ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მინისტრებს კომპეტენციას უწუნებს, პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ფულის შოვნაში - გენიოსია, მაგრამ მან ქვეყნის მართვა არ იცის“. საკუთარ გუნდზე საუბრისას კი, კანონმდებელი აცხადებს, რომ იმ დღეს ელის, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. ბობოხიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილთან ერთად, მონოლითური ორგანიზაცია გახდება, რადგან მას პოლიტიკური საქმიანობისთვის გაცილებით მეტი თავისუფლება მიეცემა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, for.ge წყალოტუბოს მაჟორიტარ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
როგორ აფასებთ, მთავრობის ერთწლიან საქმიანობას?
- სამწუხაროდ, ამ მთავრობაში ერთიან ხედვებსა და კორდინირებულ მუშაობას ვერ ვხედავ - თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. ასევე სამწუხაროა, რომ მინისტრებში კომპეტენციას ვერ ვხედავ. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ მთავრობა არ არის შეთამაშებული გუნდი და ცალ-ცალკე მოქმედი მინისტრების საქმიანობა ეფექტური ვერ იქნება. ისეთი განცდა მრჩება, რომ ქვეყანა ამუშავებულძრავიანი იყო, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ კი, ეს ძრავა გამოირთო და ქვეყანა გაჩერდა. ამ მთავრობის პირობებში, ახალი ეკონომიკური პროექტი, ან ინვესტიცია არ განხორციელებულა. ფაქტია, რომ ქვეყანაში თუ რამე მუშაობს, ამ პროექტების განხორციელება დაწყებულია ერთი წლის წინ, ან კიდევ უფრო ადრე.
მმართველი ძალა აცხადებს, რომ ბიზნესი დატერორებული გყავდათ და ამჟამად, წნეხიდან გამოდის...
- დამოკიდებულება, რომ ეკონომიკას ვამუხრუჭებთ და თურმე, დატერორებული ბიზნესი უფრო აქტიურად მუშაობდა, ვიდრე თავისუფალი ბიზნესი, ეს აბსურდულია. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოპულარიზაციას ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილმა კი, სხვა გზა აირჩია და მან მსოფლიოში საქმიანობა იმით დაიწყო, რომ საქართველო ეს არის ილუზია და არ არის შემდგარი ქვეყანა. ამ განცხადების შემდეგ, საქართველოში რატომ უნდა მოვიდეს ინვესტორი?! ბიზნესს თავისი დაუწერელი კანონები აქვს. ინვესტორებს ის ადამიანი ეპატიჟება, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის თავად არ სჯერა და რომელსაც, საწარმოებში ერთი კაპიკი არ აქვს ჩადებული. ვერცერთ წარმოებას ვერ დამისახელებთ, სადაც ბიძინა ივანიშვილს ფული აქვს ჩადებული. შესაბამისად, კითხვა ჩნდება - რატომ არ აქტიურობს ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც ბიზნესმენი და შემდეგ პოლიტიკოსი.
თქვენი ვარაუდით, რატომ არ აქტიურობს?
- ივანიშვილი, შესაძლოა, ისეთ სფეროებში გააქტიურდეს, რომელიც მოგებისთვის წინასწარ განწირულია. მაგალითად, ენერგეტიკა. დარწმუნებული ვარ, პრემიერი ჰიდროელექტრო სადგურებში ფულს ჩადებს, რადგან მსოფლიოს ენერგეტიკული შიმშილი აქვს და გაუყიდელი არცერთი კილოვატი ელექტოენერგია არ დარჩება. ფაქტია, რომ ბატონი ბიძინა ინვესტიციების ჩადებას იმ სფეროში ერიდება, რომელიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა. ამ სფეროში, ყოველდღიური ოფლის ღვრაა საჭირო და პრემიერი ამას ერიდება. ამას გარდა, თანაინვესტირების ფონდის შექმნაშიც ხიფათს ვხედავ, რადგან ბიზნესვეშაპები შეიკრიბენ, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული სფეროების ხელში აღებას ცდილობენ. გმირად ივანიშვილს კი არ გამოვაცხადებდი, არამედ ქართველ მეღვინეებს, რომელთაც პატარა ქარხნები აქვთ და ასევე მიხო სვიმონიშვილს, რომელიც მარნეულის გადამამუშავებელ ქარხანას ხელმძღვანელობს და ბაზარზე ქართულ პროდუქციას ადგილს უმკვიდრებს. ბატონ ბიძინას შეუძლია ქართულ პროდუქციას მსოფლიოში ადგილი მოუპოვოს, მაგრამ პრემიერი მცირე ბიზნესისკენ არ იხედება. როგორც ჩანს, მას ქართული ეკონომიკისა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის არ სჯერა.
ამ ფონდის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებთ, თუმცა, მის დაარსებაში მონაწილეობა თქვენმა თანაგუნდელმა - დავით ბეჟუაშვილმაც მიიღო. ისიც „ბიზნესს ვეშაპია“?
- უფრო მეტსაც გეტყვით. თანაინვესტირების ფონდში მონაწილეობა ივანიშვილის ჩათვლით, იმ ბიზნესმენებმა მიიღეს, რომლებიც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემოვიდნენ. ინვესტორებისთვის საქართველო რომ მიმზიდველია, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და ამითაც ნუ იტრაბახებენ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრემიერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- ხელისუფლებას არჩევნების მოგებისთვის გარკვეული ფორა აქვს, ამას წინა არჩევნების გამოცდილებაც ცხადყოფს. ახალ ხელისუფლებას დრო სჭირდება, რომ ამომრჩეველს მობეზრდეს. ივანიშვილი, რომელიც დემოკრატიის დროშით მოვიდა, გვეუბნება, რომ პრემიერს დაგვიტოვებს, მაგრამ ბატონმა ბიძინამ - სად ნახა, რომ პრემიერებს ტოვებენ?! ფაქტია, რომ უმრავლესობის ლიდერებმაც არ იციან - თუ ვისზეა ლაპარაკი. ეს არის პიროვნული გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, პარლამენტიც ამის რეალობად ქცევას აპირებს. ამით კი, საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია ეკარგება.
