საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე, ქართული ქვედანაყოფის მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურთან შეხვედრა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად ჯუმა მეჩეთში მივიდნენ. მისიაში მონაწილე სამხედროები საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს, ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ტრადიციების უკეთესად გაცნობა იყო.
თავდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ექსპერტები და თეოლოგები თვლიან, რომ ანალოგიური შეხვედრები, ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა.
მამა მიქაელ ბოტკოველი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ როდესაც ქრისტიანი ადამიანი მიდის მუსულმანურ ქვეყანაში და მითუმეტეს, ის იქ ახორციელებს ისეთ მისიას, რა მისიითაც ქართველი სამხედროები იმყოფებიან ავღანეთში და ერაყში, ასეთ შემთხვევაში, თეორიული ცოდნა იმისა, თუ რა ტრადიციები აქვს სხვა რელიგიას, მნიშვნელოვანია.
მუსლიმთა შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს, მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურმა სამხედროები დალოცა და მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველ სამხედროებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისლამის წესების გაცნობა თითოეულ სამხედროს მისიის შესრულებისას გამოადგება.
ქართველ სამხედროებთან ერთად, ჯუმა მეჩეთში შეიხის ლექციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა შეიხს ლექციის წაკითხვისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენთვის ეს უდიდესი მოვლენაა. როდესაც ჯარს, რომლითაც ყველა ვამაყობთ, რომელიც საზოგადოების გამორჩეული ნაწილია, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის სამსახურისთვის აქვს გადადებული და რომელიც მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუსლიმანურ ქვეყანაში მიემგზავრება, აუცილებლად სჭირდება კარგად იცოდეს ამ ქვეყნის ტრადიციები.
ეს ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა. დღეს, ჯარში მსახურობენ ის ადამიანები, ვისაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სურთ საკუთარი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები დაიცვან“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მინისტრმა მუსლიმთა შეიხს დალოცვისთვის მადლობა გადაუხდა და აღნიშნა, რომ ამ ტრადიციას, რომელიც დაინერგა აუცილებლად გავაგრძელებთ და ტრადიციად ვაქცევთ.
„აქ წარმოდგენილი სამხედროები - მუსლიმები, ქრისტიანები და ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთნი ვართ, ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს ისტორიულად ასე იყო. ჩვენს ტრადიციებს ამდიდრებდა მუსულმანური ტრადიციები და სხვა რელიგიები, რომლებიც ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში ამდიდრებდა ჩვენს ქვეყანას.
ამიტომ, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო ყველა რელიგიის წარმომადგენლის სახელმწიფო და ერთ მუშტად შეკრულებმა უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
31-ე ბატალიონის სამხედროები როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას უკვე მეორედ მიიღებს. ISAF-ის მისიის შესრულება პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა 2010 წლის აპრილიდან დაიწყეს. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონი მისიას, ამერიკული კონტინგეტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნიკზე“ განახორციელებს.
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ აქციას სამი ძირითადი ასპექტი ჰქონდა. როგორიცაა, გამოყენებითი ასპექტი, ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და თვითონ შემეცნებითი ასპექტი. როგორც კაპანაძე ამბობს, ეს არ იყო რელიგიური აქცია, ეს იყო შემეცნებითი აქცია, სადაც თვითონ მუსლიმთა სასულიერო წარმომადგენელმა ჩაატარა შესაბამისი ლექცია, როგორია ქცევის წესები და როგორი უნდა იყოს ურთიერთობა მუსულიმან მოსახლეობასთან.
„ეს შეიძლება იყოს გამოყენებითი მხარე, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა არის პატივისცემის გამოხატვის საშუალება. რაც შეეხება შემეცნებით ასპექტებს, თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა იცოდეს რას წარმოადგეს ეს რელიგია, რა არის მისი ძირითადი პოსტულატები, არ არის ამ რელიგიის ძირითადი მოთხოვნები. თვით განვითარებისათვის ძალიან კარგი აქცია იყო.
