, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. იმედია აწი მაინც მოგვეცემა საშუალება, რომ არ ვიყოთ დაკავებული თანამდებობების მაძიებელთა შემოტევებით. ვწუხვარ, რომ ხმამაღლა მიწევს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ 10-20 წელი მუშაობდნენ თანანმდებობებზე მინისტრებად, მოადგილეებად. ახლა კი მოვიდა ახალგაზრდა თაობა. ასევე, ყველა ასაკს მივეცით შესაძლებლობა, ახალ მინისტრთა კაბინეტში არიან 30-50 წლამდე ადმიანები, რომლებიც ახალი შემართებით, ერთ გუნდში, მზად არიან აკეთონ ის საქმე, რასაც დევნილები მათგან ელიან.
თქვენ ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრი ბრძანდებით, რომელიც მმართველ გუნდთან ოპონირებს. ხომ არ შეუშლის ხელს ეს ფაქტორი თქვენს კოორდინირებულ მუშაობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან?
- ამის გამო მე დისკომფორტი არ მიგვრძნია არც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, არც ნინო ბურჯანაძისა თუ სხვა პარტიების მხრიდან. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე ვარ დევნილების პრობლემების სამსახურში, მათ განკარგულებაში და ამიტომ ძირითადი ჩემი მიმართულება იყო და არის დევნილების პრობლემებზე მუშაობა.
სახელისუფლებო კულუარებში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სტრუქტურების მინიმუმამდე შემცირებაზე საუბრობენ. თქვენ თუ გაგაჩნიათ რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ?
- არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. მე არ ვადასტურებ და შეიძლება ვიღაცას რაღაცის სურვილი აქვს, მაგრამ ასეთი არაფერი იგეგმება.