„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს გადასახადები შეამციროს, ახალი ეკონომიკური რეგულაციების შემოღებაზე უარი თქვას და ეკონომიკური ამნისტია გამოაცხადოს. ამ სამი ინიციატივის წარდგენით დასრულდა პარლამენტში პირველი პოლიტიკური დებატები, რომელიც შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის ფარგლებშიც, ახალი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს „ეკონომიკური ლეგენდა“ და „ეკონომიკური ზღაპარი“ უამბეს.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სტაბილურ ხასიათს იძენს და 2013 წლის პირველ ნახევარში, უცხოურმა ინვესტიციებმა ზრდის სახით, 458 მილიონი დოლარი შეადგინა. უმცირესობა კი, გაჩერებულ ეკონომიკაზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, შარშანდელმა შემოსავლებმა წლევანდელ შემოსავლებს გაასწრო.
უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მას წარსულიდან ბევრი რამ არ მოსწონს, მათ შორის, ის, რომ სამართალდამცველებისგან ბიზნესის დაცვა ვერ შეძლეს. მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გადასახადების დაწევაა და ბოლო რვა წლის განმავლობაში, რამოდენიმე გადასახადის გაუქმება მოხდა, რამაც ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა.
„აუცილებელია, ამ მიმართულებით სიარული გავარძელოთ. შემცირებული გადასახადი ნიშნავს მეტ თანხას ოჯახებში და მეტი ადამიანის დასაქმებას. ჯანსაღი ეკონომიკისთვის გადასახადების შემცირებას ალტერნატივა არ გააჩნია. მთავრობა ე.წ. დაუბეგრავ მინიმუმზე საუბრობს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საზოგადოება ამ მხრივ შვებას მარტამდე ვერ იგრძნობს. სამი ინიციაივით გამოვდივართ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას წინ წაწევს. კერძოდ, ერთობლივი ორგანო უნდა შეიქმნას, რომელიც ყველა ეკონომიკურ ინიციატივას საკანონმდებლო ინიციატივის სახეს მისცემს. ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, უნდა გრძნობდეს, რომ მას ახალ რეგულაციებზე პრობლემები არ შეექმნება. ამას გარდა, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და ეკონომიკური ამნისტია გამოცხადდეს. მართალი გითხრათ, წარსულიდან ბევრი რამ არ მომწონს, მათ შორის ის, რომ სამართალდამცველებისგან ბიზნესის დაცვა ვერ მოვახერხეთ. ეს არის ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკურ გარემოს უკეთეს გახდის. ეს ის ნაბიჯებია, რომელთა განხორციელება ბიზნესის განვითარებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა ბაქრაძემ გამოსვლისას, მთავრობას მოუწოდა მოსახლეობას 1000 ლარიანი ვაუჩერი დაურიგოს.
საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალური იდეების არათუ გაზიარებას აპირებს, არამედ წინა ხელისუფლებას წარსულს უხსენებს და ინტერესდება - წინა მთავრობის პირობებში, რატომ არ შემცირდა საშემოსავლო გადასახადები.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა სამჯერ გაიზარდა.
„რიცხვებით მანიპულირება და თამაში ხდებოდა. გადასახადების შემცირება 2007 წელს უნდა მომხდარიყო, მაგრამ რატომ არ მოხდა?! გასულ წლებში, ყოველწლიურად, ათასობით მოძრავი თუ უძრავი ქონება ჩუქების ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიოდა და 9 700 შემთხვევას აქვს ადგილი, როცა ღამის საათებში, კერძო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაფორმდა.
ახალი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოსთვის კერძო საკუთრების იძულებით ჩუქების პრაქტიკა აღმოიფხვრა. დღეის მდგომარეობით, ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავთ, როცა კერძო პირის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადავიდა“, - აღნიშნავს ოპოზიციის საპასუხოდ ტყემალაძე, რომლის ინფორმაციითაც, 2013 წლის პირველ ნახევარში უცხოურმა ინვესტიციებმა ზრდის სახით 458 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
დეპუტატის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სტაბილურ ხასიათს იძენს, რაც სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევის გარეშე ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნის შედეგად მიიღწევა.
