ბიზნესი „სადეკრეტო ცვლილებებს“ ეწინააღმდეგება

ბიზნესი „სადეკრეტო ცვლილებებს“ ეწინააღმდეგება

შრომის კოდექსში მორიგი ცვლილებები შედის. საქმე დეკრეტულ შვებულებების ვადას და ანაზღაურებას ეხება. ბიზნესმენებსა და სპეციალისტებს შორის, ახალმა ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია.

ჯანდაცვის კომიტეტმა შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, დეკრეტული შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება. აქედან 126 დღის ნაცვლად, ანაზღაურებადი 183 კალენდარული დღე ხდება, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 140 დღის ნაცვლად, 200 დღე.

რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობას, თუკი სადღეისოდ 126 დღე 600 ლარამდე ანაზღაურდება, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 183 კალენდარული დღე 1000 ლარამდე ოდენობით იქნება ანაზღაურებული.

გაერთიანებული პროფკავშირები შრომის კოდექსში შეტანილ ამ ცვლილების მხოლოდ ერთ ნაწილს მიესალმება, ანაზღაურების გაზრდის ნაწილში კი, როგორც პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი აცხადებს, ორგანიზაცია კრიტიკულია:

„კარგია, რომ პარლამენტმა თავად დაიწყო ქალთა საკითხებზე ფიქრი, მაგრამ ცვლილებებს ბოლომდე ვერ მოვიწონებთ. ის, რომ 600 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა ანაზღაურება, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მოდით, დავთვალოთ რამდენი იყო ოთხ თვეზე 600 ლარი და რამდენი იქნება ექვს თვეზე 1000 ლარი. მარტივი არითმეტიკით შეიძლება გამოვთვალოთ, რომ 15 ლარით იზრდება, რაც არაფრის მომცემია“, - ამბობს მათურელი.

მისი თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს პროფკავშირის ქალთა ორგანიზაციასთან ამ საკითხებზე კონსულტაცია არ გაუმართავს, არადა ორგანიზაციას, რომელიც წლებია ამ საკითხზე მუშაობს, კანონთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდა.

„რატომ არის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ქალებისათვის სხვა კანონია, არასაჯარო სექტორში დასაქმებულთათვის კი სხვა, მაშინ, როცა საშემოსავლო გადასახადს, 20%-ს, ყველა ერთნაირად იხდის? ამას გარდა, უამრავი სხვა საკითხია, რაზეც დისკუსია უნდა გაგრძელდეს. შრომის კოდექსი არანაირ შეღავათს არ აწესებს მარტოხელა დედებისათვის. ეს კი არა, ქვეყანაში იმის განსაზღვრებაც არ არსებობს თუ ვინ არის მარტოხელა დედა, არ არსებობს შეღავათები მრავალშვილიანი დედებისათვის და ა.შ.“ - აღნიშნავს მათურელი.

ახალი ინიციატივის გაჩენასთან ერთად, წარმოიშვა მოსაზრება, რომ ორგანიზაცია-დაწესებულებებში ქალების დასაქმებისგან თავს შეიკავებენ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია. იგი საბანკო სექტორში დასაქმებული ქალების რაოდენობის შემცირებას გამორიცხავს.

„საბანკო სექტორში დასაქმებული ქალების წილი საკმაოდ მაღალია და თუ დამსაქმებლები ქალების აყვანისგან თავს შეიკავებენ, ეს მხოლოდ დისკრიმინაციული მიდგომა იქნება, თანაც იმ ფონზე, როდესაც ბანკებისთვის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილება დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება“, - აღნიშნა გვასალიამ.

მისი თქმით, ბანკებს ზოგიერთ სამუშაო ადგილზე მხოლოდ ქალები ჰყავთ დასაქმებული და ბანკი ამ კადრებზე უარს ვერ იტყვის. ესენი არიან მოლარე-ოპერატორები, რომელთა შორის 99% სწორედ ქალები არიან.

სრულიად საპირისპიროს ამბობს კომპანია „პე-ეს-პეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ ინვესტორებისთვის დეკრეტული შვებულების გაზრდა გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული და ბიზნესმენები ქალების დასაქმებისგან თავს შეიკავებენ.

„აღნიშნულ ცვლილებას მხარს ვერ დავუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონებს დიდ პატივს ვცემ“, - აცხადებს ოქრიაშვილი, რომლის აზრითაც არსებული 477-დღიანი დეკრეტული შვებულება სავსებით საკმარისია.