დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არაბული ქვეყნების ლიგის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.
შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ სტუმრებს გააცნო სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის ფარგლებში არჩევნების პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. სტუმრები გაეცნენ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „არჩევნების პერიოდში უწყების მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციას“ რომელიც არჩევნების პერიოდში პოლიციელთა უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს განსაზღვრავს.
არაბული ქვეყნების ლიგა გეგმავს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოვლინებას და მიმდინარე ვიზიტის მიზანია წინასაარჩევნო ატმოსფეროს შეფასება.