„2013 წლის პირველ ნახევარში ზრდის სახით უცხოურმა ინვესტიციებმა 458 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი 23,6 პროცენტი ენერგეტიკის სექტორზე მოდის, საფინანსო სექტორზე - 17 პროცენტი, გადამამუშაველებელ მრეწველობაზე - 15 პროცენტი, ტრანსპორტზე 4 პროცენტი და 12,6 პროცენტი კავშირგაბმულობაზე. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 232 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12 პროცენტით აღემატება. 2012 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 911 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-ში 5,8% შეადგინა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი შემცირდა და ექსპორტი 14 პროცენტით გაიზარდა“, - განმარტავს დეპუტატი.
კანონმდებელის ცნობით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 126 ქვეყნით განისაზღვრა, საიდანაც დადებითი სავაჭრო ბალანსი 33 ქვეყანასთან დაფიქსირდა, რაც ერთი ერთეულით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
გამოსვლისას, ზურაბ ტყემალაძემ ყურადღება რუსულ ბაზარზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,3 პროცენტით გაიზარდა და 426 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ნაციონალებთან პაექრობა არ ისურვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა და მათ წარსული გაუხსენა.
„წინა ხელისუფლების დროს, როცა პოლიტიკოსების შვილების პირველი ღამის გადაღება ხდებოდა, მათ რაზე უნდა ელაპარაკო?! პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო არსებობდა, რადგან ხელისუფლება ამ საქმით იყო დაკავებული. ცოტა სირცხვილია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს, რადგან თქვენი ხელისუფლების პერიოდში, ათასობით ადამიანი უმუშევარი იყო“, - მიმართა უმცირესობას ძიძიგურმა, რომლის კრიტიკასაც ისევ ნაციონალთა შეფასებები მოჰყვა.
პავლე კუბლაშვილის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკა გაჩერებულია და ამის მიზეზი ის გადაწყვეტილებებია, რომელიც მთავრობამ მიიღო.
მისი თქმით, ფინანსთა მინისტრმა საქმიანობა იმით დაიწყო, რომ უარი თქვეს გადასახადების შემცირებაზე და მათ ის გადაწყვეტილება გააუქმეს, რომელიც უკვე „საგადასახადო კოდექსში“ იყო და რომელიც ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადის დაწევას ჯერ 18 პროცენტამდე, შემდეგ კი 15 პროცენტამდე.
„ეს არის ის, რამაც ინვესტორებისთვის გაურკვევლობა წარმოშვა - თუ რა გზას ადგას დღევანდელი მთავრობა. ის მექანიზმი, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას შესთავაზა - დაუბეგრავობის მექანიზმი, აბსოლუტურად გაურკვეველი დარჩა. საზოგადოებაში ვინ იგრძო საკუთარ თავზე ის შეღავათი, რომელიც თქვენ მიიღეთ?! გაისად, კიდევ უფრო რთული ვითარება გველოდება. არასწორი გადაწყვეტილება იყო, რომ გადასახადები გაიზარდა - სიგარეტზე, მინერალურ წყალზე და ეს ჩვენს საინვესტიციო გარემოს აუარესებს. ამას გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით, გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღეთ და როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იგივე ტონალობაში საუბარს დაიწყებს. ინვესტორებს განცდა უჩნდებათ, რომ არავის არ აქვს ხედვა - თუ რა გზით მიდის ქვეყანა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
ზურაბ მელიქიშვილმა გამოსვლისას ყურადღება საბიუჯეტო პარამეტრებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 2013 წლის ცხრა თვეში ბიუჯეტში საგადასახდო შემოსავალი 38 მილიონით ნაკლებია, გასული წლის იგივე პერიოდზე.
მისი თქმით, თავდაპირველი გეგმით, ცხრა თვეში ბიუჯეტში საგადასახდო კუთხით 5 მილიარდ 66 მილიონი ლარი უნდა შესულიყო. უკვე შეცვლილი გეგმით კი, სადაც ძირითადი დარტყმა ბოლო თვეებზე გადმოიტანეს, 4 მილიარდ 789 მილიონი უნდა შევიდეს.
„სინადვილეში შემოსავალმა 4 მიალიარდ 581 მილიონი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში დანაკლისმა 485 მილიონი ლარი შეადგინა და შესწორებული გეგმის მიხედვით, 207 მილიონი ლარია“, - დასძინა მელიქიშვილმა.
