ზურაბ ადეიშვილი იძებნება და არც იძებნება

ზურაბ ადეიშვილი იძებნება და არც იძებნება

ცნობილი ციხის კადრების გავრცელებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დღეს ყველა, თითქმის, ერთხმად აღიარებს, რომ „ნაცინალური მოძრაობის“ ბედი საბოლოოდ სწორედ ამ სკანდალურმა კადრებმა გადაწყვიტა. მართალია სასამართლომ ციხის კადრების მთავარ გმირს ვლადიმერ ბედუკაძეს ყველა ბრალდება განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის მოუხსნა, მაგრამ სადაოდ რჩება საკითხი, რომ იგი დამოუკიდებლად, მხოლოდ სამშობლოსა და ხალხისადმი ვალდებულების გრძნობით მოქმედებედა.

კადრების გავრცელებისთანავე შეიქმნა მითი იმის შესახებ, რომ ამ საქმის უკან მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი იდგა და ეს აზრი ქართულ საზოგადოებაში მის დაპატიმრებამდე მუსირებდა. მერაბიშვილის მონაწილეობა „ციხის სკანდალში“ მაშინ „ობიექტივის“ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმაც დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით უარყო და განაცხადა, რომ ამ ჟურნალისტურ გამოძიებასთან არც ივანე მერაბიშვილს და არც „ქართულ ოცნებას“ არაფერი ესაქმება.

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გადაღებასა და საზღვარგარეთ გატანის უზრუნველყოფაში ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიამაც დაადანაშაულა. თუმცა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებამ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ახალი ხელისუფლების მიერ ივანე მერეაბიშვილის რეაბილიტირების მოლოდინს.

for.ge-ს მმართველ გუნდთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ „ციხის სკანდალის“ მთავარი შემოქმედი იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია და გაკეთდება თუ არა ამის შესახებ ღიად განცხადება, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილი ამ სკანდალში ფარულად მონაწილეობდა და მისი როლის შესახებ დღემდე არც ვლადიმერ ბედუკაძისათვის, არც ირმა ინაშვილისა და არც სხვა მონაწილე პირებისათვის ცნობილი არ არის. მისი თქმით, თუკი „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩევნებში დამაჯერებლად მოიგებს, პატიმართა წამების გარდა, ზურაბ ადეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც დოკუმენტალურად ისაუბრებს, რასაც ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვება. თავად ადეიშვილი კი სამართალდამცავებთან განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის პატიმრობას გადაურჩება.

რა მოტივით შეიძლებოდა დაპირისპირებოდა საკუთარ გუნდს ზურაბ ადეიშვილი, ამის შესახებ წყარო for.ge-სთან არ საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერს უახლოეს თვეებში აეხდება ფარდა. წყარო აცხადებს, რომ ადეიშვილის „გადარჩენის პროექტზე“ მმართველ გუნდში ვიწრო წრე უკვე მუშაობს.

ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით რომ არ იძებნება ამის შესახებ უკვე ყველასათვის ცნობილია. იუსტიციის მოქმედმა მინისრტმა თეა წულუკიანმა მიზეზად სპეციალური პროცედურები დაასახელა. მისი თქმით, ბევრი მტკიცებულებაა გაგზავნილი ინტერპოლში, რომელიც ზურაბ ადეიშვილს ჯერ არ სვამს წითელ ცირკულარში, რადგან ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები განხილვის პროცესშია.

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ ადეიშვილის ნიჭიერებაზე ისაუბრა, სავარაუდოდ, არ უნდა ნიშნავდეს მის მიმართ არსებული ბრალდებების უგულებელყოფას, რადგან კარგად გვახსოვს, რომ არანაკლები კომპლიმენტებით შეამკო მან ვანო მერაბიშვილი თავის პირველ წერილში ქართული საზოგადიებისადმი.

„მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შსს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისათვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ. მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზილი კომპეტენტურობით“, - აცხადებდა პოლიტიკურ არენაზე ახლად გამოჩენილი ბიძინა ივანიშვილი.

„წინა ხელისუფლებაში, ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი იყო ზურაბ ადეიშვილი. მე რომ ვყოფილიყავი მის დროს მთავრობის ხელმძღვანელი, დარწმუნებული ვარ, რომ ადეიშვილი ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა დღეს სახელმწიფოში“, - ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ დღეებში პოლიტოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების გუნდში გადასვლა ბევრს უნდოდა, თუმცა მათ ეშინოდათ, რომ სასტიკად დაისჯებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკანდალურ განცხადება ადეიშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. მისი ინფორმაციით იმ საქმის 3/4 , რომელიც ახლა გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს, ადეიშვილის დროს არის გამოძიებული.