მესამე - ამ აქციას ფსიქოლოგიური ოპერაციების რანგში თუ ავიყვანთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეორე მხარემაც დაინახა, რამდენად ვაქცევთ ყურადღებას მათ რელიგიას და ეს არაა რელიგიის საწინააღმდეგო აქცია. ჩვენი ჯარისკაცები არ ომობენ რელიგიის წინააღმდეგ. ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში მათი მომავალი თაობის უკეთესი მომავლისათვის არიან“, - აღნიშნა კაპანაძემ.
როგორც გენერალი კაპნაძე აცხადებს, ქართველ ჯარისკაცებს პატრულირების დროს შეხება აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მაგალითად, ქართველს, რომელიც ქრისტიანია, უფლება არ აქვს შევიდეს ავღანელის სახლში მისი ნებართვის გარეშე და ჩაატაროს ჩხრეკა, ამას ახორციელებს ავღანური პოლიცია, ან ავღანური შეიარაღებული ძალები, მაგრამ ამავე დროს, ქართველები მონაწილეობენ უხუცესთა შეკრებაში და როგორც კაპანაძე აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და პატივს სცემდნენ მათ რელიგიას.
„ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ აჩვენო ერკვევი მათ რელიგიაში, გესმის მათი რელიგია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ღრმა წრმენით, ეს ამცირებს ხიფათის რაოდენობას. ტერორისტს არ აქვს არც რელიგია, არც ეროვნება, ტერორისტი არის ტერორისტი და ტერორისტული აქტების ასპროცენტიანი გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ თვითონ მოსახლეობის მხრიდან მსგავსი აქტები მტრულ განწყობას ამცირებს.
ასეთი აქცია პირველად გაკეთდა და სხვა ქვეყნებში ანალოგი არ ყოფილა. იცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში წასვლამდე გერმანიაში გადიან მომზადებას, საქართველოშიც ამ დანაყოფების სამეწარმეო რგოლი გადის ავღანეთის ისტორიას, გადის ავღანურ ტრადიციას, ეს ისწავლება, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ეს ისწავლება ინსტრუქტორის მიერ და სულ სხვაა როდესაც ეს ისწავლება თვითონ რელიგიის წარმომადგენელის მხრიდან“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ქართველ სამხედროებს ავღანეთში გამგზავრებამდე უტარდებათ ინსტრუქტაჟი იმის შესახებ, თუ რა რელეგია და ტრადიციაა იმ ქვეყანაში.
„სამხედროები უნდა ფლობდნენ მინიმალურ ინფორმაციას მათი ტრადიციების შესახებ, რომ არ მოახდინონ ადამიანების უფლებების დარღვევა, მათი ტარდიციების უპატივცემულობა და ამან არ გამოიწვიოს კონფლიქტების გაღვივება. რაც შეეხება ამ ფორმით მათ გამოხატულებას, მე შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს. იმედი მაქვს, ეს ღონიძიება ნებაყოფლობით განხორციელდა თითოეული ჯარისკაცის მხრიდან. ეს ინდივიდუალურად, თითოეულმა, ჯარისკაცმა უნდა გადაწყვიტოს.
საერთოშორისო საზოგადოებისთვის, ნატოს ISAF-ის პროგრამისთვის, რა თქმა უნდა, კარგი ჟესტია, რომ ჩვენ კარგად გვესმის რა მნიშვნელობა აქვს ამ კონფლიქტში ადგილობრივი წეს-ჩვევების გათვალისწინებას, რომელიც ISAF-ის პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ნამდვილად დავეთანხმები სამინისტროს ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფორმაზე შეიძლება განსხვავებული მოსაზრება მქონდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ქართველი სამხედროები კულტურულ ფასეულობებს ეზიარენენ.
„ეს არის ელენემტარული ჟესტი. სამხედროებმა გამოხატეს თავიანთი პატივისცემა იმ საერთო რელიგიური მიმდევრობის წინაშე, რასაც ჰქვია ისლამი. ეს შეიძლება დადებითად იქნას აღქმული იმ მოსახლეობის მხრიდან ავღანეთში, რომლებიც ცხოვროვენ ამ ქვეყანაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.