გაჩერებული ამერიკა

გაჩერებული ამერიკა

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა. ქვეყნის ისტორიაში ეს სულ 18-ჯერ მოხდა, ბოლოს კი 17 წლის წინ. სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსი დაეცა. პროგნოზები არ არსებობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ვალის ზედა ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილებაც, რომელიც კონგრესმა რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.

მსოფლიოს უმსხვილესი კომერციული ბანკის GOLDMAN SCHS-ის ანალიტიკოსთა განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკას მთავრობის მუშაობის დახურვის თითოეული კვირა 8 მილიარდი დოლარი დაუჯდება და თუ ეს მდგომარეობა სამ კვირამდე გასტანს, შესაძლოა, ამან მეოთხე კვარტალში აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9%-ით შემცირება გამოიწვიოს.

აშშ-ის ფედერალური უწყებების მუშაობის შეწყვეტა კონგრესში ბიუჯეტის ჩავარდნას მოჰყვა. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კომპრომისის მიღწევამდე ფედერალური მთავრობის 800 ათასზე მეტი თანამშრომელი აუნაზღაურებელ შვებულებაში იქნება, სახელმწიფო დაწესებულებები კი მოქალაქეებს აღარ მოემსახურებიან. დაიხურება ეროვნული მუზეუმები და პარკები.

ბარაქ ობამას განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროს, ავიადისპეტჩერთა, ბირთვული არსენალის შემნახველი სამსახურისა და თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსება გაგრძელდება.

„სამწუხაროდ, კონგრესმა ვერ შეასრულა დაკისრებული პასუხისმგებლობა და ჩააგდო ბიუჯეტი, რის გამოც, ახლა მთავრობის უმრავლესობა მუშაობას წყვეტს, სანამ კონგრესი მათ ხელახლა არ დააფინანსებს. ამერიკელი ხალხის რთული გზით მოპოვებული მიღწევების საფრთხის ქვეშ დაყენება უპასუხისმგებლობის ზეობაა და ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ობამამ.

თეთრი სახლის საბიუჯეტო დეპარტამენტის მონაცემებით, უხელფასო შვებულება შეეხება ნასას თანამშრომელთა 97%-ს, გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომელთა 93%-ს, ვაჭრობის დეპარტამენტის 87%-ს. ნაკლებად დაზარალდება ვეტერანთა დეპარტამენტი, რომლის თანამშრომელთა მხოლოდ 4% გავა იძულებით შვებულებაში და იუსტიციის დეპარტამენტი (15%).

აშშ-ში ფედერალური უწყებების დახურვა, ე.წ. „შათ დაუნი“ სულ 18-ჯერ მოხდა. უკანასკნელად მათი დაფინანასების ბიუჯეტი 1995-96 წლებში ჩავარდა, როდესაც ბიუჯეტის საკითხზე უთანხმოება მოხდა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და კონგრესში, უმრავლესობაში მყოფ რესპუბლიკელებს შორის. მომხდარის შედეგად ფედერალური უწყებები 21 დღის განმავლობაში არ მუშაობდნენ.

17 წლის წინაც მთავარი განხეთქილება ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამის, კერძოდ, „მედიქეარის“ სუბსიდირების თემაზე მოხდა. კლინტონმა უარი თქვა რესპუბლიკელების შეთავაზებაზე შეემცირებინა „მედიქეარის“ ბიუჯეტი, საგანმანათლებლო და გარემოს დაცვის პროგრამები.

1996 წელს იმის მიუხედავად, რომ მთავრობის 28-დღიანი დახურვით ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი ნახა, ბიუჯეტი მოგვიანებით დაბალანსდა და ბევრი ექსპერტის შეფასებით, ამერიკის ეკონომიკისთვის ოქროს ხანა დადგა. რაც შეეხება საზოგადოებრივ გამოკითხვებს, კლინტონის რეიტინგი მთავრობის დახურვის პერიოდში სწრაფად დავარდა, მაგრამ ძალიან მალე ისე გაიზარდა და მისი პრეზიდენტობის პერიოდის ყველაზე მაღალ ნიშნულსაც კი გადააჭარბა. იმავე წლის ნოემბერში ბილ კლინტონი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.   

რა მოხდება ამჯერად? ექსპერტთა შეფასებით, ამერიკის მთავრობის მხოლოდ ერთი კვირით მუშაობის შეზღუდვა, წინასწარი მონაცემებით, 1 მილიარდამდე დოლარის ზარალის მომტანი იქნება, რადგან: დაახლოებით 800 ათასი საჯარო მოხელე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. მათ დიდ ნაწილს თავდაცვის დეპარტამენტის სამოქალაქო პირები შეადგენენ; 1 მლნ 400 ათასი სამხედრო მოსამსახურე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მათ ხელფასი გაურკვეველი ვადით დაუგვიანდებათ; მუშაობა შეწყვიტა ნასამ - ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციამ. მისი მხოლოდ ის ნაწილი აგრძელებს სამსახურს, რომელსაც მოქმედი მისიების კონტროლი და მომსახურება ევალება. დაიხურა ეროვნული პარკების, მემორიალებისა და მუზეუმების უმეტესი ნაწილი; ვეტერანთა სამსახურებიც ჯერ კიდევ მუშაობს, რადგან ისინი წინასწარ დაფინანსებული არიან, მაგრამ შესაძლოა ფონდები მათაც მალე ამოეწუროთ; ამ დროს კი, მთავრობის ნაწილობრივი დახურვის მიუხედავად, დღეს ამერიკაში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის კანონი ძალაში შედის.

ახლა მთელი ყურადღება მთავრობის მუშაობის შეჩერებაზე მახვილდება, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ვალის ზედა ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილებაც, რომელიც კონგრესმა უნდა მიიღოს.    დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ამ საკითხზეც დიდი დაპირისპირებაა. საბოლოო გადაწყვეტილება კი 17 ოქტომბრამდე უნდა იქნეს მიღებული.