„გიგი უგულავას წინააღმდეგ ახლა გამოძიება რაც მიდის, ჩემი ინფორმაციით 3/4 არის ზურაბ ადეიშვილის გამოძიებული და ედო თაროზე... მართლა ხელში ეჭირა ძალიან ბევრი რამ და ვინმე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ქართული საზოგადოების მიერ ადეიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს „ელიტურ კორუფციაში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმა მის „სიღატაკეს“ პირველად არ გაუსვა ხაზი. „საპატრიარქოში შეხვედრისას სააკაშვილმა მითხრა, ადეიშვილი რატომ გაიქცა არ ვიციო, მაგრამ ევროპაში ძირითადად ტრამვაით დადისო. არ გეტყვით მე რა ვუპასუხე, ტრამვაის რელსები საქართველოში არ გვაქვს, აყარეს, თუმცა შეგვიძლია ტროლეიბუსის ფული მაინც მივცეთ და ჩამოვიდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ. ამჯერად კი მან ვანო მერაბიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ექსპერტებთან აღნიშნა, რომ ადეიშვილი პრინციპული კაცია და ახლოს არაფერს იკარებსო.

„კარგად მახსოვს, მერაბიშვილი რომ მეუბნებოდა ადეიშვილზე: შედი ერთი მის სახლში და ნახე, როგორი „პარკეტი“ აქვს და უკვე მერამდენე წელია, პირველი თაობის მობილურს იყენებსო. არაფრის გაგონება და გაკარება არ უნდა, ისეთი პრინციპული კაციაო“, - განაცხადა პრემიერმა.

For.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ მყარი ბრალდებები პროკურატურას არ აქვს, ამის შესახებ უფლებადამცველები გვესაუბრებიან.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე გაკვირვებას არ მალავს, რომ ინტერპოლი ადეიშვილს არ ეძებს, მაგრამ, მისი თქმით, როგორც ექიმისთვის არის ძალიან ძნელი დიაგნოზის დასმა, თუკი არ იცნობს დაავადების მთელ სიმპტომებს, ისე მასაც უჭირს შეფასების გაკეთება, რადგან არ იცნობს ინტერპოლში გაგზავნილ დოკუმენტაციას.

„არ გეგონოთ, ვინმეს ვზოგავ. უბრალოდ, ასეთი საკითხები ზოგჯერ მიზანშეწონილობის მიხედვით წყდება. არ არის გამორიცხული, ზოგჯერ უცხოელებმაც ფეხი აითრიონ, რადგან შესაძლოა, რაღაც სხვა ისეთი ღონისძიებები ტარდებოდეს, რომლის გაკეთებაც ხელისშემშლელი იქნება. მე სახელმწიფო სამსახურში არ ვარ და, რომ ვიცნობდე იმ დასაბუთებას, რაც ქართულმა მხარემ გაგზავნა ინტერპოლში, იმის თქმას არავის დავამადლიდი, რომ ეს ტექსტი წყალწყალაა, ან საკმარისი არ არის და არ იცავს იმ მოთხოვნას, რომელიც ამგვარ წერილებს მოეთხოვება. მე თვითონაც ვიწვი ამ საქმის ინტერესით“, - აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოში მოხვდა საქმე, რომელიც ევროსაბჭოს ინიციატივითაა აღძრული და ევროსაბჭომ იქ გაგზავნა წერილი, რათა შესწავლილ იქნას, ხომ არ არის „ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტის“ ქმედებაში რაიმე ისეთი, რაც ჰააგის მართლმაჯულებას შეესაბამება?! ამაზე მუშაობა უკვე სამი წელია მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც კი ეს მოხდა, ჩვენთან მიიღეს კანონი, რომლითაც აიკრძალა საერთაშორისო მართლმსაჯულების მონაცემების გახმიანება. ასე რომ, შესაძლოა, ადეიშვილთან დაკავშირებული ინფორმაციაც დამალულია.

უფლებადამცველი მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ ადეიშვილთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, არგუმენტირებული, დასაბუთებული მტკიცებულებები არ გაგზავნა საერთაშორისო კრიმინალურ პოლიციაში. ამიტომაც ინტერპოლი დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს, ვინაიდან ის არ არის შს სამინისტროს რომელიმე ქვეგანყოფილება, რომ დაუსაბუთებელი მტკიცებულებები მიიღოს.

„ჩვენს მთავრობას ასეთი მტკიცებულებები ან არ აქვს, ან არ სურს ამ მტკიცებულებების წარდგენა, რადგან პრემიერ-მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრისას კარგად გამოჩნდა, რომ იგი მოხიბლული და აღტაცებულია ადეიშვილის ნიჭით. ახალ ხელისუფლებას ძალიან მოსწონს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების ნიჭიერება, მენეჯერული თვისებები, არც მალავენ, რომ მათი მეგობარია ლევან რამიშვილი და სხვები. ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ სურს ადეიშვილის დასაკავებლად გატარდეს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ზურაბ ადეიშვილი პროფესიულ საქმიანობას ეწევა ერთ-ერთ ქვეყანაში მრჩევლის რანგში“, - აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.

