შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივ ქმედებებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს. ძალოვანმა უწყებამ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებითაც, მუხლებით - 137-ე (გაუპატიურება), 138-ე (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება), 139-ე (სქესობრივი კავშრის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება), 140-ე (სქესობრივი კავშირი ან სექსუალური სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიღწეულებთან) და 141-ე (გარყვნილი ქმედება) გათვალისწინებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადიდან ექვსიდან რვა წლამდე, თუმცა, თუკი იგივე ქმედება ჩადენილი იქნება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი, ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - რვიდან ათ წლამდე.
ამასთან, ცვლილებებით, თუ გაუპატიურება ჩადენილი იქნება არაერთგზის, ჯგუფურად, ან დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვანის მიმართ, ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ათიდან ცამეტ წლამდე.
ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ გაუპატიურება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და ეს ქმედება ჩადენილი იქნა იმ პირის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - თხუთმეტიდან ოც წლამდე.
ძალოვანი უწყების მიერ მომზადებული ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება - მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ექვსიდან რვა წლამდე. აღნიშნული ქმედების განმეორებაზე, გაუპატიურების მსგავსად, იგივე სანქციები ვრცელდება.
ზემოთაღნიშნული ქმედებების გარდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება კოდექსის 139-ე მუხლზე, რომლის გათვალისწინებითაც, სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურეობრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით - სამ წლამდე. თუკი, იგივე ქმედება ჩადენილი იქნება არასრულწოვანის მიმართ, ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - სამიდან ხუთ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ სანქციები მკაცრდება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაზეც. კოდექსის 140-ე მუხლით, სრულწლოვანის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა, ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე.
რაც შეეხება კოდექსის 141-ე მუხლს, რომელიც გარყვნილ ქმედებას ეხება, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზია, ზედმეტად ლიბერალური მიდგომა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციების სახესა და ზომასთან დაკავშირებით.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც უწყება ნოემბერში საქმიანობას დაუბრუნდება.