ბალტიისპირული ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი

ბალტიისპირული ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ეკონომიკებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ერთნაირი გზა გაიარა. მართალია, გარკვეული აქცენტები, პრობლემათა დაძლევის ფორმები და მიღწეული წარმატებები განსხვავდება, მაგრამ ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ეკონომიკური მოწყობა ყოფილი საბჭოეთის ყველა ქვეყნისათვის სამაგალითოა.

ლიტვა

საბჭოეთის დანგრევის შემდეგ ლიტვის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად დასტაბილურდა და ნორმალური ტემპით ზრდაც დაიწყო. მომგებიანი სვლა იყო 1994 წელს ადგილობრივი ლიტის კურსის დოლართან დაკავშირება.

ამგვარი ვითარება 1998 წლის რუსეთის ეკონომიკურ კრიზისამდე გაგრძელდა. ეს უკანასკნელი, საბოლოო ჯამში ლიტვისათვის ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან მეწარმეები იძულებული გახდნენ ერთობ არამოთხოვნადი რუსი მომხმარებლიდან დასავლეთელებზე გადართულიყვნენ და ექსპორტირებული პროდუქციის ხარისხი გვარიანად გაეზარდათ.

ცხადია, აქცენტების ეგზომ სწრაფ ცვლილებას უპრობლემოდ არ ჩაუვლია და ქვეყანა ლამის დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ლიტველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავიანთი ეკონომიკის სტრუქტურის საკმაოდ დროულად და ხარისხიანად შეცვლა მოახერხეს.         

2000 წლიდან დაიწყო ლიტვის ეკონომიკის ახალი ხანა – უკვე გასაგები იყო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანა ევროკავშირის, ანუ, საოცრად დიდი ბაზრის წევრი გახდებოდა. ასე რომ, მეწარმეთა ენთუზიაზმი გაათმაგდა და ეკონომიკამ ძალზე სწრაფი ტემპით დაიწყო ზრდა.

მაგრამ ჯერ კიდევ ევროკავშირში შესვლის წინ უძრავი ქონების ბაზარზე დაიწყო ე.წ. „საპნის ბუშტის“ ზრდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ევროკავშირში შესვლა ქონების გაძვირებას გამოიწვევდა და კარგი იქნებოდა, თუ შეძენას მასწრებდნენ. ჰოდა ფასებმა მატება ძალზე მაღალი ტემპით დაიწყო. ასე გაგრძელდა 2008 წლამდე, რასაც ხელი ევროკავშირში შესვლამ და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია-სტიმულირებისათვის გამოყოფილმა დახმარებამ შეუწყო. შედეგად, ეკონომიკა „გადაიწვა“, რამაც თავი ყველაზე შეუფერებელ დროს, გლობალური კრიზისისას იჩინა.

შედეგად, თავი იჩინა რეცესიამ, უმუშევრობის ზრდამ და ა.შ. ჰოდა, ქვეყანა, რომელიც თავს ეკონომიკის წლიური 8-10 პროცენტიანი ზრდით იწონებდა, ერთობ ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა. მართალია, ბოლო დროს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, მაგრამ სრულ ნორმალიზაციამდე, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ჯერ შორია.

ლატვია

ლატვიის ეკონომიკამაც რუსეთიდან დასავლეთისაკენ ორიენტირი მეზობელი ლიტვის მსგავსად შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ ლატვიელებმა ძალზე მოქნილად განახორციელეს ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია. თუ 1998 წლამდე ქვეყნისათვის შემოსავლის მთავარი წყარო რუსული ნავთობის ტრანზიტი და ხე-ტყის ექსპორტი იყო, უკვე ძირითადი აქცენტი საბანკო სექტორსა და მომსახურების სფეროზე გაკეთდა.

შედეგად, ეკონომიკის ზრდა სტაბილური გახდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირში შესვლის შემდეგ ერთობ დაჩქარდა. 2006 წელს ლატვიის ეკონომიკამ თავი ზრდის 12,2 პროცენტიანი მაჩვენებლით მოიწონა, რაც ევროკავშირში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

თავისთავად ცხადია, ისევე, როგორც ლიტვაში, ძალზე სწრაფად მოიმატა მოთხოვნილებამ და უძრავი ქონების ფასმა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც იაფი კრედიტები იყო. ასე რომ, მეზობლის ბედის გაზიარებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

ანალიტიკოსთა აზრით, ლატვია გლობალურმა კრიზისმა ევროკავშირის სხვა წევრებზე მეტად დააზარალა, რასაც ხელი დაგროვილმა შიდა პრობლემებმა შეუწყო. 2009 წელს ქვეყანა გაბანკროტების პირას აღმოჩნდა, შიდა პროდუქტის კლებამ 18, ხოლო უმუშევრობამ 20 პროცენტი შეადგინა. ანუ, ქვეყანა დაახლოებით იმავე მდგომარეობაში ჩავარდა, როგორშიც 20 წლით ადრე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა ორგანიზაციებმა ლატვიას 7,5 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი მისცეს, ქვეყნის ეკონომიკამ თავისუფალი ვარდნა შემდეგ წლებშიც განაგრძო. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო დროს სიტუაცია მეტნაკლებად სტაბილური გახდა და იმედის კონტურები გამოიკვეთა.

ესტონეთი

ბალტიისპირა ქვეყნებს შორის განსაკუთრებით წარმატებულად ესტონეთი უსაფუძვლოდ როდი ითვლება. ჯერ კიდევ 1993 წლიდან ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა 10 პროცენტიანი მაჩვენებლით დაიწყო. საქმე იმაში იყო, რომ ჯერ კიდევ საბჭოეთის დაშლამდე, სადღაც 80-იანი წლების შუა ხანაში ესტონელებმა საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად მზადება გულმოდგინედ დაიწყეს.

ამიტომაც იყო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ესტონეთის მთავრობას რადიკალური რეფორმების გატარება არ გასჭირვებია და ადგილობრივი კრონის კურსი გერმანულ მარკას დაუკავშირა. ასე რომ, ქვეყანა სტაბილურ ფინანსურ სისტემაში აღმოჩნდა. არც რუსულ ბაზარზე უარის თქმა და დასავლეთისაკენ ორიენტირება გამხდარა პრობლემა. მოკლედ ეკონომიკა ყვაოდა.

თუმცა, ესტონეთი ეკონომიკის გადაწვას ვერ გადაურჩა, რასაც 2008 წელს გლობალური კრიზისიც დაერთო. ამას დაემატა საბჭოთა განმანთავისუფლებელთა ძეგლის დემონტაჟის გამო რუსეთთან უთანხმოება, რის გამოც რუსეთმა ნავთობის და სხვა ტვირთების ტრანზიტზე უარი თქვა და ესტონეთმა დიდძალი შემოსავალი დაკარგა. შედეგად, 2009 წელს ეკონომიკის ვარდნამ 14 პროცენტი შეადგინა.

თუმცა, თავიდანვე კარგად აწყობილი ესტონეთის ეკონომიკა მალე გამოერკვა და უკვე 2010 წელს ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა. აგრეთვე, ძალიან მცირე აღმოჩნდა სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი, რამაც ესტონეთს საშუალება მისცა მიმდინარე წლიდან ევროს ზონაში შესულიყო.