ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა საქართველოს ტურიზმზე გავლენა უკვე მოახდინა. ისრაელიდან ჯავშნები უქმდება. კიდევ უფრო პრობლემური იქნება გამყვანი ტურიზმის მიმართულება, მით უფრო, რომ სადღესასწაულო დღეები ახლოვდება და იერუსალიმში საშობაო ტურებს საფრთხე ემუქრება.
როგორც ტურ-ოპერატორთა ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა განაცხადა, ოქტომბერში ისრაელიდან ტურისტების შემოსვლა ყოველთვის აქტიურდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ჯავშნების გაუქმება თვალში საცემია.
„ისრაელი უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში საქართველოს ერთგული პარტნიორი იყო. ძალიან ბევრი ტუროპერატორი თუ ინდივიდუალური მოგზაური ჩამოდიოდა საქართველოში და თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ისრაელი არის ის ქვეყანა, საიდანაც მრავალჯერადი ვიზიტები გვქონდა. ის ადამიანები, რომლებიც უკვე იყვნენ წლების წინ საქართველოში, კიდევ და კიდევ ჩამოდიოდნენ - ზოგიერთი 5-ჯერ, ათჯერაც იყო ნამყოფი. ამით ისრაელი ყოველთვის გამოირჩეოდა. კავკასიის ქვეყნებს არ შევადარებ, მაგრამ აღმოსავლეთიდან ნომერ პირველი ქვეყანაა, საიდანაც შეიძლებოდა სწორი გათვლები გაგვეკეთებინა და ვაკეთებდით კიდეც.
ისრაელი საკმაოდ მყარი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. ისინი საშუალო და საშუალოზე დაბალი მხარჯველები არიან, თუმცა იყვნენ მაღალმხარჯველი ვიზიტორებიც. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ზოგადად, ძალიან კარგ იმიჯს უქმნიდნენ საქართველოს. მათ ჩვენი ქვეყანა უყვართ და ძალიან აფასებდნენ გასტრონომიულ კულტურასაც, ბუნებასაც და ა.შ.
ახლა უამრავი ჯავშანი უქმდება, როცა წელიწადის ამ დროს ძალიან გახშირებული იყო ისრაელიდან ვიზიტები. არა მხოლოდ პირდაპირ ისრაელიდან გაუქმდა გარკვეული ტურები, არამედ ამერიკული ჯგუფებიდანაც. რომლებიც მომდევნო კვირებში აპირებდნენ ჩამოსვლას. ამ ჯგუფებშიც იყვნენ ებრაელები, რომლებმაც ასევე გააუქმეს თავიანთი ჯავშნები.
ისრაელის ომი კიდევ უფრო აისახება ტურისტული ნაკადის შემცირებაზე საქართველოში. მოლოდინები არის საკმაოდ ნეგატიური. ის კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, ძალიან დაზარალდნენ და არავინ იცის, როდის აღდგება ტურიზმი.
გამოცდილებამ გვაჩვენა და ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა ვიყოთ კონკრეტულ ერთ ქვეყანაზე მიბმული. გამოსავალი არის, პირველ რიგში, დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც ძალიან უნდა გავზარდოთ ჩვენი მარკეტინგი და მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ იქიდან ხალხი“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ია თაბაგარმა.
ცოტათი განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელს ნატა კვაჭანტირაძეს. ისიც ადასტურებს, რომ ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ტურიზმზე გავლენა აუცილებლად ექნება, მაგრამ ჯავშნების გაუქმების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
„ის პროცესი, რაც ისრაელში მიდის, თავისთავად შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას, თუმცა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ასევე შეფერხდება გამყვანი ტურიზმიც, მოგეხსენებათ, რომ საშობაო, სააღდგომო ტურები ძალიან აქტუალურია და იერუსალიმში, წმინდა მიწის მონახულება ძალიან პოპულარულ ტურიზმად ითვლება გამყვან ტურიზმში. თავისთავად ესეც შემაფერხებელი ფაქტორია.
მთავარი ახლა ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაა და იმ პროცესების აღმოფხვრა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ასოციაციაში მიმდინარე კვირის სტატისტიკით ისრაელიდან ჯავშნების გაუქმება არ დაფიქსირებულა.
„ჯერჯერობით არ მოსულა ასოციაციაში მსგავსი ტიპის შეტყობინებები, რადგანაც ზამთრის საკურორტო სეზონი წინ არის და ზაფხულის მოლოდინის კუთხით, ზოგადად ერთი წლით ადრე ჯავშნები შემცირებულია. პანდემიამ განაპირობა ის, რომ მოკლე ვადებში ხდება ჯავშნების ორგანიზება“, - აღნიშნა კვაჭანტირაძე.
2023 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ისრაელიდან 106,530 ვიზიტორი ეწვია, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 84,577 ვიზიტორი. 2019 წლის 6 თვის სტატისტიკით კი ქვეყანას ისრაელიდან 77,125 ვიზიტორი სტუმრობდა.