მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 260 მლნ ლარით იზრდება

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით, 260 მლნ ლარით იზრდება

საქართველოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 260 მლნ ლარით იზრდება და 9 მლრდ 9 მლნ ლარით განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მიერ მომზადებული პირველი საბიუჯეტო დოკუმენტის განხილვას 8 ოქტომბერს დაიწყებს და ეს პროცედურა 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუმცა, მანამდე, დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტის წაკითხვა და მისი უკეთ გაცნობა მოუწევთ, რადგან ამ დროისთვის, არცერთმა კანონმდებელმა არ იცის - თუ რას გულისხმობს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

მართალია, საბიუჯეტო დოკუმენტი პარლამენტს 1-ელ ოქტომბერს წარედგინა, თუმცა, ბიუჯეტის პროექტის გაცნობას დეპუტატები ამ დრომდე არ ჩქარობენ და განმარტავენ, რომ მათ ბიუჯეტის გაცნობისთვის ორთვიანი ვადა აქვთ და ვალდებულები არ არიან, 700 გვერდიანი დოკუმენტი ერთ დღეში წაიკითხონ. შეიძლება, 700 გვერდიანი პროექტის ერთ დღეში წაკითხვა მართლაც ძნელია, თუმცა, დოკუმენტის გარკვეული ნაწილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ონოფრიშვილს წაკითხული უნდა ჰქონოდა და მისი გაცნობა დღეს, პლენარული სხდომის მსვლელობისას არ უნდა დაეწყო.

რაც შეეხება საბიუჯეტო პარამეტრებს, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პრიორიტეტული სფეროებად ისევ განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორი რჩება. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფინანსება 49 მლნ ლარით იზრდება და 290 მლნ ლარი ხდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით, 90 მლნ ლარით იზრდება და 764 მლნ 300 ათასი ლარი ხდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება კი, 355 მლნ ლარით იზრდება და 2 მლრდ 700 მლნ ლარით განისაზღვრება.

აღნიშნული უწყებების გარდა, საბიუჯეტო დაფინანსება ეზრდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტიც 2 მლნ ლარით იზრდება და 27 მლნ 800 ათასი ლარით განისაზღვრება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსება კი, დაახლოებით, 3 მლნ ლარით იზრდება და 50 მლნ ლარი გახდება.

ამას გარდა, დაფინანსება ეზრდება მთავრობის კანცელარიას და ის 10 მლნ ლარი ხდება. ამასთან, გაზრდილი დაფინანსება დახვდება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და ის 9 მლნ ლარით განისაზღვრება. ცეესკო-ს საბიუჯეტო სახსრები კი, დაახლოებით 7 მლნ ლარით იზრდება და 54 მლნ 500 ათასი ლარი გახდება. საბიუჯეტო დაფინანსება დაახლოებით ერთი მლნ ლარით ეზრდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც და ლაშა თორდიას უწყების ბიუჯეტი 12 მლნ 250 ათასი ლარით განისაზღვრება.

საბიუჯეტო თანხების ზრდის პარალელურად, რამდენიმე უწყებას დაფინანსება უმცირდება. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 30 მლნ ლარით მცირდება და 25 მლნ ლარი იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 37 მლნ ლარით უმცირდება და 890 მლნ 985 ათასი ლარი იქნება. იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 21 მლნ ლარით მცირდება და 50 მლნ ლარი იქნება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 19 მლნ ლარით მცირდება და 155 მლნ ლარი იქნება. ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება კი, დაახლოებით 15 მლნ ლარით მცირდება და 103 მლნ 600 ათასი ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას დაფინანსება არც უმცირდება, არც ეზრდება და მათი ბიუჯეტი უცვლელი რჩება. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება - 25 მლნ ლარი იქნება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება - 2 მლნ 300 ათასი ლარი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის - 850 ათასი ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის - 1 მლნ 350 ათასი ლარი, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება - 100 მლნ ლარი იქნება, საგარეო უწყების - 80 მლნ ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - 80 მლნ ლარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 48 მლნ ლარი, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დაფინანსება კი, 1 მლნ 800 ათასი ლარი.

ამასთან, უცვლელი რჩება ძალოვანი უწყებების დაფინანსებაც. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება - 570 მლნ ლარით განისაზღვრება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი - 660 მლნ ლარით.

უნდა ითქვას, რომ 60 მლნ ლარიანი დაფინანსება უმცირდება პარლამენტს და ის 59 მლნ 531.7 ათასი ლარით განისაზღვრება, ამ ფონზე კი, საზოგადოებრივი მაუწყებელის ბიუჯეტი დაახლოებით 7 მლნ ლარით იზრდება და 38 მლნ ლარი იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ნახევრდება და ის 5 მლნ ლარი იქნება, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი ისევ 50 მლნ ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 24 მლნ ლრით მცირდება და 250 მლნ ლარით განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - 8 მილიარდ 748 მლნ 500 ათასი ლარით განისაზღვრება. მომავალი წლის ბიუჯეტს, დეპუტატები დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცებენ, თუმცა, მანამდე საბიუჯეტო დოკუმენტი შენიშვნებითურთ, მთავრობას უკან გადაეგზავნება.