მანვე განმარტა, რომ 333-ე მუხლი (სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება) განსაკუთრებულ სასჯელს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ადვოკატს მიაჩნია, რომ ადეიშვილის მიერ ჩადენილი ქმედებები არ არის სწორად კვალიფიცირებული, რადგან საყოველთაოდაა ცნობილი, უშუალოდ პროკურატურისა და კონკრეტულად, ადეიშვილის მეთაურობით, როგორ მიმდინარეობდა ბიზნესის დატერორება-დარეკეტება. თუმცა რატომღაც ამ კუთხით გამოძიება არ დაწყებულა.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ადასტურებს, რომ, თუ არ არის საფუძვლიანი და მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდება, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ინტერპოლმა შეიძლება, თავი შეიკავოს ძებნის გამოცხადებისგან. თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება.

„გასარკვევია, რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ ინტერპოლი ადეიშვილსა და კეზერაშვილს დღემდე არ ეძებს წითელი ცირკულარით. როგორც წესი, ინტერპოლის წარმომადგენლები ენდობიან ხოლმე ცალკეულ ქვეყანას და სკრუპულოზულ და დეტალურ დასაბუთებას არ ითხოვენ, როგორც ეს ექსტრადირების შემთხვევაში ხდება. ექსტრადირება უფრო რთულია, რადგან პიროვნების მოძებნის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანასთან სხვადასხვა ხელშეკრულება მოქმედებს და რამდენად შეესაბამება ამ ხელშეკრულების პირობებს ძებნილი პირის გადაცემა, ამას უკვე სასამართლო წყვეტს“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია დამაჯერებლად მიიჩნევს ექსპერტ კახი კახიშვილის ინფორმაციას, რომლისთვისაც ინტერნეტიდან ცნობილი გახდა, რომ ადეიშვილმა მიიღო უნგრეთის მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მინიმუმ, ამ ადამიანზე ძებნა ინტერპოლით გამოცხადებული არც ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ასე მარტივად ვერ მიიღებდა მოქალაქეობას.

„როგორც ჩანს, საქართველოს პროკურატურას ადეიშვილზე ძებნა ინტერპოლისთვის არ გადაუცია. რითია ეს გამოწვეული, ჩემთვის უცნობია, მაშინ, როცა არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი წინასწარ პატიმრობაში აყვანის შესახებ. უფრო მეტიც, ინტერპოლი არ ატარებს ფილტრაციას და მისი ფუნქცია სულაც არ არის, გაარკვიოს, ძებნის მოთხოვნა რამდენად კანონიერია“, -აცხადებს ლია მუხაშავრია.

რაც შეეხება იტერპოლის მეშვეობით კეზერაშვილის ძებნას, უფლებადამცველის თქმით, ძალიან რთული იქნებოდა მასზე ძებნის გამოცხადება, რადგან ეს კაცი ისრაელის მოქალაქეა და ისრაელი თავის მოქალაქეებს, როგორც წესი, ექსტრადაციას არ უქვემდებარებს.

შესაძლებელია თუ არა, რომ ყოფილი ხელისუფლების „ყველაზე ჭკვიანი“ მართლაც აღმოჩნდეს ახალი ხელისუფლების მთავარი დამხმარე პირი, ამას ახლო მომავალში გავიგებთ, თუმცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არც ის არის გამორიცხული, რომ ნაქები ადეიშვილი მალე მატროსოვის ციხეში თუ არა, ინტერპოლის სიაში მაინც აღმოვაჩინოთ.

შეგახსენებთ, ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილმა ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რამაც მათ ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილს და მორალური ტანჯვა მიაყენა. პროკურატურის ინფორმაციით, მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

ამას ემატება ადეიშვილის სხვა ცოდვებიც. ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის ინფორმაციით, სერვერი, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე გაქრა იუსტიციის სამინისტროდან, სწორედ ადეიშვილმა წაიღო ევროპაში. არადა, ეს უზარმაზარი კომპიუტერული სისტემა 16 სამინისტროს მუშაობის შესახებ ინფორმაციას იტევდა.

„ამიტომაც ვერ იჭერს ახალი ხელისუფლება. ვალდებულნი არიან, მას ანგარიში გაუწიონ, რადგან სხვა შემთხვევაში, ის გამოაქვეყნებს ინფორმაციას, როგორ დადიოდნენ ესენი ადეიშვილთან და კუდ-ის მაღალჩინოსნებთან ინფორმაციის მისატანად. ამ თემაზე პროკურატურაში გამოძიება არც მიმდინარეობს“, - აცხადებს ზურაბ ჯორბერნაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, სასამართლომ ადეიშვილის პასპორტების მოქმედება შეაჩერა.