ვიღაცამ ოთხი (გუ)გულის ბუდეს გადაუფრინა

ვიღაცამ ოთხი (გუ)გულის ბუდეს გადაუფრინა

ძველი თავმჯდომარე, ძველი გენერალური მდივანი, ძველი სახეებით დაკომპლექტებული 68-კაციანი პოლიტიკური საბჭო და ახალი პარტიული დროშა, -  სპორტის სასახლეში პრეზიდენტის პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეექვსე ყრილობა გაიმართა.

პარტიული ღონისძიება დაგეგმილზე 35 წუთით გვიან დაიწყო და საათზე მეტხანს გაგრძელდა. მანამდე კი სპორტის სასახლის დარბაზი საქართველოს მასშტაბით შეკრებილი პარტიული აქტივით გაივსო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ნაწილი პარტიის ყრილობაზე ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებისთვის დამზადებული მაისურებით გამოცხადდა, ნაწილს კი ახალი მაისურები ეცვა, რომელსაც „მე მიყვარს საქართველოს“ ნაცვლად ორი წარწერა ჰქონდა - გულზე  „არა წარსულში დაბრუნებას!“  ზურგზე კი - „არა ძალადობას!“ ეწერა.

ძალადობაში არაერთგზის მხილებული პარტია ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადასასვლელად ბრძოლის ახალ რაუნდს  „არა ძალადობის“ ლოზუნგით იწყებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გიორგი ვაშაძის სიტყვით გაიხსნა. ვაშაძემ ოპოზიციაში მოღვაწეობის 1-წლიანი პერიოდი შეაჯამა. მანვე აღნიშნა, რომ  პარტია პროცესების გაანალიზების შემდეგ განახლების გზას დაადგა და უპირატეს ღირებულებებად - გახსნილობას, ჩართულობასა და დემოკრატიას აცხადებს.

ყრილობის დელეგატების მონაწილეობით პარტიამ ახალი წესდება დაამტკიცა და პოლიტსაბჭოს კენჭი უყარა; პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს. შემდეგ კი პარტიის პირველი და მეორე კაცის დასახელების დროც დადგა.

„ჩვენი საერთო შეთანხმებით, კვლავ ვანო მერაბიშვილი უნდა იყოს ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა უნდა გავიაროთ - უნდა ავირჩიოთ პარტიის თავმჯდომარე, და, რაღა თქმა უნდა, ამ თანამდებობაზე  წარმოდგენილია მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცხადებული შიდაპარტიული დემოკრატია, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, მხოლოდ ქვედა რგოლებს შეეხება. განახლებული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ  რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს პარტია ძველი წესისამებრ აღარ დანიშნავს და ადგილობრივ  ლიდერებს პარტიის წევრები  რაიონულ  კონფერენციებზე გამოავლენენ.

სააკაშვილის პარტია საზოგადოებას ყველა დონის არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევას პრაიმერიზით ჰპირდება, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს შეეძლებათ, მიიღონ გადაწყვეტილება პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან დაკავშირებით.

ძირითადი პარტიული პროცედურების შემდეგ სცენაზე პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ავიდა. ბაქარაძემ საკუთარი სიტყვა პარტიული ნდობისთვის მადლობის გამოცხადებით დაიწყო, დაპატიმრებული თანაპარტიელების მოხსენიებით განაგრძო და პოლიტიკური გეგმების დაკონკრეტებით დაასრულა.

„პარტია განახლებას განიცდის და ახალი პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება...   მინდა მკაფიოდ დავადასტურო – “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს დაადგება რევანშიზმისა და სამაგიეროს გადახდის გზას! მინდა მკაფიოდ დავადასტურო – ჩვენ არ გვყავს მტრები საქართველოს შიგნით! მინდა მკაფიოდ დავადასტურო – საქართველოს სჭირდება მომავალი პრეზიდენტი, რომელიც იქნება თითოეული ადამიანის და არა მხოლოდ მისი პარტიული მომხრეების პრეზიდენტი! თქვენ მომეცით მანდატი, წარმოვადგინო ჩვენი პარტია და ეს არის შერიგების, გამთლიანების და ერთიანობის მანდატი,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ მოსახლეობას დაპირებები არ შეუსრულა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი განვლილი ერთი წლის განმავლობაში საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა და  მის პარტიას წარსულიდან მხოლოდ ცოდნა-გამოცდილება მოაქვს შეცდომებს კი წარსულში ტოვებს.

ბაქრაძის შემდეგ პარტიის წევრებს სიტყვით პოლიტსაბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ მიმართა და აუდიტორიას პარტიის ახალი პროგრამა მოკლე პუნქტების სახით გააცნო.

პარტიის ახლად აჩეული თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სცენაზე მოგვიანებით ავიდა. დარბაზიდან  რამდენიმე წუთით გასული პრეზიდენტის დარბაზში დაბრუნებამდე   პარტიის წევრების წინაშე ზაზა ბიბილაშვილი წარსდგა.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას პარტიული აქტივი „მიშა! მიშას“ სკანდირებით შეხვდა. პრეზიდენტმა თანაპარტიელებთან საუბრისას ისტორიული წიაღსვლები არ დაიშურა და ფეოდალებზე, ბატონყმობაზე, ქვეყნის გამყიდველებზე და მტრებზე ისაუბრა. სააკაშვილს ისტორიული გაკვეთილებზე საუბარი ხალხისგან შეთხელებულ დარბაზში მოუხდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილს პარტიის ყრილობაზე მხოლოდ ძველ ამბებზე არ უსაუბრია. სწორედ მან წარუდგინა აუდიტორიას ახალი პარტიული დროშა, რომელიც სახელმწიფო დროშისგან გულის სიმბოლიკით განსხვავდება - „ნაციონალური მოძრაობის“ დროშაზე  ხუთი ჯვრის ნაცვლად ერთი ჯვარი და ოთხი გულია გამოსახული, რომელიც სააკაშვილის თქმით, ოთხი სიყვარულის სიმბოლოა. პრეზიდენტი საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს გამარჯვების იმედით დაემშვიდობა.

ყრილობის დასრულების შემდეგ კი დროშაზე გამოსახული ოთხი სიყვარული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა for.ge-სთან ასე განმარტა: „სხვას შესაძლოა სხვა ასოციაცია გაუჩნდეს, მაგრამ ჩემთვის ეს იქნება ღმერთის, სამშობლოს, ოჯახისა და მეგობრობის სიყვარულის სიმბოლო“.

ჩვენს კითხვაზე, არსებობს თუ არა პარტიულ დროშაზე სიმბოლოდ გულის გამოსახვის პრეცენდენტი პოლიტიკური პარტიების ისტორიაში, გიგი წერეთელი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს“.