უშიშროების საბჭოს მდივანი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ „საბჭოთა რუკას“, რომლითაც რუსეთი ხელმძღვანელობს, ერთი ცუდი თვისება აქვს, თვითონ იცვლის ადგილმდებარეობას. გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს წინაშე მცოცავ ოკუპაციასთან ერთად არსებობს წმინდა წყლის სტრატეგიული საფრთხეები. თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა იგივე არალეგიტიმური ლოგიკით გააგრძელოს საბჭოთა რუკების მიხედვით მოქმედება და გაყვეს ცხინვალის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ საზღვარს, ანუ ოკუპაციის ხაზი გადმოსწიოს, ბოკერიას განცხადებით, ამაში მოყვება სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ბაქო-სუფსის მილსადენი და „ქართლი 2“.
ამის პარალელურად კი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები მავთულხლართების გავლებას აფხაზეთის მიმართულებით, კერძოდ, განმუხურის ტერიტორიაზე აპირებენ.
ამ ინფორმაციის ნამდვილობას არ ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებაში. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ლოგიკაში არ ჯდება.
დღევანდელი მდგომარეობით არსებობს იმის საფრთხე, როგორც ამას პრეზიდენი ამბობს, რომ საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გავლება დაიწყონ განმუხურის ტერიტორიაზე?
გია ვოლსკი: მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი საფრთხე არსებობს, არანაირ ლოგიკაში ეს არ ჯდება. გაცილებით უფრო ღმა არის პრობლემა, ვიდრე ამათ უნდათ წარმოაჩინონ. რასაკვირველია, რუსეთი აგრესორია და არავინ არ კამათობს იმაზე, რომ მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ როდესაც უკვე განმუხურზეა და გარკვეული შიშების დანერგვაზეა საუბარი, ამ თემაზე ისეთი ხალხი ლაპარაკობს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით და დანაშაულებრივი შეცდომებით, ყველანაიარად შეუწყვეს ხელი მიგვეღო ის ვითარება, რა ვითარებაშიც ახლა ვართ. აქედან გამომდინარე, ამ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თითქოს, უნისონში ხდება პროცესები. როდესაც პოლიტიკურად გაუჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ რუსეთის მხრიდან ან განცხადება კეთდება ისეთი, ან მოქმედება, რომელსაც ყურადღება გადააქვს სხვა მხარეს.
ამით თქვენ რისი თქმა გინდათ, პირდაპირი კავშირებია და შეთანხმებულად მოქმედებენ?
- ვერ გამოვრიცხავ, რომ აქ რაღაცა პირდაპირი კავშირია და შეთანხმებული მოქმედებებია. მე ერთი რამის თქმა მინდა, რომ დიდი ქვეყნის სტრატეგია ყოველთვის პირად ინტერესებზეა აგებული. თუ მათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური, შიდა თუ გარე დაძაბულობა, ისინი ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ და კერძოდ, სააკაშვილის განცხადებებით სარგებლობენ. ანუ, სააკაშვილი, თუ პატარა ცეცხლს აანთებს, ისინი ზემოდან ნავთს ასხამენ. არაა აუცილებელი, რომ პირდაპირი კავშირები ჰქონდეთ, მაგრამ უნისონში სწორედ ამას ვგულისხმობ. მინდა, რომ ასე არ იყოს.
მე წარმოვადგინე და ახლაც შემიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტები როგორ სარგებლობდა რუსეთი სააკაშვილის განცხადებებით და მოქმედებებით, როდესაც ის გვიპირისპირდებოდა როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. 2006 წლის ივლისიდან სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ სხვა გზით ევლო, უარი ეთქვა მხარდაჭერილ საერთაშორისო, სამშვიდობო გეგმაზე და პროცესებზე. მან უარი თქვა ყველა ფორმატზე, რომელშიც დასავლელი პარტნიორები საკმაოდ მძლავრობდნენ.
სხვათა შორის, ამის თაობაზე მას ოფიციალური გაფრთხილებები აქვს მიღებული აშშ-დან და ევროპიდან, ამის დოკუმენტები არსებოს. მას უთხრეს, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხართ და ასე არ შეიძლება, ჩვენ გავაკეთებთ თქვენთვის სასარგებლო საქმეს, მაგრამ რუსეთთან კონფრონტაცია წაგვიყვანს იქითკენ, რომ საქართველო დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავსო. ეს ათასაჯერ არის მისთვის ნათქვამი და როგორც ჩანს, კიდევ უნდა გავაგებინოთ.
2007 წლის დეკემბერში, არ ვიცი საიდან და ვინ მოუტანა ეს ინფორმაცია (იქნებ რაღაცა ინფორმატორების ქსელი ჰქონდა, ვერ გეტყვით. დაზვერვა ჰყავდა ისეთი, რომელიც ომის წინა პერიოდში რუსებმა საქართველოსთვის დეზინფორმაციის მისაწოდებლად ამუშავეს), გამოდის სააკაშვილი და უცებ გარანტიას იძლევა, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით, გარანტირებულად დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთს არ აინტერესებს. ამავე დროს განცხადებას აკეთებს გაეროში, რომ რუსეთი მცოცავ აგრესიას ახორციელებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდანო. დღემდე მას არ გაუცია პასუხი რის საფუძველზე მისცა გარანტიები ხალხს, რომ სულ მალე დავბრუნდებოდით აფხაზეთში.
პაატა დავითაიას კომისამ არ შეისწავლა ეს საკითხი?
