„პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კოაბიტაცია მაინცდამაინც არ გამოვიდა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მრჩეველმა სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა. ფაქტია, რომ ამ შეფასებაში ახალი არაფერი თქმულა და თავის დროზე ქართული საზოგადოება განაწყენებულიც კი დარჩა, როცა მას თავს მოახვიეს ნაციონალებთან თანაარსებობის მკვდრადშობილი იდეა.
საქართველო არ არის საფრანგეთი, სადაც სხვადასხვა პარტიის კუთვნილების მიუხედავად, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შესანიშნავად თანაარსებობენ და იქ კოაბიტაცია სულაც არ უტოლდება კანონისმიერი პასუხისმგებლობის არიდებას. ამიტომ ასეთი კოაბიტაცია ფრანგი ნაციისთვის შეურაცმხყოფელად არ აღიქმება.
თუ რატომ არ გამოვიდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კოაბიტაცია, ჰამერბერგის აზრით, ამაში ლომის წილი მათ პირად დაძაბულ ურთიერთობას აქვს. კერძოდ, „ისინი ძალიან განსხვავებული პიროვნებები არიან, განსხვავებული ბეგრაუნდებით“.
თუმცა ჰამერბერგი კმაყოფილია, რომ პარლამენტში კოაბიტაცია მეტ-ნაკლებად შედგა და, პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, პარლამენტმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, მან მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონები, მათ შორის, შრომის კოდექსი, ცვლილებები კონსტიტუციაში და სხვა.
კოაბიტაციის წლისთავზე მსგავს შეფასებას, რომ - კოაბიტაცია საქართველოში არ შედგა, სავარაუდოდ, სხვა დასავლელი ექსპერტებიც გააკეთებენ. ამ ფონზე საინტერესოა, თუკი მაინც ასეთი შეფასებები გაკეთდებოდა დასავლელი ექსპერტების მხრიდან, რაღა ფასი ჰქონდა ასეთ კოაბიტაციას?! რას ელოდა დასავლეთი, როცა ამ პოლიტიკური ურთიერთობისკენ უბიძგებდა საქართველოს?! ამის შესახებ For.ge ექსპერებს ესაუბრა.
ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ არ შეიძლებოდა, საქართველოში იმ გაგებით მომხდარიყო კოაბიტაცია, რა გაგებითაც ეს სურდა, ენახა დასავლეთის ზოგიერთ პარტნიორს. მით უფრო, რომ ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად, კოაბიტაციური ურთიერთობა ვერანაირად ვერ იჯდა დღის წესრიგში და ეს იყო იძულებითი მდგომარეობა, რომელიც როგორც შიდა პოლიტიკოსებმა, ისე სხვადასხვა საგარეო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თუ პოლიტიკოსებმა თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას, რამაც ხალხის აღშფოთება დაიმსახურა.
„რას ელოდნენ, რომ მაინცდამაინც პრემიერსა და პრეზიდენტს ერთად უნდა ევლოთ რესტორნებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე?! ჩვენთან კოაბიტაციაზე კი არა, სამართლიანობის აღდგენაზე უნდა ეფიქრათ, რათა ყველა კითხვას პასუხი გასცემოდა მართლმსაჯულების მხრიდან და ხალხი არ აეღელვებინათ და არ დაეპირისპირებინათ. ამ კოაბიტაციამ უფრო მეტი აგრესია გააჩინა ერთმანეთის მიმართ, რადგან არ მოხდა დამნაშავეების გასამართლება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი მძიმე დანაშაული უკავშირდებოდა, რასაც ჟურნალისტური გამოძიებები და პროკურატურაში შეტანილი უამრავი განცხადება ადასტურებს“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
ასევე, ექსპერტს აინტერესებს, ასეთ ვითარებაში დასავლეთი რატომ არ ითხოვს მართლმსაჯულების განხორციელებას და რატომ ითხოვს პოლიტიკურ თანამშრომლობას?! ამდენად, როდესაც ასეთ იძულებით კოაბიტაციურ პროცესებზე საუბრობენ, მას ბევრი კითხვა უჩნდება დასავლეთთან მიმართებითაც.
კახიშვილის თქმით, თუკი დასავლეთის მხრიდან ასეთი შეფასებები გაგრძელდება, რომ კოაბიტაცია არ შედგა, ეს არაფერს შეცვლის. ფაქტია, რომ თავის დროზეც მოსახლეობის 80% სხვანაირად აფასებდა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის სტილს, თუმცა დასავლეთის რამდენიმე პოლიტიკოსმა იგი სუპერდემოკრატიულ მმართველობად შერაცხა. ამიტომ კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ მანამ არ დალაგდება ქვეყანა, სანამ პოლიტიკოსები ორიენტირებულნი იქნებიან, თუ რა ესიამოვნება დასავლეთს.
