შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულში სოხუმში მცხოვრები ყირგიზეთის მოქალაქე, 24 წლის სამარ ჩოკუტაევია ბრალდებული, რომელიც მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.
შსს ბრალდებულს მაღალი დონის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს უწოდებს და იმ სქემას განმარტავს, რომლის მიხედვითაც მან საქართველოში დანაშაულის ჩადენა სოხუმიდან მოახერხა. საუბარია 4 ივნისს ინტერნეტსივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსებულ ვიდეორგოლზე, რომელიც ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას შეიცავს.
„ვიდეომასალა, რომელიც გამოყენებულია მუქარის შემცველი ვიდეორგოლის შესაქმნელად, მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტსივრცეში, რგოლი შექმნილია ამ ვიდეომასალის დამონტაჟების შედეგად და მის დასამზადებლად ავტორს არ დასჭირვებია რომელიმე ქართული ტელეკომპანიის ვიდეოარქივთან უშუალო, ანუ ფიზიკური წვდომა.
დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან. კვალის დაფარვის მიზნით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) USB ინტერნეტმოდემები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.
გამოძიებით უდავოდ დადგენილია, რომ სამარ ჩოკუტაევმა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტქსელში და კვალის არევის მიზნით, იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი“, - განმარტავენ ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. სამართალდამცველები ბრალდებულს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ეძებენ.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პოვნამდე ანალოგიური მონაცემების მქონე პირი სოციალურ ქსელებში იძებნება. „ფეისბუქში“ სამარ ჩოკუტაევის სახელ-გვარის მქონე პიროვნებას პირადი ფოტოსურათებიც აქვს ატვირთული. მას საცხოვრებელ ადგილად სოხუმი აქვს მითითებული, სამსახურის გრაფაში კი ადგილობრივი მობილური კომპანია „აქუაფონი“ უწერია. სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე სამარ ჩოკუტაევმა ინფორმაცია ბოლოს ორი დღის წინ განაახლა - 1 ოქტომბერს, ფოტოსურათები ატვირთა.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებულ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძია და ვარაუდობს, რომ სამარ ჩოკუტაევი დანაშაულის მხოლოდ შემსრულებელია.
„ირკვევა, რომ ამ ახალგაზრდას ჰყავს და და შეყვარებული - მასზე უფროსი გოგონა. მისი და და ოჯახი ცხოვრობს ვოლგოგრადში. როგორც ჩანს, თავადაც რუსეთში ცხოვრობდა და იქიდან არის გადასული აფხაზეთში. ეს არის თინეიჯერი, რომელიც დაკავებულია ექსტრემალური ტურიზმით და კონკრეტული შეკვეთა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეასრულა. შეიძლება მას არც გაუზარებია, რა გააკეთა“, - აცხადებს მაისაია. მისივე თქმით, ჩოკუტაევის შესახებ მოძიებული ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის თქმაც შეიძლება, რომ ის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებში ვერ ერკვევა, არის თავისი საქმის სპეციალისტი და გააჩნია ლოკალური ინტერსები.
„ის არის ჭანჭიკი, რომლის დაკავება აუცილებელია და ამ გზით დასადგენია მნიშვნელოვანი რგოლი - ვინ გავიდა კონტაქტზე ამ ადამიანთან, ვისი შეკვეთა იყო, რა პოლიტიკური ძალები დგანან ამ კიბერტერორისტული დანაშაულის უკან. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჩოკუტაევი აფხაზეთში იყო. გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ უკვე დადგენილია, რომ საქმეში ფიგურირებს ქართული მხარე - ვიღაცამ საქართველოს ტერიტორიაზე შეიძინა კონკრეტული სიმბარათები, მოდემები და გადაიტანა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე ქართული მხარის მიერ მიეწოდა მას ინფორმაცია კონკრეტულ სერვერზეც, რომლის მეშვეობითაც ვიდეო გაავრცელა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ დანაშაულის კვალი საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე არის დასადგენი.
პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დანაშაულის ჩადენის ადგილად აფხაზეთის დასახელებას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს და საქართველოს მიერ უკონტროლო ტერიტორიას ისლამისტი ტერორისტებისთვის ხელმისაწვდომად მიიჩნევს.
„საინტერსოა ის ფაქტი, რომ „ჯიჰადის“ ვიდეოს გავრცელება დროში დაემთხვა ავღანეთში დატრიალებულ უბედურებას - ქართველი ჯარისკაცების დაღუპვას. სახელმწიფოს ინტერესია, დადგინდეს რამედენად იყო მომხდართან კავშირში ეს ვიდეო. რაც შეეხება თავად აფხაზეთის ტერიტორიიდან დანაშაულის ჩადენის ვერსიას, თეორიულად, ეს არ არის გამორიცხული, რადგან აფხაზეთში ისლამისტი ტერორისტების გადაადგილება შესაძლებელია. პერიოდულად უცხოეთის პრესაშიც იწერება, რომ აფხაზეთი, ამ მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თითქმის უკონტროლო ტერიტორიაა და ერთ-ერთი სატრანზიტო მონაკვეთია ტერორისტების გადაადგილებისთვის. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და კონკრეტული დასკვნები შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა დადონ“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ლაგაზიძე.
„ჯიჰადის ვიდეოს“ საქმეზე გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დამაჯერებელი არ არის. ოფიციალური ვერსიის ასევე არ სჯერათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომდგენლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი შსს-ს ინფორმაციას „სიცრუეს“ უწოდებს.
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი ოფიციალურ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს.
„შსს-მ საკმაოდ დაკონკრეტებული მონაცემები დადო. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ის უფრო დამაჯერებელია ვიდრე 2-3 წლის წინ „ენვერისა“ და „კოჭოიას“ საქმეებზე გავრცელებული ინფორმაციები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, კარგი იქნებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერეტებთან გადაამოწმონ შსს-ს ვერსია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი. მისივე თქმით, ე,წ, „ჯიჰადის“ ვიდეო თალიბებს არ გაუვრცელებიათ. ვიდეოს შექმნისა და გავრცელების მიზანი, პირველ ეტაპზე, სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩართულ ადამიანებში პანიკის დათესვა იყო, ვიდეორგოლის გავრცელებით გამოწვეული რექციის შემდეგ კი, ორგანიზატორებს, შესაძლოა, სხვა გეგმებიც ჰქონოდათ.
ვიდეოს ატვირთვის საკითხზე შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით For.ge ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს ნიკა ტუღუშს ესაუბრა. მისი განმარტებით, „ჯიჰადის“ ვიდეო ინტერნეტში რთული ოპერაციის შედეგად აიტვირთა, რაც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.
„კარგად იყო მოფიქრებული, რომ „ვაირლესიანი“ როუტერები გატეხეს და ინფორმაცია ვირტუალური ქსელის დაშიფრული ხაზის მეშვეობით გაავრცელეს. ეს მექანიზმი ურთულესია და კონკრეტული ინფორმაციის წვდომის შესაძლებლობას მხოლოდ მის ავტორს აძლევს. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ოპერაციები მას ადრეც ჰქონდეს შესრულებული. საქმეს ართულებს დანაშაულებრივი ქმდების მალაიზიასთან კავშირიც. რადგან საქართველოს ამ ქვეყანასთან წვდომა არ აქვს, ქართული სპეცსამსახურები დამოუკიდებლად ვერაფერს გაარკვევდნენ“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე მათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილეს და მხოლოდ ინფორმაციის ნაწილი გაასაჯაროვეს. ღარიბაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე „ჯიჰადის საქმეზე“ ინფორმაცია ლიმიტირებული იქნება.