პოლიტიკური დებატების ფორმატში, უმცირესობის წევრებმა „ეკონომიკურ ლეგენდასა“ და „ეკონომიკურ ზღაპარზეც“ ისაუბრეს.
გოკა გაბაშვილის შეფასებით, ეკონომიკური ლეგენდაა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი რუსეთის ბაზრის გახსნაა.
„მინდა, ერთ-ერთ ეკონომიკურ ლეგენდაზე გესაუბროთ. ლეგენდაზე, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა არის გადამრჩენელი და გადამწყვეტი საქართველოს ეკონომიკისთვის. ლეგენდაზე, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. არ მეგულება არცერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთის მხრიდან ცალმხრივად შემოღებული ემბარგო არის კარგი. მთავრობამ ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეს ემბარგო გაუქმდეს, მაგრამ შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში - არის თუ არა ეს ემბარგო რუსეთის ხელში ის ინსტრუმენტი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას მოახდენს საქრთველოს ეკონომიკაზე?! უჭირავს თუ არ რუსეთს ის ბერკეტი, რომლის გამოც ძალიან ბევრი რამ უნდა დავთმოთ - ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ღირს კი ამ ემბარგოს მოხსნა იმად, რომ დღეს ვისაუბროთ ევრაზიულ კავშირზე, დავაბნიოთ ყველა ჩვენი მეგობარი, გამოვუშვათ რუსეთის ჯაშუშები, გავაუქმოთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, შევასუსტოთ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და ვთქვათ, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში?! ასევე ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებაზე პრიმაკოვის აგარაკზე ბაასით? - მეგობრებო, ეს ნამდვილად არ ღირს“, - განაცხადა გაბაშვილმა, რომლის პოლიტიკური გუნდიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა.
დავით ონოფრიშვილის შეფასებით, მთელ მსოფლიოში ქონებას შვილებსა და შვილიშვილებს ჩუქნიან, საქართველოში კი სახელმწიფოს ჩუქნიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ეს ტრადიცია საქართველოში დასრულდა. 2013 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ეკონომიკის დაღმასვლა შარშან დაიწყო. ეკონომიკის დაღმასვლა იმიტომ იყო დაწყებული, რომ ბიზნესი იყო დატერორებული, წინასწარ იყო გადახდილი თანხები. მთელ მსოფლიოში, მამა და ბაბუა, როგორც წესი შვილსა და ოჯახს ჩუქნის საკუთარ ქონებას, მაგრამ საქართველოში საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ. წელს ასეთი ჩუქების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული ეს ტრადიცია დამთავრდა. ჩვენ იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, რომელიც უსამართლობითა და სისასტიკით იყო გაჟღენთილი, რომ მართლაც რთული აღმოჩნდა გამკლავება. ჩვენ შეგვრჩა ეკონომიკა ვითომ მაღალი პარამეტრებით, მაგრამ სინამდვილეში იყო გამოშიგნული, რაც ჩვენი მოსახლეობის უკიდურეს გაღატაკებას მოიცავდა. წინა ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობდა ეკონომიკურ ზრდაზე, გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე, უცხოურ ინვესტიცებზე, სინამდვილეში კი რეალობა სხვა იყო“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
პოლიტიკური დებატების ფორმატში, კიდევ ბევრი სხვა დეპუტატი გამოვიდა. მათ შორის იყო, მიხეილ მაჭავარიანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ზღაპარი იყო თითქოს, ჩვენი ქვეყანა ვალებით ცხოვრობდა“.
მისი თქმით, ამ მთავრობას ერთადერთი ზრდა ტურიზმის სექტორში აქვს.
აღნიშნული დეპუტატების გარდა, პარლამენტში დღეს, კიდევ ბევრი დეპუტატი გამოვიდა და მათ ეკონომიკურ მიღწევებსა და ჩავარდნებზე ისაუბრეს, თუმცა, „კრება დარჩა მხიარული“, რადგან საზოგადოებას ნაციონალების „ეკონომიკური აყვავებაც“ ახსოვს და „ოცნების“ „ეკონომიკურ გაფურჩქვნასაც“ ხედავს.