„სამწუხაროდ, დღეს ვართ ისეთ ვითარებაში, როცა საქართველოს პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი ორიენტირებულია პიარზე და ელიან, დასავლეთის რომელი ექსპერტი, რომელი რუსი პოლიტიკოსი შეაქებს. მათ არ აინტერესებთ საქართველოს მოსახლეობის შეფასება“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, თუ თომას ჰამერბერგის სიტყვებს მის პირად ნააზრევად ჩავთვლით, მაშინ სხვა რეაქცია უნდა გვქონდეს, ხოლო, თუ მივიჩნევთ, რომ ამ განცხადებაში მაინც ანგარიშია გაწეული იმისთვის, რომ საჯაროა ეს განცხადება და საზოგადოების ემოციებს ითვალისწინებს მისი ავტორი, მაშინ რეაქცია სულ სხვა უნდა იყოს.
მისი თქმით, პრემიერისა და პრეზიდენტის კოაბიტაცია რომ ვერ გამოვიდა, ამას დიდი განსჯა არ სჭირდებოდა და ეს დახუჭული თვალებითაც ჩანდა, მაგრამ მიზეზად პიროვნული შეუთავსებლობის დასახელება (და არა -სამართლიანობის თემა) რამაზ საყვარელიძეს აფიქრებინებს, რომ მწვავე საკითხებს ჰამერბერგმა თავი აარიდა.
„ვერ დავიჯერებ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანთა უფლებების ასეთმა ცნობილმა დამცველმა -თომას ჰამერბერგმა ვერ შეამჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არაერთი ადამიანის უფლება დაურღვევია. ამიტომ მასთან კოაბიტაცია შეუთავსებელია. ცხადია, ჰამერბერგი ამ ფაქტს სხვანაირ შეფასებას ვერ მისცემდა. ამიტომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კოაბიტაციის არარსებობას ისეთი ახსნა მოუძებნა, რაც ნაკლებ გაოცებას გამოიწვევდა დასავლურ და ქართულ აუდიტორიაში. მე მგონი, ეს განცხადება უფრო დასავლეთისკენაა მიმართული და რეალობის უარყოფა უნდათ, თუ რატომ არ შედგა კოაბიტაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის“, -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ღირდა თუ არა ასეთი ნაძალადევი კოაბიტაცია, რომელსაც დასავლეთისგან მაინც უარყოფითი შეფასება მოჰყვებოდა, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დასავლეთზე დგას საქართველო ეკონომიკური, პოლიტიკური მხარდაჭერის, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამიტომ, სავარაუდოდ, კოაბიტაციის გარეშე დასავლეთთან პრობლემა გაგვიმწვავდებოდა და ასარჩევი ბევრი არაფერი იყო.
სწორედ ამით აიხსნება, რომ შემოთავაზებული კოაბიტაცია მივიღეთ. თუმცა პოლიტიკურმა რეალობამ და ხალხის განწყობამ მაინც თავისი გაიტანა და ის იდილია, რასაც დასავლეთი ითხოვდა, არ დამყარდა, ამის მიუხედავად, არც ხელჩართულ ბრძოლამდე მისულან მხარეები.
„ასე რომ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხალხის განწყობა და დასავლეთის მოთხოვნაც. რასაც ჰქვია მწვადი და შამფური -ორივე გადარჩა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კოაბიტაცია მართლაც არ შედგა. თუმცა ის ფაქტი, რომ პარლამენტში კოაბიტაცია შედგა, იმის დამსახურებაა, რომ პიროვნულად ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ორ ადამიანს-დავით უსუფაშვილსა და დავით ბაქრაძეს, რადგან ორივენი ძალიან კონსტრუქციულად მუშაობენ და ერთმანეთში არანაირი მტრობა და ანტიპათია არ აქვთ, განსხვავებით, ივანიშვილისა და სააკაშვილისგან.
„მე მგონია, დასავლეთი ამ კოაბიტაციით ელოდა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი დაძლევდნენ ერთმანეთთან პირად მტრობას და ერთად წარმოაჩენდნენ საქართველოს ბრიუსელში, ნატოსთან, ევროკავშირთან მიმართებით და, ალბათ, ამ მიზნით მაინც გაერთიანდებოდნენ, რაც არ მოხდა. გეთანხმებით, რომ ეს საქართველოა და არა - საფრანგეთი, მაგრამ, ეტყობა, დასავლეთი ამას მაინც ელოდა“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.
აქვე კონტრშეკითხვით მოგვმართა- თუკი კოაბიტაცია არ შედგებოდა, მაშინ სხვა ალტერნატივა რა იყო - დაეხოცათ, დაეხვრიტათ, ჩამოეხრჩოთ ერთმანეთი?! ასე რომ, მისი აზრით, კობიტაციის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.