გასულ კვირას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემოციური, კრემლის საწინააღმდეგო სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული იმით, რომ ჰყავდეს ძლიერი, მშვიდობიანი მეზობლები. ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის ზრდა ამცირებს მათი გაწევრიანების შანსს პუტინის ევრაზიულ კავშირში.
ეს სააკაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვა იყო, რადგან მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ოქტომბერში იწურება. ეს იყო ასევე მისი მიმართვა საქართველოს მოქმედი მთავრობის მიმართ, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი (მისი ქონება $5.3 მილიარდია) ხელმძღვანელობს. ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დიდწილად საბანკო და ლითონის ბიზნესში დააგროვა, ცნობილია მისი დიპლომატიური დამოკიდებულებით საქართველოს მოუდრეკავი სლავი მეზობლის მიმართ.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულება ემთხვევა პერიოდს, როდესაც საქართველო პოლიტიკური გაურკვევლობის და ეკონომიკური არასტაბილურობის ფაზაში შედის – ეკონომიკა მკვეთრ ვარდნას განიცდის, მაშინ როდესაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ წინსვლა ფიქსირდებოდა.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ გაიუმჯობესა ინფრასტრუქტურა, განაახლა ქალაქები და საცხოვრებლად შედარებით უსაფრთხო და კომფორტულ ადგილად იქცა. საქართველო, რომელიც მდიდარია ღირსშესანიშნაობებით (კავკასიის მთები, შავი ზღვა, სათხილამურო კურორტები, ღვინის ტურები, უძველესი ეკლესიები), დღეს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. სააკაშვილის მთავრობამ სახელი გაითქვა იმით, რომ დაბალი დონის კორუფციასთან და ბიუროკრატიასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია. მაგრამ ეკონომიკასთან დაკავშირებული დიდი იმედები, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, ვერ მართლდება და ამ მხრივ მოვლენები პესიმისტურად ვითარდება.
წელს ქართული ეკონომიკა შენელდა, რადგან უცხოური კაპიტალი ამოიწურა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობით გაიმარჯვა. ფრუსტრაცია და ვარდნა ყველა დარგში შეიმჩნევა, მშენებლობიდან დაწყებული, საბანკო სექტორით დამთავრებული. ბოლოდროინდელი პროგნოზით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა დაახლოებით $1 მილიარდით 2013 წელს (მოსალოდნელ $2 მილიარდთან შედარებით) და მშპ-ის ზრდა შეჩერდა 1,4%-ზე 2013 წლის მეორე კვარტალში, როდესაც შარშან ეს მაჩვენებელი 8.2% იყო.
ზოგიერთები ამ ვარდნას პოლიტიკურ ცვლილებას აბრალებენ, მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი.
„წინა რეჟიმმა შექმნა გარკვეული ეკონომიკური ზრდის ილუზია, დიდწილად, ფულის სესხებითა და უცხოური დახმარების ხარჯზე. ეს არ იყო მდგრადი ზრდა, რეალური ენერგიის გადაცემა ეკონომიკისათვის“, ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, კავკასიის საკითხების ექსპერტი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში, რომელიც ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ რჩევებს აძლევდა.
ზოგიერთები, იმაში, რაც დღეს ხდება, ნაწილობრივ ივანიშვილის ადმინისტრაციასაც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ახალ მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების მკაფიო სტრატეგია.
„ათი თვე საკმარისია, ყოველ შემთხვევაში, იმის გასაგებად მაინც, თუ საით მიდიან ისინი და რის მიღწევას აპირებენ“, ამბობს გია ნოდია, თბილისის ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი და დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი. ნოდიას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ეკავა განათლების მინისტრის თანამდებობა სააკაშვილის მთავრობაში. „მართალი გითხრათ, მე რასაც ვხედავ, ეს არ იძლევა არანაირ იმედს და ნიშანწყალს იმისა, რომ მათ აქვთ მიმართულების განცდა“.
მიტჩელის ვარაუდით, საქართველოს მთავრობა მოცდის რეჟიმშია: „ამ მთავრობაში ყველა ზრუნავს ეკონომიკაზე, მაგრამ არცერთმა არ იცის, რეალურად რა მოუხერხოს მას“. პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს ახასიათებს ხოლმე მოცდა და პროცესზე დაკვირვება, დასძენს მიტჩელი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერმინისტრი გახდა, საქართველომ შედარებით გამოასწორა თავისი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რათა აღედგინა ვაჭრობა ამ ორ ქვეყანას შორის (სააკაშვილის მმართველობის დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შეწყვეტილი იყო. 2008 წლის ხუთდღიანი ომი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა).
დღევანდელ გაურკვევლობას საქართველოში დაემატა ის, რომ ამ ზაფხულს ივანიშვილმა განაცხადა, ჩემი საქმე გავაკეთე და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დავტოვებო.
