ქვეყანაში არსებული ეკონომიკურმა სტაგნაციამ დიდი გავლენა მოახდინა სტუდენტებზე და მათი ოჯახის წევრებზე. უმაღლეს სასწავლებლებს თანხის გადავადების თხოვნით უამრავმა სტუდენტმა მიმართა. შარშანდელთან შედარებით, ეს ციფრი მკვეთრად გაზრდილია.
აქამდე სტუდენტთა მშობლები როგორღაც ახერხებდნენ გადასახადის გადახდას - ხან ზღვარსგადასული მომჭირნეობით, ხანაც საბანკო სესხის დახმარებით, მაგრამ წელს უკვე სხვა რეალობაა. ფაქტია, რომ ყველა ადამიანის თუ ოჯახის შესაძლებლობასაც ზღვარი აქვს. ამიტომ წელს გადასახადის გადავადების თუ აკადემიური სასწავლო წლის აღების მსურველთა რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 1090-ით მეტი განაცხადი შევიდა, ვიდრე შარშან, ხოლო ილიას უნივერსიტეტში მათი რაოდენობა გაორმაგებულია.
თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, 2012-13 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უნივერსიტეტში თანხის ეტაპობრივად გადახდასთან დაკავშირებით 1421 განცხადება შემოვიდა. ყველა სტუდენტს, ვინც რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში მიმართა უნივერსიტეტს, მოთხოვნა დაუკმაყოფილდა. იგივე ხდება 2013-14 სასწავლო წელსაც, ოღონდ უფრო „მასშტაბურად“. წლეულს უკვე 2511 სტუდენტია გადასახადის გადავადების მოსურნე.
სტუდენტი, რომელსაც დაფინანსების მოპოვების მიზნით, განაცხადი შეტანილი აქვს მერიაში ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უპრობლემოდ გადის აკადემიურ რეგისტრაციას, ანუ სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ერთვება სასწავლო პროცესში, მათ პრობლემა არ ექმნებათ ეტაპობრივი გადახდის შემთხვევაშიც.
ილიას უნივერსიტეტში კი გადასახადის გადახდის მოსურნეთა უფრო გრძელი რიგია.
„ჩვენთან თანხის დაფარვა ეტაპობრივად არის შესაძლებელი. მსურველი წერს განცხადებას კანცელარიაში და ითხოვს თანხის გადახდის გრაფიკს. ფაკულტეტი ამზადებს ხელშეკრულებას, რომლის ხელმოწერის შემთხვევში არ უნდა დაირღვეს და სწორედ იმ ვადებში უნდა მოხდეს სწავლის ღირებულების გადანაწილება (გრაფიკი მაქსიმუმ არის 10 თვე, 5 თვე შემოდგომის და 5 გაზაფხულის სემესტრში).
ამ ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტს შეუძლია მისი საფასური გაყოს 10 ნაწილად და ყოველთვე გადაიხადოს. არ აქვს მნიშვნელობა აქვს გრანტი თუ არა. ეს ყველაფერი გაწერილია მის ხელშეკრულებაში“, - ამბობს ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე ნათია ბურჯანაძე.
მისი თქმით, გადასახადის გადავადების მსურველთა რაოდენობა წელს მკვეთრად გაზრდილია, გაორმაგებულიც კი. სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტებს, ჩვეულებრივ, ორ ნაწილად შეუძლიათ (სექტემბერი, თებერვალი), თუმცა სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თანხის ამგვარად შეტანას და მათ განცხადებების დაწერა უწევთ სწავლის საფასურის ყოველთვიურ განაწილებაზე. ახალგაზრდებისთვის არცთუ ისეთი მარტივი გადასახდელია თანხის დაგვიანებით შეტანის გამო ჯარიმის გადახდაც.
„განცხადების ფორმაში სტუდენტი უთითებს სწავლის საფასურის გადანაწილების მოთხოვნის მიზეზს და ამ კრიტერიუმით ვსაზღვრავთ თუ რომელი თხოვნა დავაკმაყოფილოთ. უმრავლესობის თხოვნა კმაყოფილდება. რაც შეეხება ჯარიმას, სტუდენტის განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, სტუდენტს ჯარიმას უხსნიან“, - აცხადებენ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების თქმით, სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დაფინანსების, მოთხოვნით განცხადება მერიაში და საქართველოს მეცნიერებათა და განათლების სამინისტროში დაწერეს. ზოგიერთმა მათგანმა აღნიშნულ პუნქტებს სწავლის ღირებულების გადავადების სურვილითაც მიმართეს.