წელს სიმინდის მოსავალი რეკორდული იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ტონა მოსავალს ელოდება. თუმცა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში განსხვავებული მდგომარეობაა. ლიხს იქეთ სიმინდის ფასიც მაღალია და უკმაყოფილოც არავინაა, ლიხს აქეთ კი მარცვლეულის ღირებულებას უჩივიან.
ის, რომ დასავლეთ საქართველოში სიმინდი ძვირი ღირს, ამას თავისი ახსნა აქვს. იქ სიმინდი ადგილობრივი მკვიდრთათვის უმთავრესი საკვები პროდუქტია (პურთან გათანაბრებული). აღმოსავლეთში კი სიმინდს მარტოოდენ ფრინველისა და პირუტყვის საკვებად იყენებენ, შესაბამისად, ამგვარი მიდგომა ფასზეც ახდენს გავლენას.
წლეულს საქართველოში დათესილი ფართობის მოცულობამ 174 ათასი ჰექტარი შეადგინა. მოსავალთან ერთად, სიმინდის ფასმაც მოიმატა. ამჟამად იმერეთსა და სამეგრელოში ფასი საკმაოდ მაღალია და 1 ფუთზე (16 კგ) 15 ლარს შეადგენს. ექსპერტთა ვარაუდით, მაღალ ფასს სიმინდი დაახლოებით წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.
ბოლო 2 წელი სიმინდისთვის უხვმოსავლიანია მსოფლიო მასშტაბითაც. წინასწარი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ სიმინდის წარმოება, წინა სეზონთან შედარებით, 25 მლნ ტონით, ანუ თითქმის 3%-ით გაიზრდება. ამასთან, სიმინდის ძალიან დიდი მოსავალს ელოდებიან აშშ-სა და უკრაინაში.
მიუხედავად იმისა, რომ სიმინდის ღირებულება გაიზარდა, სამომხმარებლო ბაზარზე სხვაობა მაინცდამაინც არ შეიმჩნევა. ამ ეტაპზეც 1 კგ სიმინდის ფქვილის ფასი 1,50-2 ლარის ფარგლებშია. ასევე იყიდება ის დედაქალაქის წისქვილებშიც.
არ არის გამორიცხული, უახლოეს თვეებში სიმინდი შედარებით გაიაფდეს. ამ მხრივ ცვლილებები სამომხმარებლო ბაზარზე ჯერ არ შეინიშნება, თუმცა შემოდგომასა და ზამთარში სიმინდის გაიაფება მოსალოდნელია. გლეხებს კი იმედი აქვთ, რომ სიმინდის ფასი მომავალშიც შენარჩუნდება.
„შარშან 1 ტონა სიმინდი მოვიწიეთ, წელს 2 ტონამდეა, მაგრამ პრობლემა იგივეა, რაც მანამდე იყო. ერთადერთი შეღავათი არის ის, რომ პირუტყვისა და შინაური ფრინველების გამოკვება წელს არ გაგვიჭირდება. შარშან სიმინდი იაფი იყო - 7 ლარზე მეტად არ გაყიდულა, შარშანწინ კი 15 ლარამდეც ღირდა. მაშინ მოსავალი არ იყო დიდი და მიზერული მარაგი სეზონის ბოლომდე არ გვეყო.
კარგი იქნება არსებული ფასი თუ შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ არის ჩვენ სურვილზე დამოკიდებული“, - ამბობს სენაკელი მიშა ცაგურია.
სიმინდის აღება კახეთში უკვე ორი კვირაა დაიწყო, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, აქ რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. მარცვლეულის ფასი ბოლო ოთხი -ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. მინდვრებიდან კილოგრამს ტრეიდერები 35 თეთრად იბარებენ მაშინ, როდესაც შარშან 45 თეთრი იყო. მიზეზი იაფფასიანი უკრაინული იმპორტია, რომელიც, ფერმერების მტკიცებით, უხარისხოა, მაგრამ ქართულ ბაზარზე ფასი მაინც იმის მიხედვით დგინდება.
„საქართველოში ისეთი სიმინდი შემოაქვთ, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ვერ გაიტანენ, დამტვრეულია, მაგრამ მყიდველი მაინც ჰყავს - ფერმებია, ხალხს ფრინველი ჰყავს, იაფად მიაქვთ“, - აცხადებს ზურა სულაძე, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, სართიჭალაში 200 ჰექტრამდე მიწაზე მარცვლეული მოჰყავს.
სიმინდის ექსპორტი საქართველოდან ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შვიდჯერ გაიზარდა და შარშან 7,7 მლნ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ექსპორტის ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც (12,5%-ით) და თითქმის, 9,5 მილიონ დოლარს მიაღწია. სიმინდი ექსპორტსა და რეექსპორტზე, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში - სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში გადის.
„ჯერ არ გამიგია, ვინმეს რეალიზაციის პრობლემა ჰქონდეს, უბრალოდ, ყველას უნდა, რომ იაფად იყიდოს. ფასები, როგორც წესი, ზამთარში იმატებს ხოლმე, მაგრამ დასაწყობებასა და შენახვას თავისი ხარჯი და რისკი აქვს. შარშან, მაგალითად, ივნისამდე ერთი კილოგრამი სიმინდი 45 თეთრი ღირდა, ყველამ თავიდან მოიშორა.ზაფხულში ფასმა უცებ 60 თეთრამდე მოიმატა, ბევრი კლიენტი გამოჩნდა, მაგრამ ვეღარ ვაწვიდიდით. წინასწარ ვერფერს გათვლი, ამიტომ, მირჩევნია, მარცვლეული პირდაპირ მინდვრიდან გავყიდო“, - აღნიშნავს ზურაბ სულაძე.