მივარდნა „ნაციონალურად“

მივარდნა „ნაციონალურად“

კონფლიქტისპირა სოფელ დვანში დავით სერგეენკოსა და სხვადასხვა პროფილის ექიმების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვიც ჩავიდა.

ბარნოვის დვანში ჩასვლა 13:30 საათისთვის იყო დაანონსებული, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება შეცვალა და 12:30-საათზე, სწორედ დავით სერგეენკოს ვიზიტს დაამთხვია სოფელში ჩასვლა. თუმცა თავად ირწმუნებოდა, რომ სერგეენკოს იქ ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა.

თავდაპირველად ანდრო ბარნოვი იმ ადგილას მივიდა, სადაც რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები იდგნენ და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის პირველი პირები დვანში ხალხთან შესახვედრად არ ჩადიან, რადგან რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლების ეშინიათ.

ანდრო ბარნოვმა მთავრობა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ შექმნილი მდგომარეობის ფოზე, მათ წყალიც კი არ მიაწოდეს ადგილობრივებს. არც საკუთარი ადმინისტრაციის წევრების დამსახურება დაივიწყა, რომელთაც, თურმე, საკუთარი, ანუ პირადი ბიუჯეტიდან გაიღეს გარკვეული თანხა და საყოფაცხოვრებო ნივთები თუ პროდუქტები ჩაუტანეს ადგილობრივებს.

მთავრობის კრიტიკის შემდეგ, ბარნოვი კამერების თანხლებით იმ ადგილას გაემგზავრა, სადაც დავით სერგეენკო იმყოფებოდა და, სადაც ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებს უტარებდნენ.

ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოულოდნელად ბარნოვმა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა.

„არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და თქვენთვის არ მეთქვა, რომ თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც აი, ამ მოსახლეობას სოციალური დახმარებები მოუხსნა“, - მიმართა ბარნოვმა სერგეენკოს.

დაუპატიჟებელი სტუმრის მისვლით დავით სერგეენკო არ დაბნეულა და მან პირდაპირ უთხრა სათქმელი ანდრო ბარნოვს, რომ აღნიშნული დადგენილება ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო მიღებული, რომლითაც 2013 წლის ზაფხულიდან დახმარებები უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს ამ პროცესის დარეგულირებას და მოსახლეობის უმრავლესობისთვის სოციალური დახმარების შენარჩუნებას.

ამასთან, სერგეენკომ ბარნოვს მსგავსი სპექტაკლების გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და ურჩია, ნუ უშლიდა ხელს თბილისიდან ჩასულ ექიმებს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო გასინჯვაში.

„ეს აუხსენით იმას, ვისაც ეს სჭირდება... მოუწოდეთ იმას, ვისთვისაც მოსაწოდებელია... კარგად იყავით, ხელს გვიშლით“, - ასეთი იყო დავით სერგეენკოს რეაქცია. მინისტრის პოზიცია ერთ-ერთმა ექიმმაც გაიზიარა და მანაც ურჩია ბარნოვს, მინისტრსა და მთავრობასთან ურთიერთობა კამერების გარეშე კაბინეტში გაერკვია, რადგან იქ, სადაც ექიმი მუშაობს, მიტინგის გამართვა არ შეიძლება.

ამის შემდეგ ახალი ხელისუფლების „დასამუშავებლად“ ბარნოვმა დვანელებთან გადაინაცვლა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ ჯგუფთანაც კამათი მოუხდა.

დვანელები აცხადებენ, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოა დღეს ამგვარი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მავთულხლართების გაბმა, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს აქცენტს, დღეს არ დაწყებულა, ის 2009 წელს დაიწყო. ამასთან, ანდრო ბარნოვს დვანელებმა დემაგოგი უწოდეს.

„შენ ხარ დემაგოგი, ჩამოხვედი აქ და დემაგოგიას ეწევი. ამდენი წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ არ გაგხსენებივართ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ახლა გინდათ, რომ მოქმედ მთავრობას ხელი შეუშალოთ, არჩევნები მოდის და გინდათ, ჩვენს ხარჯზე პიარი გაიკეთოთ“, - მიმართეს დვანელებმა ბარნოვს.

ჩვენ ვესაუბრეთ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსს ზურაბ უტიაშვილს, რომელიც დიცში მომხდარ ინციდენტს თავადაც შეეწრო. მისი თქმით, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო და სამინისტრომ მორიგი გასვლითი გასინჯვები ჩაატარა. სექტემბრის შემდეგ ეს იყო მე-16 გასვლა, თუმცა რატომღაც სხვა შემთხვევაში არ დაინტერესებულა ანდრო ბარნოვი. უბრალოდ, რადგან დვანი პოლიტიკურად აქტუალურია, ბარნოვმა პიარ-კამპანიის გამო გადაწყვიტა იქ ჩასვლა.

„რატომღაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გააკეთა აქცენტი. საერთო ჯამში, ვერ მივხვდით, რა უნდოდა - ექიმები დაადანაშაულა, რატომ სინჯავთ პაციენტებსო თუ მინისტრის სამედიცინო კვალიფიკაციაში შეეპარა ეჭვი?!“ - აინტერესებს ზურაბ უტიაშვილს.

მისივე თქმით, არც დავით სერგეენკოს გაუმართავს ანდრო ბარნოვთან სერიოზული კამათი, რადგან ამ საკითხზე კამათი შეუძლებელია და ავადმყოფების გასინჯვის პროცედურისას არაფერი უნდა ყოფილიყო საკამათო.

მომხდარის მიუხედავად, ექიმები კვლავაც აპირებენ აღნიშნულ სოფლებში ვიზიტს და მოსახლეობის გამოკვლევებს.

ჩვენ დავუკავშირდით საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიგი წერეთელს და დავინტერესდით, როგორც ყოფილი ექიმი, როგორ შეაფასებდა ანდრო ბარნოვის შეჭრას იმ ოთახში, სადაც ჯანდაცვის მინისტრი და სხვა ექიმები ადგილობრივებს სამედიცინო კონსულტაციებს უწევდნენ.

გიგი წერეთლის თქმით, თუ ანდრო ბარნოვი მწვავედ ეკამათა ჯანდაცვის მინისტრს, აქ პრობლემური არაფერია, მაგრამ, თუ რაიმე პროცესს შეგნებულად შეუშალა ხელი, ეს ცუდია და ამაზე „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ალბათ, ექნება რეაქცია. ამიტომ ბუზისგან სპილოს შექმნა საჭირო არ არის. მით უფრო, რომ ანდრო ბარნოვმა არც იცოდა, რომ იქ სამედიცინო გასინჯვები მიმდინარეობდა.

„არასდროს არ არის სასიამოვნო ასეთი ტიპის შეკამათება, მით უმეტეს, საზოგადოების თვალწინ. ეთიკური ჩარჩოები დაცული უნდა იყოს. თუმცა ხელჩართული ჩხუბი იქ არ ყოფილა და ორივე მხარეს მოსახლეობის დახმარება სურდა. ამის მიუხედავად, სოციალური დახმარების შეწყვეტა საყურადღებო ფაქტია, რადგან საქართველოში ბევრი ადამიანი ამის გამო წუხს, რადგან ისინი ამოვარდნენ ამ სიიდან. მით უმეტეს, ეს პრობლემურია კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის. საზღვრისპირა სოფლებთან ყოველთვის განსხვავებული მიდგომა გვქონდა და ძალიან იშვიათად უნდა ამოვარდეს ვინმე ამ სიიდან, თუ მას ცხოვრების განსაკუთრებული პირობები არ აქვს“, - გვითხრა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრს დაავალეს, რომ წასულიყო და დვანელებს დახმარებოდა, რაც კარგია, მაგრამ ეს უფრო კოსმეტიკური საშუალებაა და ამ ადამიანების ძირითადი პრობლემა სამედიცინო დახმარება კი არა, სახლების დაშლაა.

გიგი წერეთელი იმასაც იხსენებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და მანამდეც, უამრავჯერ ჩასულან სამედიცინო ბრიგადები და საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის აღმოუჩენიათ დახმარება, ზუსტად საოკუპაციო ზოლთან ახლოს შენდებოდა მაღალი დონის სამედიცინო ობიექტები, სოფლის ამბულატორიები და სხვა.

ამიტომ, გიგი წერეთლის აზრით, არასწორია, როცა ახალი ხელისუფლება არასასიამოვნო ფაქტებს მუდამ წინა ხელისუფლებას აბრალებს. დეპუტატი თვლის, რომ იმაზე უნდა ილაპარაკოს მთავრობამ, რასაც დღეს აკეთებს.

„მაშინ ჩვენც გავიხსენოთ 1992-93 წლები, როცა პირველად მოხდა ამ ტერიტორიების ოკუპაცია და ისევ ძველ ხელისუფლებას დავაბრალოთ ეს ყველაფერი?!“, - აინტერესებს გიგი წერეთელს.

ჩვენ ანდრო ბარნოვთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ მას მობილური გამორთული ჰქონდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, იგი შეხვედრაზე იმყოფებოდა. ჩვენთვის უცნობია, დვანში მომხდარისა და დვანელებთან დაპირისპირების გამო გაკიცხეს თუ არა ნაციონალებმა ანდრო ბარნოვი თუ მოუწონეს ასეთი საქციელი. ასევე, შევეცადეთ დავკავშირებოდით პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძეს, რათა გაგვერკვია, რატომ შეცვალა ანდრო ბარნოვმა დვანში გამგზავრების დაანონსებული გრაფიკი და რატომ დაამთხვია ეს ვიზიტი დავით სერგეენკოს იქ ყოფნას. თუმცა მანანა მანჯგალაძეც ტელეფონს არ პასუხობდა.