საკანონმდებლო ორგანოში, შესაძლოა, ახალი ფრაქცია შეიქმნას. საპარლამენტო კულუარებში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ფრაქციის შექმნის თაობაზე ნინო ბურჯანაძე მმართველი გუნდის რამდენიმე წევრთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. For.ge-ს წყაროს ცნობით, ექს სპიკერს ფრაქციის შექმნა სურს და რამდენიმე კანონმდებელს უმრავლესობის რიგების დატოვებას სთხოვს.
დაიწყება თუ არა უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატთა გადინება და მოხდება თუ არა ფრაქციის შექმნა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილი დატოვებს, რადგან წყაროს ცნობით, რამდენიმე დეპუტატი პოლიტიკიდან კოალიციის ლიდერის წასვლას ელოდება, რომ პოლიტიკური აქტიურობა დაიწყოს, რაც მათ რადიკალურ განცხადებებსა და პოლიტიკური პროცესის დაძაბვაში გამოიხატება.
თუ ვისთან მართავს კონსულტაციებს ნინო ბურჯანაძე, ეს პარლამენტში არ კონკრეტდება, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში „სიტუაციის აყირავებაზე“ პრემიერიც საუბრობს.
მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის პოსტს დატოვებს, უმრავლესობაში ერთი-ორი კაცი „სიტუაციის აყირავებას“ გეგმავს.
მისი შეფასებით, ეს პირები სიტუაციის გადატრიალებას ვერ შეძლებენ და ამით მხოლოდ „საკუთარ თავს ააყირავებენ“.
„საზოგადოებასთან ერთად მათთვის უფრო მძიმე ვიქნები, ვისაც ჰგონია, რომ დამატებითი ბერკეტები გაუჩნდებათ. უმრავლესობაში ერთი-ორი ადამიანია ისეთი, რომლებიც აზრზე არ არიან და არც გაგებაში. ვინც ფიქრობს, რომ გადახტება-გადმოხტება და რაღაცეებს გადაალაგებს, ასეთ ქმედებებს ვამჩნევ, მაგრამ ისინი არა სიტუაციას, არამედ საკუთარ თავს ააყირავებენ. სიტუაციის გადატრიალებას ვერავინ მოახერხებს“, - აცხადებს პრემიერი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოში იქნება.
ივანიშვილის განცხადებით, არანაირი აყირავება და ქაოსი არ მოხდება.
„ამის ალბათობა ორი-სამი პროცენტია. გარანტიას ვიძლევი, რომ სიტუაციის არევა არ მოხდება“, - დასძენს პრემიერი.
სიტუაციის ამრევში თუ ვის გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, ამის შესახებ პარლამენტის წევრები ინფორმაციას არ ფლობენ და აცხადებენ, რომ პრემიერმა რამდენიმე დეპუტატი გააფრთხილა.
როგორც for.ge-ს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, პრემიერს დეპუტატებზე მეტი ინფორმაცია აქვს, თუმცა, ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში „თავისუფალ-დემოკრატებს“ არ გულისხმობდა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „თავისუფალი -დემოკრატები“ კოალიციას არანაირ საფრთხეს არ შევუქმნით. კოალიციის შიგნით კონფლიტი არავისთან გაგვაჩნია. მათ შორის, უთანხმბოება არც პრემიერთან გვაქვს. თუ პრემიერი ვინმეზე საუბრობდა, ის „თავისუფალ-დემოკრატებს“ არ გულისხმობდა. შეიძლება ეს ვინმესთვის გაფრთხილებაა, რომ ეს არ გაბედონ, რადგან ვინც გადახტება, ის კისერს მოიტეხავს. უმრავლესობის რიგები მხოლოდ კობა დავითაშვილმა დატოვა, რაც თავად დავითაშვილს დააკლდება და არა კოალიციას“, - აცხადებს დეპუტატი, რომლის მსგავსადაც, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესაც უჭირს იმ დეპუტატთა დასახელება, ვისზეც პრემიერი საუბრობდა.
დეპუტატის განცხადებით, ის იმ კანონმდებლებს ვერ გამოყოფს, რომელთაც ცუდი გეგმა აქვთ.
„დამოკიდებულება, რომ ვიღაცა სიტუაციის დაძაბვას და არევას ცდილობს, ეს მათთვისვე ცუდი იქნება. თუ ვინმეს მზაკვრული განზრახვა აქვს, ეს გამომჟღავნდება. თუ ვითარების დაძაბვის რაიმე ნიშანი არსებობს, ამის თაობაზე მეტი ინფორმაცია ბატონს ბიძინას ექნება“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ძნელია იმის თქმა ვის გულისხმობდა პრემიერი ორ დეპუტატში, მაგრამ საპარლამენტო კულუარებში, ვითარების ამრევად დავით ლორთქიფანიძესაც მოიაზრებენ, რომელიც მედიით, ხშირად, მმართველი გუნდის შიდა სამზარეულოზეც საუბრობს.
For.ge-სთან საუბარში დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს, ორ ადამიანში პრემიერი მას გულისხმობდა.
„თუ ვინმე ამას ამბობს, ის იტყუება. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ეს იმის საფუძველი არ არის, რომ მასთან პოლიტიკური მოლაპარაკებები ვაწარმოო. თქვენ მეუბნებით, რომ გარეთ შიდა სამზარეულო გამომაქვს, მაგრამ რაც არ არის გამოსატანი, იმას არ გამოვიტან, მაგრამ დეპუტატები ვართ და საკუთარ მოსაზრებებში შეზღუდულები არ ვართ. რაც არ მომწონს, ვამბობ და ეს მისასალმებელი საქციელი უნდა იყოს. არ მგონია, ვინმეს პრობლემას ვუქმნიდე და თუ ვინმეს პრობლემა ექმნება, ეს საკუთარ თავს დააბრალოს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
პარლამენტში მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური ვითარების დაძაბვა, ამის პროგნოზი უჭირს „ნაციონალურ მოძრაობასაც“.
სერგო რატიანის შეფასებით, მას შემდეგ, როცა პრემიერი პოლიტიკიდან წავა, უმრავლესობას ერთიანობის შენარჩუნება გაუჭირდება და ამ პრობლემაზე ყველა საუბრობს.
„პრემიერის ბუნდოვანი აზრების კომენტატორად არ გამოვდგები. ამისთვის უმრავლესობაში გარკვეული სპეციალისტები არსებობენ, რომლებიც პრემიერის განცხადებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ და როგორც შუა საუკუნეებში ხდებოდა, ლიდერის განცხადების განმარტებას აკეთებენ. როცა პრემიერი პოლიტიკიდან წავა, უმრავლესობას ერთიანობის შენარჩუნება გაუჭირდება და ამ პრობლემაზე ყველა საუბრობს“, - განუცხადა For.ge-ს რატიანმა.