„[ივანიშვილი] მიდის ერთ წელიწადში, როდესაც ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის“, ამბობს ნოდია. „მას აქვს ბიზნესმენის მენტალიტეტი, რომელმაც შეიძინა კომპანია – სახელად საქართველო – და ახლა უნდა, რომ სამართავად ის თავის ერთ-ერთ ლეიტენანტს გადასცეს“.
ივანიშვილის წასვლას გაცილებით სერიოზული გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან საქართველოში პრემიერმინისტრი გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე პრეზიდენტი.
შეერთებული შტატებისა და ევროპისათვის, საქართველო წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მაგალითი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუმცა, ბევრ ქართველს სულაც არ მიაჩნია სააკაშვილის მეთოდები დემოკრატიულად, რადგან მთავრობა მართვის ავტორიტარულ და უხეშ ფორმებს მიმართავდა, აპატიმრებდა რა ათასობით ადამიანს მექრთამეობის დამარცხებისა და გამჭვირვალობის მიღწევის პროცესში. იმავდროულად, მაღალ ეშელონებში კორუფცია აყვავდა.
ქართველები ბედნიერები იყვნენ, როდესაც ვარდების რევოლუციამდე არსებული ვითარებიდან, როდესაც წყალი და ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდებოდათ, გადავიდნენ ფუნქციონირებადი ეკონომიკის ფაზაში და ცხოვრების პირობები გაუუმჯობესდათ. სხვა ნაკლებ იღბლიანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, სადაც მუდმივი ეკონომიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური არეულობა და კორუფციული მენტალიტეტია, საქართველო ერთგვარი მისაბაძი მოდელია.
„ცხადია, რომ წინა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა ეკონომიკის და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისათვის. საქართველო ის პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც უზარმაზარ წინსვლას მიაღწია“, ამბობს ანდერს ასლანდი, შვედი ეკონომისტი, რომელიც პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ რეფორმებს სწავლობს. მისი თქმით, ეს გაურკვეველი სიტუაცია უცხოელ ინვესტორებს აშინებს.
მიტჩელის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში ინვესტიცია არ განახორციელო, სხვა მიზეზები არსებობს: უხეში ბაზარი და უხეში ეკონომიკა ზოგადად. ტერიტორიულ დავებს რუსეთთან იოლად ვერცერთი მთავრობა ვერ მოაგვარებს. ხოლო „ღვინო და ტურიზმი უკიდურესად კონკურენტული დარგებია“, დასძენს იგი.
დღეს, ივანიშვილის გუნდს მიაჩნია, რომ მას, გარდა რიგითი ეკონომიკურისა, სხვა გადაუდებელი პრობლემები აქვს: ისინი განაგრძობენ მუშაობას სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაციის მიმართულებით და აკრიტიკებენ წინა მმართველობას. როგორც სააკაშვილის, ასევე ივანიშვილის მხარდამჭერები აღიარებენ, რომ წინა მთავრობამ ძალაუფლებისა და ძლიერი ხელის გამოყენების თვალსაზრისით ზღვარს გადააჭარბა.
ივანიშვილის გუნდის წევრი, ირაკლი სესიაშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა, ამბობს: „ჩემთვის საპარლამენტო კონტროლი, უსაფრთხოების სისტემის დემოკრატიულობა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმისთვის, რომ უსაფრთხოების სისტემაზე დემოკრატიული კონტროლი განმტკიცდეს“. წარსულში, სესიაშვილმა სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაფლანგვასა და სახელმწიფო ძალაუფლების სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.
პერმიერმინისტრი არ აპირებს რუსეთის ძალადობის წახალისებას. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მითვისებას. ამ საკითხს ართულებს ის, რომ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, რაც კრემლისთვის ნერვიულობის მიზეზია.
შესაძლოა, ივანიშვილის წასვლამ ეკონომიკური სიტუაციის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და გააღრმაოს საქართველოს პრობლემები. მაგრამ თუკი ეს ნაბიჯი საქართველოსთვის ფინანსურად არამომგებიანია, ის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ქართული დემოკრატიისთვის, ამბობს მიტჩელი.
„ორიდან ერთი რამ შეიძლება მოხდეს: ან ყველაფერი ერთბაშად დაინგრევა, ან პროცესი რეალურად წარიმართება ისეთი პოლიტიკისაკენ, სადაც არ არსებობს ცენტრი ერთი დიდი კაცის, ქარიზმატული ლიდერის სახით“, ამბობს მიტჩელი. ივანიშვილის გარეშე, „ქართული ოცნება – ექვსი განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფისგან შემდგარი კოალიცია – შეიძლება დაიშალოს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს რეალური დებატები პარლამენტში, შესაბამისად, მეტი ხმის გაგების შესაძლებლობა გაჩნდება. „ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს დემოკრატიის წინსვლას“, თქვა მან.
foreignpress.ge