საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის დაკვეთით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. ამ მოსაზრებას საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გამოთქვამს. საუბარია ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგის" კვლევაზე, რომელიც კახა კახიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ასეთი კვლევებისთვის საბიუჯეტო თანხის დახარჯვა მიუღებელია.
კერძოდ, 2013 წლის 15-21 სექტემბერს ჩატარებული ამ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში 43% გიორგი მარგველაშვილს მისცემს ხმას, 22% - დავით ბაქრაძეს, 8% - ნინო ბურჯანაძეს, 5% - შალვა ნათელაშვილს, 1-1% კი მხარდაჭერას გიორგი თარგამაძესა და კობა დავითაშვილს უცხადებს. გამოკითხულთა 17%-ს კი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
როგორც კახა კახიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ამ კვლევის შესწავლის შედეგად თვითონ კონტროლის პალატაც მივა დასკვნამდე, რომ “გრინბერგ კონსალტინგი” არის ის ორგანიზაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თითქმის ყველა არჩევნებზე ზუსტად ნაცმოძრაობის დაკვეთით აქვეყნებდა კვლევებს და ამ ორგანიზაციას კვლევების ჩასატარებლად თანხები ერიცხებოდა ნაციონალური მოძრაობის ერთიანი საარჩევნო კამპანიის ფონდიდან.
ექსპერტის თქმით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან მოყოლებული, ნებისმიერი კვლევა უნდა იყოს კარგად გაშიფრული. კერძოდ, უნდა ვიცოდეთ საარჩევნო ველის, ზუსტი კითხვების ფორმულირების, დამკვეთისა და ამ კვლევაში გადახდილი თანხების შესახებ. ბუნებრივია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არასდროს უჭირდა თანხების მობილიზება, რადგან, კახა კახიშვილის თქმით, ბიზნესტერორის პირობებში ბიზნესმენები რიგში იდგნენ, რათა მათი კამპანიის ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ. სწორედ ამიტომაც ნაციონალებს მუდმივად ჰქონდათ ჭარბი თანხები საარჩევნო კამპანიის ფონდში და ამ თანხების გამოყენებით აწარმოებდნენ კვლევებსა და საარჩევნო კამპანიას.
თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა, ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში აღარ არის და არც ბიზნესმენებს აქვთ დიდი სურვილი, მათ გადაურიცხონ თანხები. ამიტომ, როგორც ჩანს, თვალთმაქცურად ამოქმედდნენ და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად, თითქოსდა, კვლევების დაფინანსება მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. სინამდვილეში, ეს თანხები გადახდილია ქვეყნის ბიუჯეტიდან.
„ამ კვლევის შედეგები ადვილად ადასტურებს, რომ ეს ემსახურება ნაცმოძრაობის ინტერესებს, რაც არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსს, ასევე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამიტომ ამ კანონდარღვევით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური სუბიექტის დაჯარიმების შესახებ, რომელიც შემჩნეულია თვალთმაქცურ მოქმედებებში. ქვეყნის ბიუჯეტიდან თითოეული თეთრის ხარჯვა სამართალდამცავი ორგანოებისა და აუდიტის სამსახურის ინტერესის სფერო უნდა იყოს. საინტერესოა, როგორ ახსნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რის საფუძველზე დააფინანსა ის კვლევები, რომლებიც მანამდე არასდროს დაუფინანსებია. ამის პრაქტიკა არ ყოფილა,“_აცხადებს კახა კახიშვილი.
მისივე თქმით, NDI-სა და „გრინბერგს“ სურთ, გამოკვეთონ აზრი, თითქოს ამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ძირითადი კონკურენტები არიან მარგველაშვილი და ბაქრაძე. ამავდროულად, ხაზს უსვამენ, რომ მარგველაშვილსა და ბაქრაძეს შორის არ არის ძალიან დიდი სხვაობა და თითქოს მარგველაშვილი და ბაქრაძე გადადიან მეორე ტურში. ამის შემდეგ ეს კვლევები ეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც წერენ ანალიტიკურ სტატიებს, რომ საქართველოში თურმე ნაცმოძრაობის მხარდაჭერა გრძელდება და თურმე ის „ქართული ოცნების“ შემდეგ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო დაქირავებული. ამჟამად კი საინტერესოა, რატომ ატარებს ამ კვლევას პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტს რა საერთო აქვს ამ სოციოლოგიურ კვლევასთან, როცა კვლევის ჩატარებისა და ამაში ფულის გადახდის გარეშეც ყველამ კარგად იცის, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი პრეზიდენტი ვერ გახდება.
თუმცა ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ აქ ბრძოლა მიმდინარეობს მეორე ადგილისთვის და მათთვის მთავარია, ვინ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მეორე ადგილს დაიკავებს და არსებული ხელისუფლების რეალური ოპოზიცია გახდება. ამის შემდეგ კი ნაციონალები ელიან, რომ იქნებ, ახალი ხელისუფლების რეიტინგი დაეცეს, რათა მათ იბრძლონ პირველობისთვის. ეს მიზანი კი ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას და გამორიცხული არაა, NDI-სა და „გრინბერგის“ კვლევებიც სწორედ ამისთვის სჭირდებოდეთ, რომ საზოგადოება ნელ-ნელა შეაჩვიონ ამ აზრს.
„არ ვიცი, უნდა დაინტერესდეს თუ არა აუდიტის სამსახური ამ საკითხით, მაგრამ რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი?! კვლევების მიხედვით, მარგველაშვილი პროცენტულად ორჯერ უსწრებს ბაქრაძეს. ეს არის ირიბი არგუმენტი, რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხებას შეგუებულია, მაგრამ საინტერესოა ბაქრაძე-ბურჯანაძეს შორის სხვაობა, რომელშიც დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს თითქმის სამჯერ უსწრებს ბაქრაძე. როგორც ჩანს, ეს სეგმენტი უფრო აინტერესებს პრეზიდენტსა და ნაციონალურ მოძრაობას და არა _პირველი ადგილი,“_აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.