პიროვნული გადაწყვეტილებების მიღება გიკვირთ? პრეზიდენტი წლების განმავლობაში, რას აკეთებდა?
- ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პარლამენტი სუსტი იყო, მაგრამ მიშა გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არასოდეს იღებდა. მის გარშემო ყოველთვის ხუთ კაციანი ჯგუფი იყო, რომლებიც საკითხებზე მსჯელობდნენ.
რომელთაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაამხეს? ამ ხუთ კაციან ჯგუფში, ვინ შედიოდა?
- ამას რა მნიშნელობა აქვს? ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საკადრო საკითხებზე ერთ კაცთან ერთადაც არ მსჯელობს. ადამიანი არ მეგულება, რომელიც ფლობს ინფორმაციას - თუ ვინ გახდება პრემიერი.
მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ევროპული პრეზიდენტი იქნება. როგორ აფასებთ, ოპონენტის შესაძლებლობებს?
- პრეზიდენტს საკუთარი ხედვები და დამოუკიდებლობა სჭირდება, რამდენადაც გიორგის ვიცნობ, მასში ეს თვისებები არის, მაგრამ მარგველაშვილმა წინა პლანზე წამოწია არა საკუთარი პიროვნული თვისებები, არამედ ის, რომ ის ივანიშვილის პრეზიდენტი იქნება. ასეთი მარგველაშვილი კი, არ მინდა და არც მომეწონება.
თავად თქვენი კანდიდატი - დავით ბაქრაძე, როგორია? რატომ უნდა მისცეს მას ხმა ამომრჩეველმა?
- დავით ბაქრაძე ისეთი პრეზიდენტი იქნება, რომელიც საქართველოს სჭირდება. კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არბიტრი იქნება და მისი უფლებამოსილება საგარეო სექტორით განისაზღვრება. შესაბამისად, ბაქრაძეს წარსულის გამოცდილება და უნარ-ჩვევები საშუალებას აძლევს, რომ გაწონასწორებული და კარგი პრეზიდენტი იყოს.
თუმცა, საზოგადოება მას საყვედურობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში არ იყო აქტიური...
- საზოგადოებას ვერ დავეთანხმები, რადგან დავით ბაქრაძე ძალიან აქტიური და საქმიანი იყო.
ნინო ბურჯანაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ გარიგებაში ადანაშაულებს. ექს სპიკერი ამბობს, რომ გარიგება დაიდო, რომ „რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ბურჯანაძის გაპრეზიდენტება არ დაუშვან“...
- პოლიტიკურ მხარეებს შორის გარიგება მაშინ შეიძლება დაიდოს, როცა გარიგების ობიექტი სერიოზულ ძალას წარმოადგენს, ნინო ბურჯანაძე კი, სახელისუფლებო ძალის ალტერნატივას ვერ წარმოადგენს. სამწუხაროდ, მას ელექტორატი გაუჩნდა და ამაში წვლილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის, რომელმაც რუსულ ძალების არსებობის შესაძლებლობა გახადა. ბურჯანაძის ბრალდებას ვერ მივიღებ, თუმცა, საბედნიეროდ, ბურჯანაძე იმ ხიფათს ვერ წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ კურსს შეცვლის.
27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოუწევს. რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი - პოლიტიკაში რჩება, თუ ბიბლიოთეკას ხსნის?
- იმ დღეს ველოდები, როცა მიშა პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ორმაგი პასუხისმგებლობა არ ექნება როგორც ქვეყნის პირველი პირისა და იქნება როგორც პარტიის ლიდერი. პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ მონოლითური ორგანიზაცია გახდება, რადგან სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობისთვის გაცილებით მეტი თავისუფლება მიეცემა. საქართველოს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ სააკაშვილის სახით, კაპიტალი არ გამოიყენოს.
თუმცა, საზოგადოების ნაწილს მიხეილ სააკაშვილი ძალიან აღიზიანებს. თქვენი ლიდერი, საკუთარი თავის რეაბილიტაციას შეძლებს?
- შეცდომა იმას აქვს, ვინც მოქმედებს. ქვეყანაში, 1985 წლიდან მოყოლებული თუ რაიმე გაკეთებულა, ეს სააკაშვილის დამსახურებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე ახალმა ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს და იმ საქმეების კეთება გააგრძელოს, რაც ნამდვილად წარმატებული იყო. შეცდომების მისახვედრად ცხრა წელი დაგვჭირდა და ამათაც თუ ისევ ცხრა წელი დასჭირდათ, ამით ქვეყნის უკუსვლა დაიწყება. სჯობს, დავსხდეთ და საკითხებზე ერთად ვიმსჯელოთ.
პრემიერმა განაცხადა, „სააკაშვილმა რა უნდა მასწავლოსო?!“...
- პრემიერი ხომ ყოვლის მცდონეა?! სამწუხაროდ, პრემიერმა არ იცის, რომ ლაზიკა და ეგრისია, მახარაძე და ოზურგეთი, ბაღდათი და მაიკაოვსკი და ა.შ. ერთი და იგივეა. პრემიერი იმ ინფორმაციებით ცხოვრობს, რაც მას საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა. ცოდნის მიღება გვიან არასოდეს არის. პრემიერი ფულის შოვნაში გენიოსია, მაგრამ მან ქვეყნის მართვა არ იცის.