ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ბენზინი უახლოეს მომავალში გაიაფდება. როგორც ჩანს, თუ არა ხელისუფლების ჩარევა, მენავთობეები საერთაშორისო ბაზარზე ორინტირებული ფასის დაწესებას არც აპირებენ. სწორედ ასეთი სცენარი გათამაშდა რამდენიმე დღის წინ, როცა იმპორტიორებმა საწვავი მოულოდნელად გააძვირეს და შემდეგ ასევე მოულოდნელად - გააიაფეს.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ამჟამად ქართული დელეგაცია იმყოფება, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს, რათა საქართველომ ტრანზიტული ფუნქცია არ უნდა დაკარგოს და კიდევ უფრო განიმტკიცოს.
„ბენზინი, მე მგონი, უახლოეს მომავალში გაიაფდება, შეიძლება ამ ვიზიტის შემდეგაც, მაგრამ არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ფასები ვერ განახევრდება, ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ დაკლების ტენდენცია იქნება“, - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, ტრანზიტებით ფული კეთდებოდა და ჯიბეებში გადადიოდა და ამაზე პროკურატურა მუშაობს, დღეს კი ის რაც ჯიბეებში გადადიოდა, ახლა სახელმწიფოს ხმარდება.
„ადეიშვილი და მისი ჯგუფი ახორციელებდა მონიტორინგს მთელ ბიზნესზე და ბაზრობაზე მდგომი ქალბატონებიც კი ჰყავდათ აღრიცხვაზე და ნებისმიერ გადარიცხვას თვალყურს ადევნებდნენ. რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარს, ამასთან დაკავშირებით გამზადებული პროექტი არსებობს, რომელიც სიტუაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - დასძინა ივანიშვილმა.
სანამ „ქართული ოცნება“ საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობის საბოლოოდ დარეგულირებას შეძლებს, მანამდე იქ უცნაური მოვლენები ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტების ფასი შესაშურად მყარია, ქართველმა იმპორტიორებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. წინა კვირას მათ საცალო ქსელში ფასი მოულოდნელად 5-7 თეთრით გაზარდეს, შემდეგ კი უცებ ისევ შეამცირეს. რას ემსახურებოდა ეს „მანევრი“ გაურკვეველია. არც გაძვირების და არც გაიაფების წინაპირობა არ არსებობდა.
დაახლოებით 8-9 დღის წინ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი გაძვირდა, თანაც ნავთობიმპორტიორები დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ გაიაფების მოლოდინი, თუ საერთაშორისო ბაზარი არ მისცემდა ამის შესაძლებლობას, არ უნდა ჰქონოდათ. საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება არ შეცვლილა, თუმცა მენავთობეებმა ძალიან სწრაფად საწვავზე ფასის შემცირება მაინც გადაწყვიტეს. სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ გაზრდილი ფასი მთავრობას არაფრად ეჭაშნიკა და კორექტირება უფრო პოლიტიკური ჩარევის შედეგად მოხდა.
ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ზვიად კანდელაკი ფიქრობს, რომ ნავთობიმპორტიორებს ფასის ზრდა ხელისუფლებამ არ მოუწონა.
„გამორიცხულია, რომ ერთ კვირაში იმპორტიორებს ფასები აეწიათ და მერე დაეგდოთ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. სულ იმას გაიძახიან, რომ საერთაშორისო ბაზრებზე შესყიდვები ხდება 20-25 დღეში ერთხელ და ამ პერიოდის გასვლამდე საფასო ცვლილებებს ვერ ახორციელებენ. ახლა ფასი უმოკლეს დროშივე დაწიეს.
მას შემდეგ, რაც მედიაში დაიწერა მათი არაადეკვატური გადაწყვეტილებების შესახებ, სავარაუდოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს შენიშვნა. ცალსახაა, წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ, მით უფრო, რომ ბაზარზე არსებული სიტუაციის მიხედვით, გაძვირების აუცილებლობა არ არსებობდა. ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში სტაბილურია და საწვავის გაძვირების, ან თუნდაც გაიაფების აუცილებლობა არ არის“, - აცხადებს კანდელაკი.
თუმცა, როგორც გამოჩნდა, ცოტა სხვაგვარად ფიქრობს ქვეყნის პრემიერი და საწვავის გაიაფების მორიგ პირობასაც იძლევა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე არჩევნებამდე გარკვეულ ცვლილებას ისევ უნდა ველოდით.