„დავალება საკრებულოსთან ხალხის მიყვანის თაობაზე თბილისის მერისგან წამოვიდა“

„დავალება საკრებულოსთან ხალხის მიყვანის თაობაზე თბილისის მერისგან წამოვიდა“

საბურთალოს რაიონის დიღომი-ვაშლიჯვრის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯაშმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის მიზეზად კი თბილის საკრებულოსთან განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც მან for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დავალება საკრებულოსთან ხალხის მიყვანის თაობაზე თბილისის მერისგან მიიღო. როგორც ჯაში განმარტავს, ის არ ელოდა, რომ შეხვედრა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან აქციის სახეს მიიღებდა და ძალადობაში გადაიზრდებოდა.

„გადაწყვეტილელები, რომელიც მიღებული იქნა ამ აქციებთან დაკავშირებით, მიმაჩნია იყო პარტიული. ეს დავალება წამოვიდა ცენტრალური ოფისიდან. იცით, რომ თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არის თბილისის მერი, შესაბამისად, დავალებაც წამოსულია ქალაქის მერიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ელემენტარულ ამხანაგობების თავმჯდომარეების გამოსვლასთან, რომლებიც ცდილობდნენ თავისი ინტერესების დაცვას, მაგრამ ბოლოს, მათი საკრებულოსთან მისვლა, რატომღაც, პოლიტიკურ მასკარადად გადაიქცა. აქციაში ჩაერთვენ სხვა პოლიტიკური ძალები. იყო ძალადობის ნიშნები.

ამ აქციას იღებდნენ ჟურნალისტები და ეს ჩემი გაგზავნილი ხალხი მოხვდა კამერებში. ამ ხალხს რამდენიმე დღის განმავლობაში ატრიალებდნენ, თითქმის, ყველა არხზე. მქონდა მათთან საუბარი და ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ. მათი იქ მისვლის შესახებ დავალება პირადად მე არ გამიცია, ჩემს მოადგილეს დავავალე, მაგრამ დამნაშავე ვარ და ამას ვაღიარებ. ჩემი შერჩევით მოხდა ამ ადამიანების გაგზავნა. აქიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არ ვტოვებ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას და ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა.

იმ შემთხვევაში თუ არ გააგრძელებთ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ მუშაობას, მაინც დატოვებთ პარტიას?

- პარტიიდან მაინც წამოვალ. რადგან გადაწყვეტილება მივიღე, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. პარტია არაა ის, რაც იყო თავიდან. პირველი რამდენიმე წელი პატრია მუშაობდა კარგ რეჟიმში, მაგრამ რაც პარტია გაიყო და ქალაქი გადაიბარა ამ ჯგუფმა, დაიწყო გაურკვევლობები და მიიყვანეს რღვევამდე.

პარტიამ იცის თქვენი გადაწყვეტილების შესახებ?

- ჩემი უამრავი მეგობარი არის როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე „ქართულ ოცნებაში“. რამდენიმე ადამიანთან მქომდა საუბარი და მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ ხელმძღვანელებთანაც, მე ავუხსენი მათ მიზეზები, რის გამოც ვაპირებდი ამის გაკეთებას.

თქვენ ვინ გაიყავნეთ აქციაზე, თანათავმჯდომარეები თუ აქტივისტები?

- მე გავიყვანე ის ხალხი, ვინც მყავდა დაფინანსებაში. აქ არ შედიოდნენ სტუდენტები. ეს აქცია არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური, ამ აქციის მიზანი იყო ის, რომ ურთიერთშეთანხმებისთვის მიგვეღწია. ახლაც მოვუწოდებ ქალაქის მერს და საკრებულს თავმჯდომარეს, რომ შეთანხმდნენ რაღაცაზე. დაფინანსება ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ დაფინანსება უნდა ჰქონდეთ რაღაცის გამო და ეს რაღაცა არ უნდა იყოს პარტიული კუთვნილება, დაფინანსება უნდა ჰქონდეს მის მიერ კორპუსისთვის შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. აპირებთ, რომ შეიცვალოთ პარტია?

- არა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პარტიის შეცვლას არ ვაპირებ. ტეროტორია სადაც მე მიწევს მუშაობა, ყველა ერთმანეთს იცნობს. როცა ამ ადამიანებს ვესაუბრე, ზოგს არ უნდა გითხრას, რომ შენს გამო მოხვდა ამ გაუგებრობაში, ზოგი პირდაპირ გეუბნება. მე თვითონ თავი ჩავთვალე დამნაშავედ. მე რომ  უპარტიო ვყოფილიყავი, ვეტყოდი რამდენიმე ადამიანს, არის ამ საკითხზე აქცია და თუ გნებავთ მიბრძანდით-თქო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მოხდა შერჩევითობის პრინციპით. როცა არსებობს რაღაცა სტრუქტურა და ეს ადამიანები ამ სტუქტურასთან ასოცირდებიან, შენ შეგიძლია მისცე დავალება.

კონკრეტულად ვისგან მიიღეთ დავალება, რომ მოსახლეობა გაგეყვანათ აქციაზე?

- ეს დავალება წამოვიდა პარტიიდან, ანუ ქალაქის მერიიდან. როდესაც დავალება მოდის ქალაქის ხელმძღვანელობიდან, რა თქმა უნდა, დავალება გაცემულია პირველი პირისგან, თბილისის მერისგან.