- არა, ვნახე როგორც საიდუმლო, ისე ღია ნაწილები. სერიოზული საკითხებია დასმული, მათ შორის, პროკურატურის წინაშე შესასწავლად, მაგრამ მთავარი გარემოება - რატომ იყო სააკაშვილი დარწმუნებული ასეთ წარმატებაში, - ეს არაა გაშლილი. ღია დოკუმენტში ვნახეთ სააკაშვილის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება, სადაც წერია, რომ სეპარატისტებთან აქვს პრობლემა და მათ დასახმარებლად რუსეთი შემოვიდა 8 აგვისტოს. რატომ უწერია 8 აგვისტო, მაშინ, როცა უბრალო ადამიანებმაც იცოდნენ რა ხდებოდა. იმიტომ ხომ არა, რომ იგი დარწმუნებული მიდიოდა გორში დროშებით, რომ გამარჯვების პარადი ჩაეტარებინა? ან, იმიტომ ხომ არა, რომ თავი იმართლოს იმ ხალხის წინაშე, ვინც არ გააფრთხილა და იმ სასაკლაოზე ჩატოვა?
იმ პერიოდის სატელევიზიო ჩანაწერები ნახეთ, ან „რუსთავი 2“-ის საარქივო მასალა ნახეთ, მხოლოდ 11:20-ზე ამბობს, რომ ბრძოლაში რუსები ჩაერთნენო. ამდენი სოფელი დაკარგა, ამდენი ადამიანი დატოვა ბედის ანაბარა, ამდენი დაიხოცა, მე არ ვამბობ სამხერდრობზე, ეს ცალკე სახითხია, დღეს ყოფნის გამბედაობა და ამბობს, რომ გაცილებით მეტი მიწები, თურმე, ახლა დაკარგულა, ვიდრე მაშინ, 2008 წლის ომის დროს.
აქიდან გამომდინარე, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიური მოხდება განმუხურში, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის ვალდებულება არაა, რომ საზოგადოებას უთხრას რა ინფრომაციის საფუძველზე აცხადებს ამას?
- მას კარგად ესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დაპყრობილი ტერიტოორის ავტონომიური ოლქის წინასწარი დემარკაცია მოახდინა 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით. ახლა ამ თემას ურევს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გადის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზი და იქ გაავლებს სწორედ ხაზს, სადაც მოისურვებს. რა ინფორმაცია აქვს ასეთი და რა ინფორმაციის საფუძველზე ძაბავს საზოგადოებას, ვერ გეტყვით. ამ საუბრებით ყურადღების გადატანა უნდათ იმ უბედურებიდან, რისი წინა პირობა თვითონ შექმნეს. მე არ ველოდები, რომ განმუხურში დაიწყება კედლის მშენებლობა, მაგრამ ასეთი დონის დაპირისპირებაში, რომელიც რუსეთთან გაგგვაჩნია, ყველაფერი მოსალოდნელია.
რა მიმართულებები აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ და რას აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროცესები არ გაგრძელდეს?
- დასავლეთი არაა მზად და ვერ იქნება მზად, რომ რუსეთს რაკეტა ესროლოს, მაგრამ ყველა დონეზე შეინარჩუნებს ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია. რაკეტების სროლის დრო წავიდა. დასავლეთი ყოველთვის ჩვენს სასარგებლო პოზიციაზე დგას.
თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იდგეს დასავლეთსა და რუსეთს შორის...
- ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს წინააღმდეგობრივი საკითხი, ამას რომ ველაპარაკებით, პასუხს არ გვცემენ, მაგრამ გარეთ რომ გამოდიან, მედიასთან გვსაყვედურობენ. გამოსავალი ის არის, რომ დიდი მოთამაშეები საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და არ შეიძლება პრემიერმა საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას თქვას, რომ „პრობლემაა, მაგრამ ვყლაპავ“. რამდენად სწორია პრემიერის ეს განცხადება?
- პირდაპირ გეტყვით, რომ ზუსტად ის ტეროტორია დაიპყრეს რუსებმა, რომელიც სააკაშვილმა მოუნიშნა. ბოკერია რომ განცხადებებს უწუნებს პრემიერ მინისტრს, მეც დავუწუნებდი უბრალო ადამიანი რომ იყოს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და ჩვენი ბედი აბარია, არ შეიძლება თავის რიტორიკაში გამოზომილად არ ლაპარაკობდეს, მის უკან პატარა საქართველოს ბედია.
ბოკერიას განცხადებით, რუსეთის მიზანია სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ბაქო-სუფსის მილსადენი და „ქართლი 2“ მოხვდეს ამ მავთულხლართების მიღმა. ეს საფრთხე არსებობს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?
- რუსეთი არ წავა მსოფლიოსთან ასეთ დაპირისპირებაზე. მილსადენი არ ეკუთვნის არც აზერბაიჯანს, არც ამერიკას და არც საქართველოს. ეს არის საერთაშორისო კორპორაცია. მსოფლიოს ინტერკორპორატიული სიმძლავრე გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული სახელმწიფოს სიძლიერე, ეს არის უშველებელი ბიზნესინტერესები და რუსეთი არ წავა ამ ინტერესების დაპირისპირებაზე, მე ასე მიმაჩნია.
არასამხედრო დაპირისპირება ე.წ. ენერგეტიკული ომი დიდი ხანია მიმდინარეობს და საკმაოდ მწვავე ფაზაშია დღეს შესული. რუსეთს რაც უნდოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილიყო, თავისი ინტერესების გასაძლიერებლად, ეს გიგა ბოკერიას და მიშა სააკაშვილის რიტორიკიდან გამომდინარე, უკვე გააკეთა. რუსეთი ისე მომაგრდა, რომ მის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება, მსოფლიო დონეზე, უკვე ძნელი იქნება. რუსეთმა სტრატეგიულ მიზანს მიაღწია. იმედი მაქვს, ბოკერია ამას იმიტომ ამბობს, რომ დასავლეთის მეტი ყურადღება მიიპყროს საქართველოსკენ.