სწავლება „ეგრისი 2013“ დასრულდა

სწავლება „ეგრისი 2013“ დასრულდა

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონისა და II საარტილერიო ბრიგადის მონაწილეობით ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება „ეგრისი 2013“ დასრულდა. საჩვენებელი საველე წვრთნა დღეს, ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.

სწავლება ოცეულების დონეზე ქვედანაყოფების მომზადებას ისახავდა მიზნად. საჩვენებელ სწავლებაში ქვეითებმა საარტილერიო და სატანკო მხარდაჭერით ისარგებლეს და მოწინააღმდეგის შეკავების ამოცანა შეასრულეს. სწავლების სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგის შეკავების ამოცანაში 22-ე ბატალიონის ასეულები თანამიმდევრობით ჩაერთვნენ და საკუთარი პოზიციებიდან სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით სამიზნეები გაანადგურეს. სწავლებაში II საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო საშუალებები და „დანა“ დივიზიონის ოცეულიც იყო ჩართული.

სწავლების დასკვნით ფაზაზე კი წვრთნები სატანკო დანაყოფის მხარდაჭერით გაგრძელდა.

საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. „კიდევ ერთი საკმაოდ მასშტაბური სწავლება დასრულდა. ეს იყო გეგმიური წვრთნა. ამოცანა, რაც დასმული იყო, შესრულდა. იყო შენიშვნები, არის ხარვეზებიც, რის გამოსავლენადაც ტარდება სწორედ ასეთი სწავლებები. ხაზგასასმელია, რომ აქ მოსვლამდე სამხედროებმა ძალიან დიდი დრო დაუთმეს სიმულატორებზე სხვადასხვა სისტემის შეიარაღების ათვისებას, რამაც მათ საშუალება მისცა ნაკლები ხარჯითა და მეტი ეფექტურობით განეხორციელებინათ აღნიშნული სწავლება“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.
დღევანდელი საჩვენებელი სწავლებით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ორ კვირიანი გეგმიური მომზადება „ეგრისი 2013“ დასრულდა.