თბილისის მერმა 50 მილიონის ჩამოჭრა ვერ აიტანა და ფინანსთა მინისტრი ჯიჰადის გამოცხადებაში დაადანაშაულა. არადა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. დედაქალაქის უზარმაზარ ბიუჯეტს ცოტათი ქამარი შემოუჭირეს. სხვათა შორის, ამის გამო სულაც არ ღელავენ თბილისის საკრებულოში, სადაც თვლიან, რომ ქალაქის ბიუჯეტი მომავალშიც სოციალურად ორიენტირებული და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული იქნება.
თბილისის მერი გიგი უგულავა 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს მთავრობის სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს. როგორც კი პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, თბილისის მერმა უგულავამ საგანგებო განცხადება გააკეთა.
ირკვევა, რომ გაისად თბილისის ტრანსფერის მოცულობა 50 მილიონი ლარით შემცრიდა და იგი 398 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოში არსებული 70 თვითმმართველობიდან 69 თვითმმართველ ორგანოსა და მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ტრანსფერი ეზრდება, მხოლოდ თბილისის ტრანსფერი მცირდება.
ამიტომაც უგულავა მიიჩნევს, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ ცენტრალური მთავრობა ახორციელებს, რადგანაც თბილისი არის ერთადერთი თვითმმართველი ორგანო, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს.
რადგანაც არც თბილისის მოსახლეობა და არც მისი ტერიტორია არ შემცირებულა, მერი კითხვით მიმართავს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას, რატომ მოხდა ტრანსფერის თანხების შემცირება? უგულავას დასკვნით დარჩა მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც მოხდა თბილისის ტრანსფერის მოცულობის შემცირება - ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.
„ეს არის ხადურის ჯიჰადი თბილისის მიმართ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მან ასევე ისაუბრა, 2015 წელს თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე და ხაზი გაუსვა, რომ ამ ფესტივალს ჩაშლა ემუქრება, რადგან საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად დაფინანსების გამოყოფაზე. აქედან გამომდინარე, ყველა სამუშაოს შესრულება თბილისს დაეკისრა. ამ მიზნით, მომავალი წლის ბიუჯეტში, მერია 35-40 მილიონი ლარის დახარჯვას ვარაუდობს.
„თუ ეს სადამსჯელო ოპერაცია განხორციელდა, ცენტრალური მთავრობის მიერ, თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება შეუძლებელი გახდება“, - აღნიშნავს უგულავა.
მერმა მიმართა თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს პარლამენტში და თბილისის საკრებულოს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია 2014 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით თუ რატომ ახორციელებს ამას ცენტრალური მთავრობა, რატომ მოიძულა ხადურმა თბილისი, რატომ შეცვალა ტრანსფერის დასადგენი კოეფიციენტი და დედაქალაქს თანხები მოაკლო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მყისვე გამოეხმაურა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაბუნიამ განუცხადა, უგულავას დღევანდელი განცხადება არის მეორე სერია იმ ფილმიდან, რომელიც მან გასული წლის ბოლოს კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე შეჭრით დაიწყო.
„გიგი უგულავას ეს განცხადება არის არა მერის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, პარტიული ფუნქციონერის განცხადება. ის ამით ცდილობს სიტუაციის დრამატიზირება მოახდინოს და მთავრობის მისამართით მორიგი ცეცხლი გახსნას. მიუხედავად უგულავას ამ განცხადებისა და გამოთქმული შეშფოთებისა, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი იქნება სოციალურად ორიენტირებული და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.
მისივე თქმით, ტრანსფერთან დაკავშირებით გიგი უგულავას წუწუნი ძალიან არადამაჯერებელია, რადგან „უგულავა გახლავთ ის მერი, რომელიც დღეს თბილისის ბიუჯეტის სახით ფლობს 700-მილიონიან რესურსს“ და ამის მიუხედავად, ეს საერთოდ არ ეტყობა თუნდაც იმ სოციალურად დაუცველთა მდგომარეობას, რომლითაც ასე სპეკულირებდა ქალაქის მერი.